თქვენ აქ ხართ

გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის განცხადება, ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 75 წლის წინ მიიღო. მიუხედავად ამისა, ადამიანური ღირსებისკენ, თავისუფლებისა და თანასწორობისკენ მასში გაჟღერებული მოწოდებები, კვლავაც აქტუალურია, და შესაძლოა, უფრო აქტუალურიც კი, ვიდრე ოდესმე. 

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები, მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ კუთხეში, ამ უნივერსალურ ღირებულებებს სათანადოდ აფასებენ, ჯერ კიდევ მრავლად არის ადგილები, სადაც ადამიანის უფლებები უგულებელყოფილია, რის შედეგადაც განსაკუთრებით ზარალდებიან ქალები და გოგოები. ამ ყველაფერს სტატისტიკა ადასტურებს: ორსულობათა თითქმის ნახევარი დაუგეგმავია; ყოველ ორ წუთში ერთი ქალის სიცოცხლე ეწირება ორსულობას ან მშობიარობას; ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლი ხდება, სიცოცხლის განმავლობაში; და ამ ყველაფერთან დაკავშირებული რისკები საგრძნობლად იზრდება იმ ქალებისა და გოგოების შემთხვევაში, რომლებსაც ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში უწევთ ცხოვრება.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა შესახებ არსებულ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებში, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სხეულის ავტონომია ადამიანის ძირითადი უფლებაა. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა და უფლება, თავისუფლად და პასუხისმგებლობით მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარი სხეულის შესახებ, მათ შორის იმის შესახებ, იყოლიონ თუ არა შვილები, ან როდის და რამდენი შვილი იყოლიონ. ამ უფლების რეალიზება მოიცავს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მომსახურების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, მათ შორის კონფლიქტებისა და ბუნებრივი კატასტროფების ზონებში მცხოვრებთათვის. ამ უფლების რეალიზების მტკიცე წინაპირობას წარმოადგენს გენდერული ნიშნით ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიუხედავად იმისა, თუ სად და როდის აქვს ადგილი ამგვარ ძალადობას - იქნება ეს სახლებში, სამუშაო ადგილზე, კრიზისულ გარემოში თუ ვირტუალურ სივრცეში. ასევე უნდა დასრულდეს ისეთი მავნე პრაქტიკა, როგორიცაა ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება და ადრეულ/ბავშვის ასაკში ქორწინება.

მთელ მსოფლიოში, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მხარში უდგას ქალებსა და გოგოებს, რომლებიც ითხოვენ საკუთარი უფლებების დაცვას, იქნება ეს სხეულის ავტონომიის უფლება, თუ თავისუფალი და თანასწორი ცხოვრების უფლება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთავრობებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პოლიტიკა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებებს და შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა ეროვნულ და საერთაშორისო მექანიზმებს. მაგალითად, კენიაში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, მოზამბიკსა და ტანზანიის გაერთიანებულ რესპუბლიკაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დახმარებით, უზრუნველყოფილი იქნა ოჯახის დაგეგმვის პროგრამების შესაბამისობაში მოყვანა ადამიანის უფლებათა პრინციპებთან. კოსტა რიკაში ჩვენი დახმარებით შემუშავდა ახალი კანონპროექტი, რომელიც იცავს ორსულ ქალებს ძალადობისგან, სამეანო მომსახურების მიწოდებისას, მშობიარობამდე, მშობიარობის დროსა და მშობიარობის შემდეგ.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ძალისხმევა, რომელიც მიმართულია დეტალური და სათანადოდ ჩაშლილი მონაცემების შეგროვების გაუმჯობესებისკენ, ხელს უწყობს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას და იმ ადამიანების ინტერესების წინა პლანზე წამოწევას, რომლებიც, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ყურადღების მიღმა და უგულებელყოფილი რჩებოდნენ. კამბოჯაში, იორდანიაში, მექსიკაში, თურქმენეთსა და ზამბიაში, სხვა ქვეყნებთან ერთად, პირველად დაიწყეს აღწერის საშუალებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება, რაც მათი უფლებების დაცვის გზაზე გადადგმულ გადამწყვეტ ნაბიჯს წარმოადგენს.

კრიზისის დროს, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) დგას ყველაზე დაუცველი ქალების, გოგოებისა და ახალგაზრდების გვერდით, რომელთა როლიც, მშვიდობისა და უსაფრთხოების ძიებაში, მნიშვნელოვანია. აღნიშნული მხარდაჭერა გულისხმობს დაუღალავ მუშაობას დაუცველი ადამიანების უფლებების დარღვევის თავიდან აცილების, შემთხვევების მართვისა და მათზე რეაგირების მიმართულებით. ყველგან, სადაც კი ჰუმანიტარული კრიზისი მძვინვარებს, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) დგას ქალებისა და გოგოების უფლებების სადარაჯოზე და ამავდროულად ხელმძღვანელობს სამართლიანობის, თანასწორობისა და თანაგრძნობის პრინციპებით. ღაზის სექტორში, სუდანში, უკრაინასა და სხვა ადგილებში, სადაც ამის გადაუდებელი საჭიროება არსებობს, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) აგზავნის და ავრცელებს მშობიარობისთვის საჭირო ნაკრებებს, უსაფრთხო მშობიარობებისა და მშობიარობის შემდგომ სათანადო ზრუნვის უზრუნველსაყოფად. რეპროდუქციული ასაკის ადგილმონაცვლე - დევნილ ან ლტოლვილ - ქალებსა და გოგოებს ჩვენ ასევე ვუზრუნველყოფთ ნაკრებებით, რომლებიც მათ პირადი ჰიგიენის დაცვასა და მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული საჭიროებების დაკმაყოფილებაში ეხმარება.

მისი მიღებიდან 75 წლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია შეგვახსენებს, რომ არასდროს უნდა დავთმოთ ჩვენი ძირითადი ღირებულებები და არასდროს უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა ისეთი მსოფლიოს შექმნისთვის, რომელში ცხოვრებასაც ჩვენ ვისურვებდით. ადამიანის უფლებათა დაცვის დღე იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი დღე, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ შევასრულოთ ის პირობა, რომელიც მასშია ჩადებული - შევქმნათ უკეთესი მსოფლიო, სადაც განურჩევლად ყველა ადამიანს შეეძლება ისარგებლოს ყველა იმ უფლებით, რომელიც აღნიშნულ დეკლარაციაშია შესული.