“საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას იმ მხრივ, რომ 200-ზე მეტი ქალი იღუპება ყოველწლიურად საშვილოსნოს ყელის კიბოსგან, რომლის მთავარი გამომწვევი მიზეზი არის ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ)” - ამბობს 24 წლის ელენე ჯანუყაშვილი, მე-6 კურსელი და მომავალი რეპროდუქტოლოგი.
იანვარში ელენემ თავისი ასაკობრივი ჯგუფისთვის იმუნიზაციის კალენდრით გათვალისწინებული პაპილომავირუსის საწინააღმდეგო 9-ვალენტიანი ვაქცინის ბოლო - მესამე დოზა გაიკეთა. პაპილომავირუსი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელიც ქალებსა და გოგოებში საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მთავარი მიზეზია.
საქართველოში ხელმისაწვდომი 9-ვალენტიანი ვაქცინა, რომელიც ორგანიზმს პაპილომავირუსის კიდევ უფრო მეტი ონკოგენური ტიპებისაგან გამოწვეული ინფექციისგან იცავს, იმუნიზაციის ეროვნულ პროგრამაშია შეტანილი და უფასოდაა ხელმისაწვდომი როგორც 10-46 წლის გოგოებისა და ქალებისთვის, ასევე 10-26 წლის ბიჭებისა და კაცებისთვის.
“საქართველოში გვაქვს იმის ფუფუნება, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში არ არის, რომ ასეთი ძვირადღირებული ვაქცინა [უფასოდ] ჩავიტაროთ, დავიცვათ თავი და ასევე ჩვენი პარტნიორები ამ ინფექციისგან, რასაც საბოლოო ჯამში ონკოგენურ დაავადებამდე მივყავართ, იქნება ეს საშვილოსნოს ყელის კიბო თუ სხვა” - ამბობს ელენე.
ელენესთან ერთად პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა მისმა მეგობარმა, 24 წლის გივი ღვინჯილიამ, რომელიც ასევე მე-6 კურსელია.
საქართველოში არსებობს მითი, რომ რადგან კაცს საშვილოსნო არ აქვს, მას პაპილომავირუსი ვერ დაემართება. არადა, ის კაცებსაც ემართებათ და რადგან გადამდებია, განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მათ პარტნიორ ქალებსაც.
“იმის გარდა, რომ შენ თავს იცავ, მნიშვნელოვანია პარტნიორის დაცვაც და პაპილომავირუსის ხასიათიდან გამომდინარე, რომელიც საერთოდ არ ჩანს და გვიან, ძალიან მძიმედ იჩენს თავს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემას თავიდანვე ავარიდოთ თავი” – ამბობს გივი.
პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარა თავის უფროს ბიჭს 39 წლის HR პროფესიონალმა, ნინო ინაშვილმა. უმცროსი 7 წლისაა და იმუნიზაციის კალენდრით ვაქცინაცია ჯერ არ უწევს, თუმცა ნინო აპირებს, როგორც კი ასაკობრივად მოუწევს, ისიც აცრას.
“როგორც კი გავიგე, რომ შესაძლებელი იყო პაპილომავირუსზე ბიჭების აცრა დავინტერესდი და გავერკვიე. მაშინ 12 წლის იყო ჩემი უფროსი შვილი და შესაძლებელი იყო მისი [ვაქცინაციის] პროგრამაში ჩართვა, რომ, პირველ რიგში, დაგვეცვა ჩემი შვილი იმ დაავადებებისგან რაც შეიძ₾ება პაპილომავირუსმა გამოიწვიოს (მაგალითად, სასქესო ორგანოს კიბო), და ასევე სამომავლოდ დაგვეცვა ქალები [ვისთანაც მას შეიძლება ზრდასრულ ასაკში ურთიერთობა ჰქონდეს]” - ამბობს ნინო.
ნინოს ირგვლივ, მშობლების უმეტესობას გოგო შვილები აცრილი ჰყავს და ვაქცინაციის საჭიროებაზე ინფორმაციასაც ავრცელებენ:
“ხშირად შემხვედრია ფოტოები, ვიდეოები აცრის ადგილიდან. სამწუხაროდ, არ გამიგია ბიჭი შვილი ვინმეს აეცრას და იმედი მაქვს, ამ მაგალითით, თუნდაც ჩემი შვილის კლასელების მშობლები დაინტერესდებიან და აცრიან ბავშვებს” – აღნიშნავს ნინო და დასძენს, რომ ახლა როდესაც გაიზარდა ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი, თავადაც აუცილებლად ჩაერთვება ამ კამპანიაში.
საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლის უმთავრესი გამომწვევი მიზეზი პაპილომავირუსია, საქართველოში მცხოვრებ ქალებში ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მეხუთე ადგილზეა.
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და განკურნება შესაძლებელია
საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ტექნიკური დახმარებით 2009 წლიდან ამოქმედდა. იმისათვის, რომ სკრინინგ პროგრამები საყოველთაო ხელმისაწვდომი გახდეს, მათ შორის, სოფლად და ძნელადმისაწვდომ ადგილებში მცხოვრები ქალებისთვის, UNFPA, გაეროს სააგენტოებთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ხელს უწყობს ციფრული მედიცინის განვითარებას საქართველოში.
ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაცია და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოდ არის ხელმისაწვდომი პირველადი ჯანდაცვისა და ეროვნულ სკრინინგ ცენტრებში.