Go Back Go Back
Go Back Go Back

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე: ნატალი ბუკია

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე: ნატალი ბუკია

News

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე: ნატალი ბუკია

calendar_today 04 August 2022

ნატალი ბუკია, 23 წლის, თბილისი
ფოტო: დინა ოგანოვა & ილუსტრაცია: ფორსეტი | UNFPA

მულტიმედია პროექტი “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” წარმოგიდგენთ 12 აქტიურ ახალგაზრდას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელსაც სჯერა გენდერული თანასწორობის, სურს მოახდინოს ცვლილებები საკუთარ თემში და ხელი შეუწყოს ჯანსაღი გარემოს შექმნას მომავალი თაობებისთვის. 

ნატალი ბუკია, 23 წლის, თბილისი

როცა პირველად დავუსვი საკუთარ თავს კითხვა, ვინ ვიქნებოდი ეტლის გარეშე, პასუხი საერთოდაც არ მომეწონა. პირიქით, გავბრაზდი კიდევაც რომ საკუთარ თავს ეს ვკითხე და საერთოდაც აღარ წარმოვიდგენ, როგორი ცხოვრება მექნებოდა, მთლიანად იმაზე ვარ ორიენტირებული, როგორი შეიძლება მქონდეს მომავალში. ვფიქრობ, რომ ამ შინაგანმა თუ გარე ბრძოლებმა, რაც მოსდევს ბორბლებთან ერთად ცხოვრებას, შემქმნეს ისეთად, როგორიც ვარ, მასწავლეს საკუთარი თავის სიყვარული და გარშემყოფებისაც, რადგან, როცა უცხოდ მიგიჩნევენ, სწავლობ თუ მაინც როგორ უნდა გიყვარდეს ისინი და როგორ არ გაბრაზდე მათზე. რაც მთავარია, მივხვდი, რომ მარტივად დანებება არ მომწონს და ამასთანავე, ისიც მასწავლა, რომ ბორბლებთან ერთად მარტივი არაფერია, მითუმეტეს საქართველოში, სადაც ყველგან კიბე ან გამოშვერილი თითი გხვდება. დღეს რისთვისაც ვიბრძვი და რისი მიღწევაც მინდა, ყველაფერი იმ პატარა გოგოს ოცნებებია, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან პატარას, თანატოლებმა ჰკითხეს - ეზოში ჩვენთან ერთად რატომ არ თამაშობ ან ეგრე რატომ დადიხარო. თუმცა აქამდე რთული გზა გამოვიარე, სადაც ყოველჯერზე მიწევდა იმის დამტკიცება, რომ სწავლისა და ჩემი აზრის გამოთქმის უფლება მაქვს, რადგან, როცა ეტლში ხარ, ჰგონიათ, რომ შენს მაგივრად ყოველთვის სხვამ უნდა ილაპარაკოს. მინდა იმ პატარა გოგონებს, რომლებსაც თავიანთ საწოლებთან ყოველ დილით ეტლის დანახვა აშინებთ, ჩემი ისტორია დავუტოვო და მოვუყვე, რომ ეს გრძნობა ბუნებრივია, რომ ამგვარი შეგრძნება ყოველდილით ექნებათ, მთავარია მასთან ერთად ცხოვრება ისწავლონ, ყოველდღე გამოპრანჭულები და ლამაზადგამოწყობილნი თავიანთი ოცნებების ასასრულებლად გაემართონ სკოლისკენ, უნივერსიტეტისკენ, სამსახურისკენ და საკუთარი თავისთვის იბრძოლონ. ვიცი, რამდენად რთულია ამ ყველაფერს მიაღწიო, რადგან არცერთ ამ დაწესებულებაში თავიდან არ მიაჩნიათ, რომ იქ შენი ადგილია, ისიც კი რთულია, რომ ამ შენობებამდე მიაღწიო, გზად უამრავი კიბე და მზერა უნდა გადალახო, შემდეგ კი ყოველდღიურად დაამტკიცო რომ იმსახურებ იქ ყოფნას. ამიტომაც ერთადერთ მიზნად და ოცნებად მრჩება, რომ ის ისტორია, რომელსაც მათთვის შევქმნი და რომელშიც მოვუყვები, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ ადგილას წაიკითხონ, ადაპტირებულ ბიბლიოთეკაში, სკოლაში, სკვერში, უნივერსიტეტში, ავტობუსში, თავიანთ სახლებში ან უბრალოდ ქუჩაში სეირნობისას, მთავარია აქ ჩამოთვლილ ადგილებში თავისით, დამოუკიდებლად, ყველას დახმარების გარეშე მივიდნენ და არც ის გაუკვირდეს ვინმეს, თუ წიგნით ხელში დაინახავენ, როგორ თუ კითხულობენო. მე სწორედ ლიტერატურამ და არარეალურ სამყაროში მოგზაურობამ მომცა იმის ძალა და სურვილი, რომ უკეთესი, უსაზღვრო შესაძლებლობების სამყარო დამენახა და ასეთის შექმნაზე მეოცნება, სამყაროზე, სადაც ყველას შეუძლია იყოს ის, ვინც სურს.

“ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, გენდერული ნიშნით სტერეოტიპების და მანკიერი სოციალური ნორმების აღმოფხვრას ითვალისწინებს. 

ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შემდეგი პროგრამების ფარგლებში: “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” (ქვემო ქართლი), “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ (სამცხე-ჯავახეთი) და „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (გურია და იმერეთი). 

ავტორების შესახებ:

დინა ოგანოვა არის ქართველი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გრძელვადიან პროექტებზე მუშაობს. იგი არაერთხელ გახდა პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი, მათ შორის, ევროკავშირის პრიზის მფლობელი ჟურნალისტიკაში და პრემია „ლიტერას“ ლაურეატი. დინა ოგანოვა დასახელებულია 30 წლამდე ასაკის საუკეთესო ქალ ფოტოგრაფებს შორის. მისი ფოტოპროექტებს განეკუთვნება: „მე ვარ საქართველო“, „ჩემი სივრცე”, „გაყინული ტალღები”. დინა ოგანოვას ნამუშევრების გამოფენები გაიმართა იტალიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში. დინა ოგანოვა არის პირველი ქართული ხელნაკეთი ფოტოწიგნის „ჩემი სივრცე“ ავტორი, რომელიც ინახება სხვადასხვა მუზეუმის, მათ შორის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის კოლექციაში. დინა ოგანოვა 2016 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა ისეთი პროექტები, როგორიცაა: „გოგონა დაიბადა“ („ჩუმი ბაღი“), „გოგონები მომავლიდან“, „დედები და ქალიშვილები” და ა.შ. ქალებისა და გოგოების უფლებები მისი შემოქმედების წამყვან თემად რჩება.

თათია ნადარეიშვილი არის ქართველი ილუსტრატორი, სტუდია “ილუსტრატორის” თანადამფუძნებელი (2016), რომელიც წერს და ილუსტრაციებს ამზადებს საბავშვო წიგნებისთვის მისი ერთ-ერთი წიგნი “ძილი ნებისა” 2017 წელს გამოქვეყნდა და რამდენიმე ენაზე ითარგმნა. თათია ნადარეიშვილი 2018 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, 2020 წელს მან ილუსტრაციები მოამზადა საბავშვო წიგნისთვის “ლუნა და ციცინათელების პლანეტა”, რომელიც ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი წიგნია და რომლის მიხედვითაც მალე საბავშვო სპექტაკლიც დაიდგმება.