თქვენ აქ ხართ

მულტიმედია პროექტი “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” წარმოგიდგენთ 12 აქტიურ ახალგაზრდას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელსაც სჯერა გენდერული თანასწორობის, სურს მოახდინოს ცვლილებები საკუთარ თემში და ხელი შეუწყოს ჯანსაღი გარემოს შექმნას მომავალი თაობებისთვის. 

გარიკ გასპარიანი, 18 წლის, წითელი სოფელი

ძალიან მიყვარს მათემატიკა, ასევე ენების სწავლაც. ვარ აქტიური ახალგაზრდა, მაქვს ასევე დაწერილი პროექტი გენდერულ თანასწორობაზე. სამომავლოდ, ვფიქრობ, მარნეულში გავხსნა ახალგაზრდული ცენტრი, რათა ადგილობრივი ახალგაზრდები აქტიურები გახდნენ. ასევე, ვფიქრობ, სკოლებში ქართული ენის დამატებითი გაკვეთილები უზრუნველვყო, რათა სომეხმა და აზერბაიჯანელმა ბავშვებმა, არსებული სახელმწიფო პროგრამა 4+1-ის ნაცვლად პირველივე კურსიდან ჩააბარონ. ყველაფერში ჩართული ვარ, თან ვსწავლობ, თან პროექტებში ვმონაწილეობ, არ მიყვარს მოწყენილი ცხოვრება, ჩემთვის აქტივობა მნიშვნელოვანია, მიყვარს ურთიერთობები სხვადასხვა ადამიანთან. Ჩემი ცხოვრება, ვფიქრობ, მომავალშიც ასეთივე აქტიური იქნება. ვფიქრობ, ვიქნები ლიდერი და ჩემ ირგვლივ მეყოლება შემოკრებილი ჩემი სოფლის ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ იმდენი შესაძლებლობა [განვითარების]. ძალიან ბევრი ბავშვი ვიცი, ვისაც უნდა სწავლა, მაგრამ  არ იცის ქართული და ამიტომ არ ჩააბარეს [უნივერსიტეტში]. მათ დავეხმარები. Ჩემი სოფლის ახალგაზრდებს ძალიან სჭირდებათ [ქართული] ენის სწავლა. მხოლოდ სკოლის გაკვეთილი არ არის საკმარისი. Ჩვენ სოფელში ახალგაზრდული ცენტრი გვაქვს, სადაც უკვე 5 წელია ქართული ენის მასწავლებლად ვარ, გავაკეთე ტრენინგი გენდერულ თანასწორობაზე. მარნეულში აქტუალურია ისეთი თემები, როგორებიცაა ნაადრევი ქორწინება, სტერეოტიპები. როდესაც უკვე თბილისში ვიქნები უნივერსიტეტში, ჩემთვის უფრო ადვილი იქნება გზების პოვნა ახაგაზრდების დასახმარებლად. სოფელში ტრენინგებიც 3-4 თვეში ერთხელაა. ჩემს თანატოლებს ვურჩევდი, ისწავლონ. სწავლა ძალიან საჭიროა. თუ ადამიანი სწავლობს, მისი თვალსაწიერი იხსნება, ნახავს რა არის ცხოვრება და სწავლის მერეც აქტიურები უნდა იყვნენ, უნდა მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა პროექტებში, რომ ცხოვრებისთვის საჭირო უნარები შეიძინონ. სოფელში ბევრი პრობლემაა, მაგრამ არავინაა, ვინც მათ გადაჭრის გზებზე იფიქრებს. ახალგაზრდებს სწავლის პრობლემა აქვთ. ფიქრობენ, რომ სწავლა არ არის საჭირო და რომ სჯობს ხილის ან ბოსტნეულის ბიზნესი გააკეთონ. ახალგაზრდებს ვუსურვებ, იყვნენ აქტიურები. თუ ხარ აქტიური, არსებობს გზები და შესაძლებლობები, კარგი ადამიანი გამოხვიდე. ისწავლეთ. 

“ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, გენდერული ნიშნით სტერეოტიპების და მანკიერი სოციალური ნორმების აღმოფხვრას ითვალისწინებს. 

ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შემდეგი პროგრამების ფარგლებში: “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” (ქვემო ქართლი), “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ (სამცხე-ჯავახეთი) და „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (გურია და იმერეთი). 

ავტორების შესახებ:

დინა ოგანოვა არის ქართველი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გრძელვადიან პროექტებზე მუშაობს. იგი არაერთხელ გახდა პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი, მათ შორის, ევროკავშირის პრიზის მფლობელი ჟურნალისტიკაში და პრემია „ლიტერას“ ლაურეატი. დინა ოგანოვა დასახელებულია 30 წლამდე ასაკის საუკეთესო ქალ ფოტოგრაფებს შორის. მისი ფოტოპროექტებს განეკუთვნება: „მე ვარ საქართველო“, „ჩემი სივრცე”, „გაყინული ტალღები”. დინა ოგანოვას ნამუშევრების გამოფენები გაიმართა იტალიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში. დინა ოგანოვა არის პირველი ქართული ხელნაკეთი ფოტოწიგნის „ჩემი სივრცე“ ავტორი, რომელიც ინახება სხვადასხვა მუზეუმის, მათ შორის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის კოლექციაში. დინა ოგანოვა 2016 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა ისეთი პროექტები, როგორიცაა: „გოგონა დაიბადა“ („ჩუმი ბაღი“), „გოგონები მომავლიდან“, „დედები და ქალიშვილები” და ა.შ. ქალებისა და გოგოების უფლებები მისი შემოქმედების წამყვან თემად რჩება.

თათია ნადარეიშვილი არის ქართველი ილუსტრატორი, სტუდია “ილუსტრატორის” თანადამფუძნებელი (2016), რომელიც წერს და ილუსტრაციებს ამზადებს საბავშვო წიგნებისთვის მისი ერთ-ერთი წიგნი “ძილი ნებისა” 2017 წელს გამოქვეყნდა და რამდენიმე ენაზე ითარგმნა. თათია ნადარეიშვილი 2018 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, 2020 წელს მან ილუსტრაციები მოამზადა საბავშვო წიგნისთვის “ლუნა და ციცინათელების პლანეტა”, რომელიც ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი წიგნია და რომლის მიხედვითაც მალე საბავშვო სპექტაკლიც დაიდგმება.