მულტიმედია პროექტი “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” წარმოგიდგენთ 12 აქტიურ ახალგაზრდას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელსაც სჯერა გენდერული თანასწორობის, სურს მოახდინოს ცვლილებები საკუთარ თემში და ხელი შეუწყოს ჯანსაღი გარემოს შექმნას მომავალი თაობებისთვის.
აქბარ მახმუტოღლი, 15 წლის, მარნეული
ვარ ჩემი სკოლის აქტიური მოსწავლე, ვიღებ მონაწილეობას პროექტებში, რომ ჩემს თემში, ჩემს საზოგადოებაში რაღაცები შევცვალო. ვიბრძვი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომ ყველანი ვიყოთ თანასწორნი, რადგან ყველანი თანასწორნი ვიბადებით. გენდერული თანასწორობა კაცისა და ქალის თანასწორობაა. არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც ხედავენ პრობლემას და ჩუმდებიან, არაფერს აკეთებენ ამის საწინაამდეგოს. სკოლებში ხდებოდა ისე, რომ მასწავლებლები, სანამ მე და სხვები ჩავატარებდით აქტივობებსა და პროექტებს, არჩევდნენ გოგოსა და ბიჭს და სხვადასხვანაირად ექცეოდნენ მათ. მაგალითად, ბიჭებს მათემატიკის უფრო ძნელ მაგალითს აძლევდნენ და გოგოებს - უფრო მარტივს, რომ ვითომ გოგოებს არ შეუძლიათ ამის ამოხსნა. გენდერული სახის დისკრიმინაცია მარტო სკოლებში არ ხდება. ვფიქრობ, რომ [შემთხვევები] ახლაც არის, მაგრამ წინანდელთან შედარებით შემცირებულია. ეს, ცხადია, მარტო ჩემი აქტიურობით არ ხდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი თაობა უფრო ცვლის ამ ყველაფერს. რაღაცის შეცვლა მაშინ არ უნდა დავიწყოთ, როდესაც ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა. ჩვენ პრობლემის გარკვევა და გადაჭრა უნდა დავიწყოთ სხვის მაგალითზე. ვფიქრობ, მარტო ჩვენს თავზე კი არა, სხვებზეც რომ ვიფიქროთ, უკეთესი იქნება ჩვენი მომავლისთვის. ხშირად ტელევიზორში ვუსმენ ახალ ამბებს, [რომ ვიცოდე] რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობ, ასეთ რაღაცებში ჩართულობა ბავშვობიდან უნდა იწყებოდეს. სკოლის დამთავრების მერე იურიდიულზე მინდა ჩავაბარო უნივერსიტეტში. Მინდა თავადაც შევქმნა ახალი პროექტები, იმიტომ რომ ამ ყველაფერში იბადების პრობლემის გადაჭრის ახალი გზები. Ჩემს თანატოლებს ვურჩევ, იყვნენ აქტიურები, არ გაჩუმდნენ, როდესაც რაღაც პრობლემებს ხედავენ, მუდმივად იყვნენ ჩართულები ამ ყველაფერში. როდესაც გინდა რაღაცის კეთება, ბავშვობიდან უნდა დაიწყო. თუ ძალიან გინდა, თავისუფლად გააკეთებ. ვოცნებობ, მომავალში ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის და ნატოს წევრი იყოს, თავისუფლება მიყვარსა და მინდა მეც და ჩემი საზოგადოებაც თავისუფალი ვიყოთ, დედამიწაზე ერთხელ მოვდივართ და უნდა ვიცხოვროთ თავისუფლად.
“ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, გენდერული ნიშნით სტერეოტიპების და მანკიერი სოციალური ნორმების აღმოფხვრას ითვალისწინებს.
ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შემდეგი პროგრამების ფარგლებში: “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” (ქვემო ქართლი), “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ (სამცხე-ჯავახეთი) და „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (გურია და იმერეთი).
ავტორების შესახებ:
დინა ოგანოვა არის ქართველი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გრძელვადიან პროექტებზე მუშაობს. იგი არაერთხელ გახდა პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი, მათ შორის, ევროკავშირის პრიზის მფლობელი ჟურნალისტიკაში და პრემია „ლიტერას“ ლაურეატი. დინა ოგანოვა დასახელებულია 30 წლამდე ასაკის საუკეთესო ქალ ფოტოგრაფებს შორის. მისი ფოტოპროექტებს განეკუთვნება: „მე ვარ საქართველო“, „ჩემი სივრცე”, „გაყინული ტალღები”. დინა ოგანოვას ნამუშევრების გამოფენები გაიმართა იტალიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში. დინა ოგანოვა არის პირველი ქართული ხელნაკეთი ფოტოწიგნის „ჩემი სივრცე“ ავტორი, რომელიც ინახება სხვადასხვა მუზეუმის, მათ შორის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის კოლექციაში. დინა ოგანოვა 2016 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა ისეთი პროექტები, როგორიცაა: „გოგონა დაიბადა“ („ჩუმი ბაღი“), „გოგონები მომავლიდან“, „დედები და ქალიშვილები” და ა.შ. ქალებისა და გოგოების უფლებები მისი შემოქმედების წამყვან თემად რჩება.
თათია ნადარეიშვილი არის ქართველი ილუსტრატორი, სტუდია “ილუსტრატორის” თანადამფუძნებელი (2016), რომელიც წერს და ილუსტრაციებს ამზადებს საბავშვო წიგნებისთვის მისი ერთ-ერთი წიგნი “ძილი ნებისა” 2017 წელს გამოქვეყნდა და რამდენიმე ენაზე ითარგმნა. თათია ნადარეიშვილი 2018 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, 2020 წელს მან ილუსტრაციები მოამზადა საბავშვო წიგნისთვის “ლუნა და ციცინათელების პლანეტა”, რომელიც ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი წიგნია და რომლის მიხედვითაც მალე საბავშვო სპექტაკლიც დაიდგმება.