Go Back Go Back
Go Back Go Back

ადრეული ქორწინების პრაქტიკის მიმართ მრავალსექტორული რეაგირების საკითხზე გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ადრეული ქორწინების პრაქტიკის მიმართ მრავალსექტორული რეაგირების საკითხზე გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

News

ადრეული ქორწინების პრაქტიკის მიმართ მრავალსექტორული რეაგირების საკითხზე გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

calendar_today 20 December 2018

2018 წლის 19 დეკემბერს, ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების პრაქტიკის პრევენციის მიზნით სექტორთაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადებული ანალიტიკური ანგარიში ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევების და მათზე რეაგირების პრაქტიკის შესახებ. ამასთანავე, წარდგენილი იქნა ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის შესახებ ქცევის ცვლილებაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო სტრატეგიის (COMBI) ძირითადი მიმართულებები და გაიმართა დისკუსია ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინებაზე მრავალსექტორული კოორდინირებული რეაგირების გაუმჯობესების კონკრეტულ ნაბიჯებზე.

გენდერული თანასწორობის, ქალთა  მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თაოსნობით, ბოლო 3 წელია მოღვაწეობს ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საკითხზე მომუშავე სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის მისიაა ქვეყანაში არსებული საზიანო პრაქტიკების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით ღონისძიებების სტრატეგიული დაგეგმვა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის წევრები (საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები), სახალხო დამცველის აპარატის და ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ამ ეტაპზე, დაგროვილი გამოცდილების შეჯამების მიზნით და სამომავლო ნაბიჯების დასაგეგმად, ეწყობა გაფართოებული შეხვედრა, რომელშიც, ჯგუფის წევრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნულ საკითხებზე თემატურად მომუშავე სამთავრობო უწყებები მინისტრის მოადგილეების დონეზე.

ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საკითხმა საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიიქცია სახალხო დამცველის, გაეროს სააგენტოების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების  მიერ განხორციელებული მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების შედეგად. არსებული მონაცემების და კვლევების მიხედვით, ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება საქართველოში იშვიათი არ არის და სხვა ფაქტორებთან ერთად, გენდერულ უთანასწორობას უკავშირდება. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის თქმით, „ადრეული ქორწინება გოგონებისთვის მძიმე შედეგების მომტანია, ხშირ შემთხვევაში, მათ სოციალურ და უფლებრივ გარიყვას იწვევს, ხელს უშლის გოგონებს განათლების დასრულებაში და მათი პოტენციალის სრულ გამოვლენაში. მოზარდობის ასაკში ორსულობა და მშობიარობა კი დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს. ადრეული ქორწინების გამომწვევი მიზეზები კომპლექსურია და, შესაბამისად, ვითარების გასაუმჯობესებლად მრავალმხრივი მუშაობაა საჭირო, როგორც პოლიტიკის და კანონმდებლობის დონეზე, ასევე თემებთან და თვითონ მოზარდებთან მათი დამოკიდებულების შესაცვლელად.“

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და UNFPA-ს საქართველოს ოფისი. შეხვედრა ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.