Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე: ანანო მოქია

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე: ანანო მოქია

News

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე: ანანო მოქია

calendar_today 04 August 2022

ანანო მოქია, 20 წლის, ლანჩხუთი
ფოტო: დინა ოგანოვა & ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი | UNFPA

მულტიმედია პროექტი “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” წარმოგიდგენთ 12 აქტიურ ახალგაზრდას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელსაც სჯერა გენდერული თანასწორობის, სურს მოახდინოს ცვლილებები საკუთარ თემში და ხელი შეუწყოს ჯანსაღი გარემოს შექმნას მომავალი თაობებისთვის. 

ანანო მოქია, 20 წლის, ლანჩხუთი

ვარ საქართველოს უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, ჯანდაცვის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. ვარ ასევე ფონდ “ტასო”-ს სათემო მუშაკი სუფსაში. ვარ ”გამარჯვებულ ქალთა კლუბის” კოორდინატორი. კოორდინაციას ვუწევს ონკო პაციენტების კვლევებს, ფსიქოლოგიურ დახმარებას და ვაორგანიზებ სხვადასხვა შეხვედრებს. 2019 წელს მივიღე მონაწილეობა ქალ მეწარმეებს შორის [კონკურსში ჟოლოს ბიზნესისთვის] და 5000 ლარის ოდენობით მოვიპოვე თანხა. სამწუხაროდ, სხვადასხვა გამოწვევის გამო ვერ შევძელი ამ ბიზნესის გაგრძელება. მაქვს [ჟოლოს] მცირედი [მოსავალი] სოფელში, მაგრამ როცა მომავალ წელს დავასრულებ უნივერსიტეტს, მინდა ჟოლოს ბიზნესი გავაგრძელო და სხვა ეტაპამდე მივიყვანო. [სამომავლოდ] ვაპირებ ლანჩხუთში დაბრუნებას. სოფელში დავასრულე სკოლა და როცა უკვე გადავედი თბილისში და გავხდი სტუდენტი, მივხვდი, რომ ძალიან დიდი სხვაობა იყო ჩვენ შორის - ახალგაზრდებს შორის. ჩვენთან ახალგაზრდებს ბევრი კომპლექსი აქვთ, თუნდაც პრეზენტაციის, კომუნიკაციის უნარების, ძალიან ბევრ პრობლემას ვაწყდებით რაც შეიძლება სკოლიდან მოყოლებული ბავშვმა ეტაპობრივად გაიაროს რომ ჩამოყალიბდეს. მივხვდი, რომ მეც ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა და საკუთარ თავს ვასწავლე, როგორ გავმკლავებოდი ამ ყველაფერს, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუ ახალგაზრდებს იმაზე დროის ხარჯვა არ მოუწევთ, რაც გარემომ უნდა ასწავლოთ. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან  ხელშეწყობა: სკოლის, ადგილობრივი თვითმმართევლობის, მუნიციპალიტეტის, სახელმწიფოსი, თავისთავად. ხშირად ვამბობ ხოლმე, თუ ჩვენამდე არ მოდის პრობლემა, ვერ ვიაზრებთ მას. თუნდაც ძალადობის შემთხვევებში, თუ ვიღაც [ამ სიტუაციაში] არ მოვხვდით, ვერ ვხვდებით რომ მსხვერპლი ვართ. როცა უკვე იწყებ სხვისი ცუდისა და კარგის გააზრებას, მიხვდები რომ ის არის მსხვერპლი და უნდა დაიწყო ცვლილებები, მაშინ უკვე იაზრებ ამ თემის მნიშნელობას და აქტუალობას. სანამ ჩვენამდე არ მოვა პრობლემა, გვგონია, რომ არც არსებობს. ყველამ უნდა ვიგრძნოთ ის პასუხისმგებლობა, რომ წვლილი შევიტანოთ საკუთარი საზოგადოების წევრის, მეგობრის, უმცროსი ან უფროსი ადამიანის განვითარებაში. შეიძლება ბიძგი არ მისცე და არ დაეხმარო, მაგრამ ხელი მაინც არ უნდა შეუშალო. ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ პირველ რიგში საკუთარ თავებში იპოვნონ ძალა და არ ეძებონ ეს სხვა ადამიანებსა და გარემოში. საკუთარ თავს უნდა მისცე იმის მოტივაცია, რომ რაღაც, რაც გინდა და რისი მიზანიც გაქვს, მუდმივად ისწრაფოდე მისკენ. მეც საკუთარ თავს ყოველ დღე ამას ვუმეორებ. თუ გინდა რომ გახდე შენი საქმის პროფესიონალი, ამისთვის ძალიან რთული გზა უნდა გაიარო. მინდა ვიყო ისეთი ადამიანი, რომელიც შეძლებს სხვების დახმარებას, საკუთარი საქმის პროფესიონალი იქნება. არ მინდა, რომ გადმოვიხედავ, ვინანო ეს რატომ არ გავაკეთე. ერთი უკვე დავკარგე, რომ არ დავიწყე შარშან ჟოლოს ბიზნესი, მაგრამ მაინც ვცდილობ ამას მივხედო. 

“ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, გენდერული ნიშნით სტერეოტიპების და მანკიერი სოციალური ნორმების აღმოფხვრას ითვალისწინებს. 

ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შემდეგი პროგრამების ფარგლებში: “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” (ქვემო ქართლი), “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ (სამცხე-ჯავახეთი) და „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (გურია და იმერეთი). 

ავტორების შესახებ:

დინა ოგანოვა არის ქართველი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გრძელვადიან პროექტებზე მუშაობს. იგი არაერთხელ გახდა პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი, მათ შორის, ევროკავშირის პრიზის მფლობელი ჟურნალისტიკაში და პრემია „ლიტერას“ ლაურეატი. დინა ოგანოვა დასახელებულია 30 წლამდე ასაკის საუკეთესო ქალ ფოტოგრაფებს შორის. მისი ფოტოპროექტებს განეკუთვნება: „მე ვარ საქართველო“, „ჩემი სივრცე”, „გაყინული ტალღები”. დინა ოგანოვას ნამუშევრების გამოფენები გაიმართა იტალიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში. დინა ოგანოვა არის პირველი ქართული ხელნაკეთი ფოტოწიგნის „ჩემი სივრცე“ ავტორი, რომელიც ინახება სხვადასხვა მუზეუმის, მათ შორის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის კოლექციაში. დინა ოგანოვა 2016 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა ისეთი პროექტები, როგორიცაა: „გოგონა დაიბადა“ („ჩუმი ბაღი“), „გოგონები მომავლიდან“, „დედები და ქალიშვილები” და ა.შ. ქალებისა და გოგოების უფლებები მისი შემოქმედების წამყვან თემად რჩება.

თათია ნადარეიშვილი არის ქართველი ილუსტრატორი, სტუდია “ილუსტრატორის” თანადამფუძნებელი (2016), რომელიც წერს და ილუსტრაციებს ამზადებს საბავშვო წიგნებისთვის მისი ერთ-ერთი წიგნი “ძილი ნებისა” 2017 წელს გამოქვეყნდა და რამდენიმე ენაზე ითარგმნა. თათია ნადარეიშვილი 2018 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, 2020 წელს მან ილუსტრაციები მოამზადა საბავშვო წიგნისთვის “ლუნა და ციცინათელების პლანეტა”, რომელიც ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი წიგნია და რომლის მიხედვითაც მალე საბავშვო სპექტაკლიც დაიდგმება.