Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

ახალგაზრდები სტერეოტიპების წინააღმდეგ ერთიანდებიან

ახალგაზრდები სტერეოტიპების წინააღმდეგ ერთიანდებიან

News

ახალგაზრდები სტერეოტიპების წინააღმდეგ ერთიანდებიან

calendar_today 08 April 2021

Youth Unite to Defy Stereotypes
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/ UNFPA Georgia

მინდა ვიყო იმ ცვლილებების მონაწილე, რომელიც ჩვენ ირგვლივ არსებული რეალობის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებას ემსახურება. ჩემთვის სტერეოტიპების მსხვრევა ნიშნავს თანასწორი, დაბალანსებული და პროგრესული მომავლის შექმნას” - ამბობს თეო სადრაძე გურიიდან. 

თეო გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ ორგანიზებული ტრენერთა ტრენინგის მონაწილეა, რომლის ფარგლებშიც 26-29 მარტს ბორჯომში იმ ახალგაზრდებმა მოიყარეს თავი, ვისაც სჯერათ, რომ საჭირო ცოდნით, კომპეტენციითა და თავიანთ გარშემო მცირე გუნდური ინიციატივების წახალისებით, გენდერული ნიშნით განპირობებული სოციალური ნორმების შეცვლა შეუძლიათ.

თეო თვლის, რომ “ახალგაზრდები დიდი ძალისა და პოტენციალის მქონე საზოგადოების წევრები არიან” და რომ “მათი ხედვა, სწრაფვა და როლი სოციალური ცვლილებების პროცესში უმნიშვნელოვანესია”. 

თეო სადრაძე, გურია. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/ UNFPA Georgia

“ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ საჭირო ბერკეტები, უნარები, ინფორმაცია, ცოდნა და ენთუზიაზმი, რათა ცვლილებების პროცესის სათავეში კუთვნილი ადგილი დაიკაონ”, ამბობს ის და დასძენს, რომ სწორედ “თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები არღვევს ბარიერებს, რომლებსაც სტერეოტიპები და საზიანო გენდერული ნორმები გვიწესებენ”. ეს კი, თავის მხრივ, “აუცილებელია ჰარმონიული, მრავალფეროვანი და ძლიერი საზოგადოების ფორმირებისთვის”. 

ახალგაზრდების განვითარება და ჩართულობა 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებსა და დღის წესრიგში მნიშვნელოვანი საკითხებია. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები სრულად იღებდნენ მონაწილეობას უკეთესი საზოგადოების შექმნის პროცესში, სადაც ისინი ერთდროულად მოსარგებლეებიც არიან და პარტნიორებიც. 

ტრენინგის კიდევ ერთ მონაწილეს იმერეთიდან, ანა ეგუტიძეს, თავისი წვლილი შეაქვს “ახალგაზრდების განვითარებასა და ადგილობრივ დონეზე მათ მიერ საზიანო გენდერული ნორმების ცვლილებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებაში”. მისი აზრით, “ახალგაზრდების მიერ სოციალური ცვლილებებისთვის გადადგმული თითოეული ნაბიჯი კიდევ უფრო აძლიერებს თანასწორი, თანაბარი შესაძლებლობებით აღჭურვილი გარემოს შექმნას”. 

მიმაჩნია, რომ გენდერული სტერეოტიპების მსხვრევა ხელს უწყობს საზოგადოებაში სამართლიანი, თანასწორი და ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას. ჩვენი მთავარი მიზანია თითოეული ინდივიდი მაქსიმალურად იყოს რეალიზებული, რისთვისაც თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ცალსახად მნიშვნელოვანია”, ამბობს ანა. 

მისი თქმით, “ახალგაზრდები წარმოადგენენ ძალას, რომელიც შეცვლის უთანასწორო, სტერეოტიპებით სავსე რეალობას და ეს პროექტი ადგილობრივ დონეზე ძლიერი სოციალური ცვლილებების ბიძგი იქნება”.

