სტამბოლი, 2023 წლის 11 ივლისი – „გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით არსებული სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების გარეშე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შეძლებენ იმ დემოგრაფიული კრიზისის გადალახვას, რომლის წინაშეც ისინი დგანან“, - განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორმა დღეს, მოსახლეობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით წარმოთქმულ სიტყვაში.
ათწლეულების მანძილზე მიმდინარე მიგრაციამ და შობადობის მაჩვენებლის კლებამ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მოსახლეობის შემცირების და მოსახლეობის დაბერების გამოწვევის წინაშე დააყენა. ქვეყნების მთავრობების მცდელობები - შობადობის ზრდის ხელშეწყობით კრიზისის მოგვარების მიმართულებით - დიდწილად წარუმატებელი აღმოჩნდა.
ფართოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, დემოგრაფიული პრობლემები მოგვარდებოდა, ქალებს რომ მეტი შვილები ჰყავდეთ,” განაცხადა ფლორენს ბაუერმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორმა.
თუმცა, ეს ნაკლებსავარაუდოა, ვინაიდან ევროპის ვერცერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო შობადობის მაჩვენებლის მიახლოებაც კი იმ დონემდე, რომელიც საჭიროა მოსახლეობის რაოდენობის შემცირების ტენდენციის შემოსაბრუნებლად ან თუნდაც მის შესაჩერებლად. ქალების წახალისებამ მეტი შვილის გაჩენის მიმართულებით, ადვილად შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ რეპროდუქციულ უფლებებს და საზოგადოებაში მათ მიერ თანაბარი სტატუსით სარგებლობასაც კი.
როცა ქალის სხეული განიხილება, როგორც ინსტრუმენტი, მოსახლეობასთან დაკავშირებული აბსტრაქტული მიზნების მისაღწევად, არც თუ ისე შორს არის ქალების მიერ ბავშვების რაოდენობასთან და ოჯახთან დაკავშირებით არჩევანის გაკეთების უფლების შეზღუდვის საფრთხე“, განაცხადა ფლორენს ბაუერმა.
„გენდერული თანასწორობის მიმართულებით ათწლეულების მანძილზე მიღწეულ პროგრესს უქმნის საფრთხეს, და ქალების მეორეხარისხოვანი მოქალაქეების სტატუსის აღდგენის პერსპექტივას ქმნის, როდესაც მათი ღირებულება, პირველ რიგში, განისაზღვრება მათი როლით ბავშვების გაჩენა-აღზრდითა და მათზე ზრუნვით“.
ქვეყნები შეძლებენ ძალების მობილიზებას დემოგრაფიული კრიზისის დასაძლევად, უფრო მეტი გენდერული თანასწორობის მიღწევით და არა ქალთა უფლებების შეზღუდვით. ქალების მიმართ ფართოდ გავრცელებული დისკრიმინაცია და საზოგადოებიდან თუ ეკონომიკიდან ქალების გარიყვა ქვეყნებს ძვირფასი ადამიანური კაპიტალის გარეშე ტოვებს. ეს კიდევ უფრო ასუსტებს ქვეყნებს, რომელთა სამუშაო ძალა და ნიჭიერი და უნარიანი ადამიანების ფონდი ისედაც ამოწურულია, ქვეყნებიდან ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე მიგრაციის გამო. ეს, თავისთავად, განაპირობებს შობადობის კლებასა და ქვეყნებიდან ადამიანების გადინებას, რაც კიდევ უფრო აუარესებს რეგიონში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობას.
ის სარგებელი, რომელიც გენდერულ თანასწორობას მოაქვს ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის, კარგად ცნობილი და დადასტურებულია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, გენდერული უთანასწორობის დაძლევა სამუშაო ძალაში, მაგალითად, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის საშუალოდ თითქმის 20 პროცენტით ზრდას განაპირობებს. გაეროს ბოლოდროინდელი კვლევა ადასტურებს, რომ სამუშაო ძალაში გენდერულ თანასწორობას ბევრად მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია ეკონომიკის მდგრადობის თვალსაზრისით, საზოგადოებებში, რომლებიც მოსახლეობის დაბერებისა და შობადობის შემცირების პრობლემის წინაშე დგანან, ვიდრე შობადობის მაჩვენებლის ზრდას.
ქვეყნებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად და დემოგრაფიულ ცვლილებასთან გასამკლავებლად საკუთარი მდგრადობის გასაძლიერებლად - დაწყებული ოჯახის დაგეგმვის პოლიტიკის შემოღებით, რომელიც სარგებლის მომტანია კაცებისა და ქალებისათვის, დამთავრებული გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლით, ასევე, დაწყებული მანკიერი სოციალური ნორმების შეცვლით, რომლებიც ქალებისა და გოგონების მნიშვნელობას აკნინებს, და დამთავრებული კომპანიების დახმარებით, რათა მათ შეძლონ სამუშაო ადგილზე დამკვიდრებული დისკრიმინაციული პოლიტიკის რეფორმირება.
ქვეყნები შეძლებენ, განაგრძონ განვითარება და აყვავება. თუმცა ამის მისაღწევად საჭიროა შევწყვიტოთ შობადობის მაჩვენებლებზე და ქალის სხეულის გამოყენებაზე ფიქრი და თვალი გავუსწოროთ რეალობას: აღნიშნულ მაჩვენებლებზე ზედმეტი ზრუნვით, ადგილი აქვს ყურადღების გადატანას, რომელიც ხელს გვიშლის იმ გადაწყვეტილებებამდე მისვლაში, რომლებიც რეალურად მუშაობს და, თანაც ისე, რომ არ არღვევს ადამიანის უფლებებს“, განაცხადა ფლორენს ბაუერმა.
მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაში მუშაობის 50 წლიანი გამოცდილებით, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) წარმოადგენს დასაყრდენ ორგანიზაციას, რომელიც მთავრობებს აწვდის რჩევებსა და რეკომენდაციებს მოსახლეობის პოლიტიკასთან, რეპროდუქციულ უფლებებებთან და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენი რეგიონული დემოგრაფიული მდგრადობის პროგრამა შექმნილია იმისთვის, რათა საშუალება მისცეს ქვეყნებს განვითარდნენ მსოფლიოში, რომელიც სწრაფი დემოგრაფიული ცვლილების მტკივნეულ ეტაპს გადის.