29-30 მაისს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, გაიმართა ტრენინგი სოციალური მუშაკებისთვის ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე.
2023 წლიდან, UNFPA თანამშრომლობს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან ადრეული ქორწინების შემთხვევებზე რეაგირების მიმართულებით, რაც, საწყის ეტაპზე, მიზნად ისახავდა სოციალური მუშაკებისთვის ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა მართვის შესახებ პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავებას, რომელიც 2024 წლის ივნისიდან ამოქმედდება.
კასკადური ტრენინგები სოციალური მუშაკებისთვის და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებისთვის ტარდება. პირველ ნაკადში მონაწილეობენ სოციალური მუშაკები თბილისიდან, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებიდან.
"გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი მხარს უჭერს სახელმწიფოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევასა და ისეთი გლობალური გამოწვევების აღმოფხვრაში, როგორიც არის გენდერული უთანასწორობა და ქალებისა და გოგოების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება კი, სხვა ფაქტორებთან ერთად, სწორედ გენდერულ უთანასწორობასთან არის დაკავშირებული. ამ მიმართულებით, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისე შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადრეული ქორწინების პრევენციასა და აღმოფხვრაზე.
ვითვალისწინებთ რა, სოციალური მუშაკების უმნიშვნელოვანეს როლს პრევენციული ღონისძიებების გატარებისა და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვის პროცესში, განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობით შევიმუშავეთ პრაქტიკული სახელმძღვანელო სოციალური მუშაკებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა ეფექტიანად მოახდინონ ბავშვთა ქორწინების პრევენცია, გამოავლინონ შემთხვევები და უზრუნველყონ შესაბამისი მხარდაჭერა“ - ნანა ავალიანი, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ კოორდინატორი.
„ადრეულ ასაკში ქორწინება ბავშვის უფლებების დარღვევაა, რაც ბავშვებს ართმევს განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სრულფასოვანი განვითარების, საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას და შესაძლებლობას. ბავშვთა ქორწინების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება, რისთვისაც განსაკუთრებული როლი აკისრიათ სოციალურ მუშაკებს.
გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით შემუშავებული პრაქტიკული სახელმძღვანელო ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა მართვის შესახებ, დაეხმარება სააგენტოს სოციალურ მუშაკებს არა მხოლოდ გამოავლინონ, არამედ, დროულად უზრუნველყონ არასრულწლოვნების მხარდაჭერა და ამასთან, გაიუმჯობესონ პროფესიული ცოდნა და გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით“ - თამთა ბაბუნაშვილი, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი.