საქართველოში, სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგოებისთვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა დღემდე დიდ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით, ისეთ მაღალმთიან რეგიონში, როგორიცაა აჭარა.
“პირველ რიგში, იმიტომ რომ ადგილზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებები არ არის ტექნიკურად აღჭურვილი, დიდ ქალაქებში მიგრაციის გამო სამედიცინო პერსონალის დეფიციტია და ადგილზე მცხოვრებ ადამიანებს მხოლოდ საბაზისო მომსახურებაზე, ელემენტარულ სერვისებზე აქვთ წვდომა, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ქალების ჯანმრთლობას” - ამბობს ორგანიზაცია “სოლიდარობის თემის” დამფუძნებელი ნესტან ანანიძე.
”სოლიდარობის თემი” ადგილობრივი სათემო ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს მთიან აჭარაში და ზოგადად აჭარის რეგიონში, მათ შორის, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან ხულოს, ქედას, შუახევის მუნიციპალიტეტებში და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან, როგორებიცაა ახალგაზრდები, ქალები, ქართველი მუსლიმები და ა.შ.
როგორც ნესტანი აღნიშნავს, აჭარაში, თავიანთი სოციალური ყოფიდან გამომდინარე, ქალებსა და გოგოებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა. ამ თემის წევრი ქალები წლის დიდ მონაკვეთს საძოვრებზე ატარებენ და ფიზიკურად ირჯებიან.
“ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ისინი ხშირად ვერ ახერხებენ ბათუმში ჩასვლას სხვადასხვა გამოკვლევებზე, ხოლო მათ საცხოვრებელთან ახლოს მდებარე სამედიცინო პუნქტები არ არის სათანადოდ აღჭურვილი და ექიმების ნაკლებობაა. ამიტომ, ვცდილობთ ჩვენი რესურსებით შევთავაზოთ ქალებს უფასო, პირველადი გინეკოლოგიური შემოწმება” - ამბობს ნესტანი.
“სოლიდარობის თემი” 2022 წლიდან უზრუნველყოფს ქალებისთვის ადგილზე გინეკოლოგიურ მომსახურებას, რის შემდეგაც საჭიროების მიხედვით ხდება მათი გადამისამართება სხვა პროფილის სპეციალისტთან.
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), როგორც სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტო, ზრუნავს ქალებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე საქართველოსა და მთელ მსოფლიოში და თავისი პროგრამებით ეხმარება ადგილობრივ ორგანიზაციებს, თითოეულ ქალთან მიიტანონ ის სერვისები, რაც მათი ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი. მათ შორისაა ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების ყველაზე რთულად მისადგომი სოფლები - წონიარისი, ზვარია და ოქრუაშვილები.
“გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის პრიორიტეტულია ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა, ქალების და გოგოების ინფორმირება არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ. სწორი ინფორმაციის მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის მიღწევის, ქალთა გაძლიერების და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ამ კუთხით, განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე სოფლად მცხოვრები ქალები დგანან, სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ადგილობრივ პარტნიორთან ერთად შევძელით მივწვდომოდით მეტ ქალს, რათა ისინი არ დარჩნენ განვითარებისა და უფლებებს მიღმა” - ამბობს UNFPA-ის გენდერის ანალიტიკოსი ნანა ავალიანი.
აჭარა ერთ-ერთია იმ რეგიონებს შორის, სადაც UNFPA, გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისათვის” ფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით, ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებს აძლიერებს რათა მათ შეძლონ თავიანთ თემში შეიტანონ ცვლილება, რაც ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ჰარმონიული ცხოვრებისთვის არის საჭირო. როგორც ადგილობრივი ექთანი, დალი აბულაძე აღნიშნავს, წონიარისელ ქალებს ქედაში არსებულ კლინიკაში უწევთ ხოლმე ჩასვლა საჭირო სამედიცინო სერვისის მისაღებად, რადგან სოფლის ამბულატორიაში არ არის გინეკოლოგი. “მნიშვნელოვანია, რომ ყველგან იყოს სამედიცინო აპარატურა” - ამბობს ის.
UNFPA-ს და “სოლიდარობის თემის” ერთობლივი ინიციატივით, მაღალმთიან აჭარაში ქალებს, თავისი მობილური ექოსკოპიის აპარატით გინეკოლოგიური კონსულტაცია ექიმმა ეკა კვირკველიამ გაუწია, რომელმაც მათთან რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშრებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ ისაუბრა.
გენდერის ექსპერტმა, ეკა სხილაძემ კი ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში ქალებსა და ახალგაზრდებს უამბო იმ საზიანო პრაქტიკების მავნებლობაზე, როგორებიცაა ბავშვობის ასაკში ქორწინება და სქესის ნიშნით განსხვავება, ანუ ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება, რაც გოგოებს ბავშვობას ართმევს და ხშირად მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
“რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა კვლავ დაუძლეველ გამოწვევად რჩება ბევრი ქალისთვის საქართველოში. დაწესებულებების გეოგრაფიული დაშორება, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯები, ზრუნვის ტვირთით გამოწვეული დროის სიღარიბე და სხვა არაერთი სოციალური თუ ეკონომიკური მიზეზი ახდენს გავლენას ამ პრობლემაზე. Მობილური სერვისის მიწოდება ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზაა, რათა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ქალებმა შესძლონ ამ სერვისით სარგებლობა და ის უთანასწორო მდგომარეობა რაშიც იმყოფებიან მცირედით მაინც შეიცვალოს” - ამბობს ეკა სხილაძე.
გაეროს მოსახლეობის ფონდი, თავის პარტნიორებთან ერთად, მუშაობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების, მათ შორის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის, ოჯახის დაგეგმვის სერვისების ხელმისაწვდომობისა და თანასწორი მშობლობის წასახალისებლად, რაც სასურველი, ჯანსაღი და ჰარმონიული ცხოვრების წინაპირობაა.
ამ მიზანს ემსახურება რეგიონებში საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ვიზიტებიც ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებმაც ყველაზე უკეთ იცინ, რა გამოწვევების წინაშე დგანან ქალები და გოგოები მათ ირგვლივ არსებული პატრიარქალური სოციალური ნორმების ფონზე.