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/ UNFPA Georgia

“საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმული გენდერული სტერეოტიპებისა და შეხედულებების გამო” ხშირად აწყდება გამოწვევებს შოთა კვარაცხელია - ამავე ტრენინგის კიდევ ერთი მონაწილე იმერეთიდან. როგორც შოთა აღნიშნავს, სწორედ “ამ გამოწვევებზე პასუხის ძიებამ და ფიქრის პროცესმა” მიიყვანა იგი იქ, “სადაც ერთობლივად ვცდილობთ ჩვენი გარემოს უკეთესობისკენ შეცვლას”. 

სტერეოტიპების აღმოფხვრა ჩემთვის წარმოადგენს, ერთგვარად, მყარად დამკვიდრებული შეხედულებების ჩარჩოდან, ოთახიდან გასვლას, რომლის მიღმაც ახალი სივრცეა ახალი საზოგადოებით”, აღნიშნავს შოთა. 

მასაც სჯერა, რომ “თანაბარი შესაძლებლობების არსებობა წარმოშობს რეალობას, სადაც ადამიანს, განურჩევლად სქესისა, აქვს თანაბარი უფლება და შესაძლებლობა მაქსიმალურად წარმოაჩინოს თავისი პოტენციალი, იპოვოს საკუთარი თავი და შეიტანოს ღირებული წვლილი საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაში”. 

მისი აზრითაც, “ახალგაზრდობა საზოგადოების ერთ-ერთი საკვანძო რგოლია, მათი როლი სოციალური ცვლილებების პროცესში კი - გარდამტეხი

UNFPA-ს მოზარდებსა და ახალგაზრდებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ცხადყოფს, რომ გენდერული ტრანსფორმაციის გრძელვადიან პროცესში სოციალური ნორმების ცვლილება ახალგაზრდების უშუალო მონაწილეობით მიიღწევა.

ახალგაზრდებში ინვესტირება ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე გონივრული სტრატეგიაა, რადგან სწორედ მათ, მომავალ ლიდერებს, განმანათლებლებსა და მშობლებს შეუძლიათ, გენდერული უთანასწორობის ციკლი დაარღვიონ, სოციალური სტრუქტურები გააძლიერონ და მდგრადი და ჰარმონიული მომავალი შექმნან. ჩვენი გუნდი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მუდამ მზადაა იმისთვის, რომ გააძლიეროს ახალგაზრდები, რათა მათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება და როგორც საკუთარი, ასევე თემის საჭიროებებისთვის ადვოკატირება შეძლონ,“ - ამბობს ლელა ბაქრაძე, UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი. 

გაეროს მოსახლეობის ფონდი, რომელიც მუშაობს არა უბრალოდ მოზარდებსა და ახალგაზრდებთან ერთად, არამედ სწორედ მათთვის, ძალისხმევას არ იშურებს შექმნას ისეთი სამყარო, სადაც ყველა ახალგაზრდის პოტენციალი სრულად რეალიზებულია, რისი მიღწევაც ამ პროცესში უშუალოდ ახალგაზრდების ჩართულობითა და გაძლიერებით და მათი, როგორც ცვლილების აგენტების როლის აღიარებითაა შესაძლებელი. 

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/ UNFPA Georgia

სწორედ ამ მიზნით ხორციელდება ინიციატივა “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის”, იმერეთსა და გურიის რეგიონში, რომლის პირველი ეტაპია ტრენერთა ტრენინგი. ინიციატივა ნაწილია პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

ტრენერთა ტრენინგის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს საჭირო ცოდნისა და კომპეტენციების გაძლიერებას და განმტკიცებას, რათა მათ ეს ცოდნა გაუზიარონ სხვა ახალგაზრდებს და შეძლონ მცირე გუნდური ინიციატივების წახალისება ადგილობრივ დონეზე, გენდერული ნიშნით განპირობებული სოციალური ნორმების ცვლილების მიზნით.