Go Back Go Back
Go Back Go Back

აქტიური დაბერებისთვის საქართველოში

აქტიური დაბერებისთვის საქართველოში

News

აქტიური დაბერებისთვის საქართველოში

calendar_today 01 October 2018

ზიზო მათეშვილი, 88 წლის. წნორი, კახეთის რეგიონი. ფოტო: UNFPA/დინა ოგანოვა

88 წლის ზიზო მათეშვილი ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც წნორში, „ცოდნის კაფეს“ ახალგაზრდა დამფუძნებლების მიერ ხანდაზმულთათვის ორგანიზებულ კომპიუტერის კურსებზე ჩაეწერა. ახალი ცოდნის შეძენა შვილიშვილებმა ურჩიეს. ზიზო მათეშვილი იმედოვნებს, რომ კომპიუტერული უნარ-ჩვევები მას სწორედ მოშორებით მცხოვრებ შვილიშვილებთან კომუნიკაციაში დაეხმარება.

2018 წლის ოქტომბრიდან, ზიზო მათეშვილთან ერთად, წნორში ამ კურსებს კიდევ შვიდი ხანდაზმული გაივლის. კომპიუტერული კურსები მხოლოდ ნაწილია იმ ინიციატივისა, რომელსაც საქართველოს ორ რეგიონში - კახეთსა და სამეგრელოში, ახალგაზრდა აქტივისტები აქტიური დაბერების მხარდასაჭერად გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელშეწყობით ახორციელებენ. საპილოტე პროექტმა, რომელიც 2018 წლის ივნისში დაიწყო, 50-ზე მეტი ხანდაზმული გააერთიანა.

ხანდაზმულთა რესოციალიზაციისა და აქტიური დაბერების ხელშემწყობი გარემო კახეთსა და სამეგრელოში ახალგაზრდებმა უზრუნველყვეს. პროექტის მონაწილეებს ორივეგან ახალგაზრდების მიერ შექმნილი სოციალური კაფე მასპინძლობს - „ცოდნის კაფე“ (წნორში, კახეთის რეგიონში) და „მეგო-ბარი“ (ზუგდიდი, სამეგრელოს რეგიონი). პროექტი, რომელიც ხანდაზმულთა უნარ-ჩვევების ამაღლებასა და მათ სოციალურ და კულტურულ აქტივობებში ჩართვას ემსახურება, თაობათა შორის დიალოგის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პრინციპსა და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული. ხანდაზმულთათვის ექსკურსიებისა და მუზეუმებში ვიზიტების მოსაწყობად „ცოდნის კაფეს“ დამფუძნებლებმა დამატებითი რესურსის მობილიზება და აქტიური დაბერების ადვოკატირების პროცესში სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების ჩართვაც შეძლეს.

დინარა კაკაბაძე, 69 წლის, შვილიშვილთან ერთად. ზუგდიდი, სამეგრელო.
ფოტო: UNFPA/დინა ოგანოვა

ზუგდიდელი დინარა კაკაბაძე (69 წლის), „მეგო-ბარს“ შვილიშვილთან ერთად სტუმრობს. „ზუგდიდში არც კინოა, არც თეატრი. ამ პროექტმა სახლიდან გამომიყვანა. ერთი თაობის ადამიანებმა ერთმანეთი გავიცანით, ვიკრიბებით, ფილმებს ვუყურებთ. დღეს გაღიმებული სახეების დანახვა გაიშვიათდა, ჩვენ კი აქ ღიმილით გვეგებებიან.“

ნაზი სეფისკვერაძე, 66 წლის. წნორი, კახეთი.
ფოტო: UNFPA/დინა ოგანოვა

„ძალიან სასიამოვნო ატმოსფერო შეგვიქმნეს. აქ მოსვლა ჩემთვის დიდი სიხარულია. თანატოლები ვიკრიბებით და ერთმანეთს აზრს ვუზიარებთ, ჩვენი დარდისა და სიხარულის შესახებ ვყვებით, საშუალება გვაქვს, ახალი ინფორმაცია მივიღოთ და ცოდნა შვიძინოთ. ახალგაზრდა რომ ვიყავი და პენსიონერს ახსენებდნენ, მხოლოდ ღრმად მოხუცებულ ადამიანს წარმოვიდგენდი. ახლა უკვე ვიცი, რომ პენსიონერსაც სჭირდება სწავლა.“ - ამბობს 66 წლის ნაზი სეფისკვერაძე, რომელიც „ცოდნის კაფეს“ მიერ ორგანიზებულ აქტივობებში აქტიურადაა ჩართული.

