თქვენ აქ ხართ

მულტიმედია პროექტი “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” წარმოგიდგენთ 12 აქტიურ ახალგაზრდას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელსაც სჯერა გენდერული თანასწორობის, სურს მოახდინოს ცვლილებები საკუთარ თემში და ხელი შეუწყოს ჯანსაღი გარემოს შექმნას მომავალი თაობებისთვის. 

საბა ტალახაძე, 17 წლის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი პირველი სვირი

ადრე გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, მქონდა რაღაც ინფორმაცია, მაგრამ საზოგადოებაში, როცა საკითხი ეხებოდა გენდერულ თანასწორობას, ძალიან ვიყავი დათრგუნული და ხმას ვერ ვიღებდი რაღაც სტერეოტიპებიდან გამომდინარე. ინიციატივამ “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” ისეთი ძვრები გამოიწვია ჩემში, რომ ეს ყველაფერი დავძლიე და ახლა არც არანაირ სტერეოტიპის და არავის აზრის არ მეშინია, ჩემს აზრს ვაფიქსირებ ღიად და საჯაროდ, როგორც მინდა და სადაც მინდა, ოღონდ თემატურად, რაღა თქმა უნდა. თავიდან ეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მომწონდა ეს ქაოსი, ეს აქტიური ცხოვრება, რომ ყველგან ვიყავით და ყველაფერს ორგანიზებას ვუკეთებდით, გვქონდა იმხელა შესაძლებლობა და იმხელა შანსი, რომ ჩვენ თვითონ გაგვეკეთებინა ყველაფერი, ამიტომ ავდექი და შემოვიკრიბე იმხელა სამეგობრო წრე, რომ არაფრის აღარ გვეშინია. ხშირად მერიაში ვართ და ჩვენს მოსაზრებებსა და იდეებს ვთავაზობთ და ისინიც, როგორც შეუძ₾იათ, ყველანაირად გვერდში გვიდგანან და ცდილობენ ჩვენი იდეების რეალიზება მოახდინონ. ბევრმა არ იცის რომ ზესტაფონის ახალგაზრდული საბჭო არის შექმნილი, რომ ასეთი საინტერესო ტრენინგები ტარდება, ამიტომ გვინდა რომ ეს ყველაფერი გავზარდოთ და ახალგაზრდული სივრცე იყოს მთლიანად ზესტაფონში. ამას სჭირდება, ძალიან დიდი ადგილი, დრო და ენერგია. ამ ყველაფრის თვის პირველი რაც უნდა გაკეთდეს ეს არის სივრცე და ამ სივრცეს შემდეგში როცა დაინახავენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, შეეძლებათ, რომ ჩვენთან მოვიდნენ, შემოგვთავაზონ იდეები და ჩვენც მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ, რომ ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა პროექტებში, არ იყვნენ მოდუნებულები და იყვნენ აქტიურები. თავისუფალ დროს ისევ და ისევ იდეების მოფიქრებას ვუთმობ, სხვადასხვა იდეების ერთმანეთთან გაკავშირებას. მინდა რომ გავხდე ჟურნალისტი, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ მაქვს. მათი ქაოსური და მასშტაბური პროფესია მომწონს, ძალიან აქტიურები, რომ არიან, ის, რომ ყველა იცნობს, ის, რომ ყველგან არიან. ყველანაირად ვეცდები, რომ აქ დავბრუნდე და ჩემს მუნიციპალიტეტს მივხედო, არაფორმალური განათლების და ასევე ფორმალური განათლების კუთხით რაღაც ცვლილებები შევიტანო. ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ ყველანაირად გამოიყენონ თავიანთი რესურსი და რაღაც სისულელეებში და უაზრობებში არ დახარჯონ ენერგია. მე მაგალითად ადრე არ მქონდა წარმოდგენა, რომ ვიქნებოდი რაღაცის ლიდერი, მაგრამ აღმოვაჩინე ეს ჩამალული თვისება ჩემს თავში და ახლა ვარ 45 კაციანი გუნდის ლიდერი, რაც დიდი გამოცდილება და პასუხისმგებლობაა ჩემთვის. კიდევ ვურჩევდი იმას, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი ასაკი, რათა შემდეგში მოახდინონ თავიანთი თავის რეალიზება. 
 

“ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, გენდერული ნიშნით სტერეოტიპების და მანკიერი სოციალური ნორმების აღმოფხვრას ითვალისწინებს. 

ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შემდეგი პროგრამების ფარგლებში: “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” (ქვემო ქართლი), “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ (სამცხე-ჯავახეთი) და „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (გურია და იმერეთი). 

ავტორების შესახებ:

დინა ოგანოვა არის ქართველი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გრძელვადიან პროექტებზე მუშაობს. იგი არაერთხელ გახდა პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი, მათ შორის, ევროკავშირის პრიზის მფლობელი ჟურნალისტიკაში და პრემია „ლიტერას“ ლაურეატი. დინა ოგანოვა დასახელებულია 30 წლამდე ასაკის საუკეთესო ქალ ფოტოგრაფებს შორის. მისი ფოტოპროექტებს განეკუთვნება: „მე ვარ საქართველო“, „ჩემი სივრცე”, „გაყინული ტალღები”. დინა ოგანოვას ნამუშევრების გამოფენები გაიმართა იტალიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში. დინა ოგანოვა არის პირველი ქართული ხელნაკეთი ფოტოწიგნის „ჩემი სივრცე“ ავტორი, რომელიც ინახება სხვადასხვა მუზეუმის, მათ შორის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის კოლექციაში. დინა ოგანოვა 2016 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა ისეთი პროექტები, როგორიცაა: „გოგონა დაიბადა“ („ჩუმი ბაღი“), „გოგონები მომავლიდან“, „დედები და ქალიშვილები” და ა.შ. ქალებისა და გოგოების უფლებები მისი შემოქმედების წამყვან თემად რჩება.

თათია ნადარეიშვილი არის ქართველი ილუსტრატორი, სტუდია “ილუსტრატორის” თანადამფუძნებელი (2016), რომელიც წერს და ილუსტრაციებს ამზადებს საბავშვო წიგნებისთვის მისი ერთ-ერთი წიგნი “ძილი ნებისა” 2017 წელს გამოქვეყნდა და რამდენიმე ენაზე ითარგმნა. თათია ნადარეიშვილი 2018 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, 2020 წელს მან ილუსტრაციები მოამზადა საბავშვო წიგნისთვის “ლუნა და ციცინათელების პლანეტა”, რომელიც ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი წიგნია და რომლის მიხედვითაც მალე საბავშვო სპექტაკლიც დაიდგმება.