Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე: მირიან ხმელიძე

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე: მირიან ხმელიძე

News

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე: მირიან ხმელიძე

calendar_today 04 August 2022

მირიან ხმელიძე, 21 წლის, ოზურგეთი
ფოტო: დინა ოგანოვა & ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი | UNFPA

მულტიმედია პროექტი “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” წარმოგიდგენთ 12 აქტიურ ახალგაზრდას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელსაც სჯერა გენდერული თანასწორობის, სურს მოახდინოს ცვლილებები საკუთარ თემში და ხელი შეუწყოს ჯანსაღი გარემოს შექმნას მომავალი თაობებისთვის. 

მირიან ხმელიძე, 21 წლის, ოზურგეთი

ვარ სტუდენტი, ვსწავლობ თსუ-ში, ინგლისური ენის ფილოლოგიაზე. 16 წლიდან ვარ ჩართული არასამთავრობო საქმიანობებში, ვმუშაობდი ოზურგეთში, თინეიჯერული ასაკიდან სხვადასხვა პროექტებში ვიღებდი მონაწილეობას და გზებს ვეძებდი, თუ როგორ უნდა განვითარებულიყავი. ყოველთვის ვუკვირდებოდი, ვუყურებდი და ვსწავლობდი რა თქმა უნდა. დღეს უკვე ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია მაქვს. როდესაც სტუდენტი გავხდი და წამოვედი თბილისში, აქეთაც მინდოდა, რომ ყოფილიყო რაღაც მსგავსი, რაც უფრო დიდი ასაკის ახალგაზრდებისთვის იქნებოდა ხელსაყრელი, რომ დავხმარებოდი, ის, რაც მე ვისწავლე, რომ გადამეცა მათთვის. ამ ორგანიზაციაში არიან ახალგაზრდები 18 წლიდან 29 წლამდე. როგორც ჩვენ, ახალგაზრდებს გვაქვს სურვილი, რომ ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი და განვითარდეთ მათთან ერთად და მათი დახმარებით, აი, ამ ნაწილისთვის ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. მაგალითად სოფლებში, იმ ახალგაზრდებთან, რომლებსაც არა აქვთ იმდენად დიდი წვდომა, როგორც ჩვენ, იმათ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. არსებობს, ის კატეგორია, რომელთაც ზოგადად არც უფიქრია, არც აინტერესებს და მიყვებიან ცხოვრების დინებას და თუ ჩვენ ინფორმაციას მივაწვდით ასეთ ახალგაზრდებს, გამოიღებს შედეგს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ეს ახალგაზრდობა იქნება ის შრომისუნარიანი ძალა, რომელიც შეცვლის მომავალს. მე, პირადად, თუ რამე არ მომწონს, თუნდაც განათლების კუთხით, უნდა ითქვას, მაგრამ უნდა ითქვას, იმ ძალისგან, რასაც ახალგაზრდობა წარმოადგენს. პროტესტებს ვგულისხმობ, თუ არ ილაპარაკეს, თუ არ გამოვიდნენ, თუ არ ითქვა, შეეგუები უბრალოდ იმ პრობლემას, რასაც ყველა ესე უყურებს, მაშინ ეს პრობლემა იქნება ყოველთვის პრობლემა, მოგვარების საკითხში უნდა გადავდგათ ნაბიჯები. მინდა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან სოფლებში, მიეცეთ საშუალება, ცოტა ხნით მოწყდნენ იმ გარემოს, სადაც ცხოვრობენ, წავიდნენ სხვაგან, შეაფასონ თუ იქ როგორ უკეთესია და შემდეგ ის ცოდნა და შეხედულება გადმოიტანონ თავიანთ სოფლებში. მე ჩემი გადმოსახედიდან დავინახე და ვისწავლე თეთრი და შავის გარჩევა, თუ როგორ აქვთ სხვებს იმის უფლება, რომ თავიანთი აზრი დააფიქსირონ, განვითარდნენ და ასე შემდეგ და იმ ჩარჩოებიდან გამოვიდნენ, რაშიც ვექცევით რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები. მომავალ თაობას ვურჩევდი, რომ ის მიზანი, თუ რა უნდათ ცხოვრებაში, ეს უნდა დაწერონ ფურცელზე და გაიკრან კედელზე, ყოველ დილით, რომ ადგებიან და თავიანთ მიზანს დაინახავენ, რომ ჩემი მიზანი არის ეს, რომ ვიყო აქ, ეს სიზარმაცე და რაღაცა პრობლემები, რაც ხელს უშლის განვითარებაში, დაძლევენ, როდესაც იციან ზუსტად რა უნდათ. და ეს მიზანი უნდა იპოვონ გამოცდილებით, დაკვირვებით, დაინტერესებით, სადაც თავის თავს დაინახავენ. თავიანთი თავის პოვნაში, ისევ საკუთარი თავი ეხმარებათ, ბევრი რამ უნდა სცადონ, ბევრი რაღაცის მცდელობაში იმ ერთს აუცილებლად ნახავენ, განვითარების პროცესი არ უნდა შეწყვიტონ.
 

“ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, გენდერული ნიშნით სტერეოტიპების და მანკიერი სოციალური ნორმების აღმოფხვრას ითვალისწინებს. 

ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შემდეგი პროგრამების ფარგლებში: “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” (ქვემო ქართლი), “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ (სამცხე-ჯავახეთი) და „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (გურია და იმერეთი). 

ავტორების შესახებ:

დინა ოგანოვა არის ქართველი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გრძელვადიან პროექტებზე მუშაობს. იგი არაერთხელ გახდა პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი, მათ შორის, ევროკავშირის პრიზის მფლობელი ჟურნალისტიკაში და პრემია „ლიტერას“ ლაურეატი. დინა ოგანოვა დასახელებულია 30 წლამდე ასაკის საუკეთესო ქალ ფოტოგრაფებს შორის. მისი ფოტოპროექტებს განეკუთვნება: „მე ვარ საქართველო“, „ჩემი სივრცე”, „გაყინული ტალღები”. დინა ოგანოვას ნამუშევრების გამოფენები გაიმართა იტალიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში. დინა ოგანოვა არის პირველი ქართული ხელნაკეთი ფოტოწიგნის „ჩემი სივრცე“ ავტორი, რომელიც ინახება სხვადასხვა მუზეუმის, მათ შორის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის კოლექციაში. დინა ოგანოვა 2016 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა ისეთი პროექტები, როგორიცაა: „გოგონა დაიბადა“ („ჩუმი ბაღი“), „გოგონები მომავლიდან“, „დედები და ქალიშვილები” და ა.შ. ქალებისა და გოგოების უფლებები მისი შემოქმედების წამყვან თემად რჩება.

თათია ნადარეიშვილი არის ქართველი ილუსტრატორი, სტუდია “ილუსტრატორის” თანადამფუძნებელი (2016), რომელიც წერს და ილუსტრაციებს ამზადებს საბავშვო წიგნებისთვის მისი ერთ-ერთი წიგნი “ძილი ნებისა” 2017 წელს გამოქვეყნდა და რამდენიმე ენაზე ითარგმნა. თათია ნადარეიშვილი 2018 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, 2020 წელს მან ილუსტრაციები მოამზადა საბავშვო წიგნისთვის “ლუნა და ციცინათელების პლანეტა”, რომელიც ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი წიგნია და რომლის მიხედვითაც მალე საბავშვო სპექტაკლიც დაიდგმება.