გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი და "ეივონ კოსმეტიკს საქართველო" (AVON), ძალადობაგამოვლილი ქალებისა და მათი შვილების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ.
ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, 2023 წლის თებერვლიდან, ეივონმა გაყიდვაში ჩაუშვა სპეციალურად საქველმოქმედო მიზნით წარმოებული კოსმეტიკური პროდუქტები და აქსესუარები, რომელთა რეალიზაციიდან შემოსული სარგებელი სრულად ირიცხება საქველმოქმედო ფონდში.
კამპანიის წარმატებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს AVON-ის ბიზნეს პარტნიორმა ქალებმა, რომელთა ჩართულობის შედეგადაც უმნიშვნელოვანესი შედეგი დგება - იცვლება სხვა ქალების ცხოვრება.
თანხა სრულად მოხმარდება ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავშესაფარს ისეთი საჭიროებების უზრუნველსაყოფად, როგორებიცაა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები, ფსიქოლოგიური დახმარება, თავშესაფრის საყოფაცხოვრებო ნივთებით აღჭურვა და ა.შ.
UNFPA-ისა და AVON-ის კოლაბორაცია საჯარო-კერძო პარტნიორობის მნიშვნელობის ძლიერი მაგალითია, რაც მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების მხარდაჭერას მათ წინაშე მდგარ გამოწვევებთან გამკლავებაში.
საქართველოში ვიზიტის დროს, UNFPA-ის წარმომადგენელმა თურქეთში, აზერბაიჯანისა და საქართველოს ოფისების დირექტორმა, მარიამ ხანმა, UNFPA-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, მარიამ ბანძელაძესთან, უკრაინასა და საქართველოში AVON-ის კომერციულ დირექტორთან, ვოლოდიმირ ნეფედოვთან და AVON-ის გენერალურ დირექტორთან, ანა ცხადაძესთან ერთად, მოინახულა თავშესაფარი და შეხვდა ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის დირექტორს, ნატო შავლაყაძეს.
UNFPA-სა და AVON-ს 2020 წლიდან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. პარტნიორობის ამჟამინდელი ეტაპი შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს.
UNFPA განაგრძობს მსგავსი პარტნიორობების ადვოკატირებას იმისათვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით, სტრატეგიული ურთიერთობისა და რესურსების მობილიზაციის გზით, ხელშესახებ ცვლილებებს მივაღწიოთ.