ჯულიეტა ჩხეტიანი, 61 წლის. წნორი, კახეთი.
ფოტო: UNFPA/დინა ოგანოვა

პროექტის ფარგლებში შეძენილმა ცოდნამ და გამოცდილებამ, თანამოაზრეებისა და მხარდამჭერების აღმოჩენამ წნორელი ხანდაზმულები განსაკუთრებით წაახალისა. მათ „პენსიონერთა ასოციაცია“ ჩამოაყალიბეს და პირველ ეტაპზე, სხვა, ნაკლებად აქტიური ხანდაზმულების საჭიროებების შესწავლასა და მათთვის დახმარების აღმოჩენას ისახავენ მიზნად. 61 წლის ჯულიეტა ჩხეტიანი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ახლადშექმნილი ასოციაციის მუშაობას უწევს კოორდინაციას. ის დევნილია. 25 წლის წინ იძულებული გახდა, ომის გამო მშობლიური აფხაზეთი დაეტოვებინა და წნორში ახალი ცხოვრება დაეწყო. ჯულიეტა იხსენებს, როგორ ედგნენ მას გვერდით ახლობლებიც და სრულიად უცხო ადამიანებიც და თვლის, რომ დროა, თავად დაეხმაროს მათ, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. „ყოველთვის მაწუხებდა იმაზე ფიქრი, რამდენი ხანდაზმული ვერ გამოდის გარეთ, რამდენს არა აქვს აქტიურად ცხოვრების შესაძლებლობა. ასოციაციის წევრებმა გადავწყვიტეთ, სახლებში ვიაროთ და მათთვის, ვისაც უჭირს, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია.“

UNFPA-ს საქართველოს ოფისისთვის აქტიური დაბერების ადვოკატირება და პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის თქმით, „აქტიური დაბერება ხანდაზმული ადამიანებისთვის ისეთი გარემოს შექმნას გულისხმობს, სადაც ისინი იქნებიან საზოგადოების სრულფასოვანი და ჯანმრთელი წევრები. ამისთვის საჭიროა ხანდაზმულთა ფინანსური უსაფრთხოების გაზრდა, საპენსიო სისტემის რეფორმა, ხანდაზმულებზე მორგებული ჯანდაცვის სისტემა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკზე მორგებული ფიზიკური და ფსიქოსოციალური გარემოს ხელშეწყობა. „ცოდნის კაფესა“ და „მეგო-ბარში“ ხანდაზმულებს სწორედ ასეთი გარემო ხვდებათ.“

თალიკო ჯანუაშვილი-კაკულია, 86 წლის. ზუგდიდი, სამეგრელო.
ფოტო: UNFPA/დინა ოგანოვა

„ცოდნის კაფესა“ და „მეგო-ბარში“ ხანდაზმულები არა მარტო სწავლობენ, არამედ ასწავლიან კიდეც. ისინი ახალგაზრდებს ადგილობრივი სამზარეულოსა და ხელსაქმის საიდუმლოს აზიარებენ. პროექტის სულისჩამდგმელ ახალგაზრდებსა და მონაწილე ხანდაზმულებს ბევრი ერთობლივი გეგმა აქვთ. ზუგდიდელი თალიკო ჯანუაშვილი-კაკულია (86 წლის), ამბობს, რომ სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას ცეკვის საღამოებში, თუკი ამის საშუალება მიეცემოდა, რაც შეეხება წნორელ „პენსიონერთა ასოციაციის“ წევრებს, ისინი სულ მალე სპექტაკლზე დასასწრებად თბილისში ჩასვლას გეგმავენ.

ეს ყველაფერი კი მხოლოდ დასაწყისია.