18 თებერვალს, გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან პარტნიორობით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის „გენდერული თანასწორობა საქართველოსთვის“ ფარგლებში, საფუძველი ჩაუყარა საინფორმაციო-საკოორდინაციო პლატფორმას ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობის აღმოსაფხვრელად.
ტექნოლოგიებით ჩადენილ გენდერულ ძალადობას, გენდერული ნიშნით ძალადობის სხვა ფორმების მსგავსად, გენდერული უთანასწორობა უდევს საფუძვლად და იგი განსაკუთრებით აზიანებს ქალებსა და გოგოებს. ძალადობის ეს ფორმა მზარდი პრობლემაა საქართველოში და მისი სამიზნე უფრო მეტად ხდებიან ქალები, ვინც საჯარო სფეროში მოღვაწეობენ და იყენებენ ტექნოლოგიებს. მათ შორის არიან ქალი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ქალი ბიზნესმენები, კონტენტის შემქმნელები, ახალგაზრდები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.
კვლევები ცხადყოფს, რომ მსოფლიოში ქალების 38%-ს პირადად გამოუცდია ონლაინ ძალადობა, ქალების 85% კი სხვა ქალების მიმართ ონლაინ ძალადობის შემსწრე გამხდარა. ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობის ალბათობა 4-ჯერ უფრო მაღალია 18-24 წლის ქალების მიმართ, ვიდრე 65 წელს გადაცილებულ ქალების. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალგაზრდები საშუალოდ დღეში 3,7 საათს ატარებენ ინტერნეტში და მათი 86 პროცენტი სოციალურ მედია ქსელებს იყენებს, სწორედ ისინი წარმოადგენენ ჯგუფს, რომელიც ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობის მაღალი რისკის ქვეშ არიან.
ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობა დაბრკოლებას ქმნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა თანასწორი მონაწილეობის უზრუნველყოფის მხრივ, ახშობს ქალთა ხმას და ზღუდავს მათ დემოკრატიულ უფლებას წარმომადგენლობასა და მონაწილეობაზე, ამყარებს გენდერულ უთანასწორობას, პატრიარქალური ძალაუფლების სტრუქტურებსა და გენდერულ ნორმებს.
ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობის დაუყოვნებელი და კოორდინირებული რეაგირების უზრუნველსაყოფად, გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) შექმნა საინფორმაციო პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს გახდეს სივრცე იმ ეროვნულ და ადგილობრივ აქტორებს შორის კოორდინაციის გასაძლიერებლად და პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც ვალდებულებას იღებენ გადადგან ქმედითი ნაბიჯები ტექნოლოგიებით ჩადენილ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.
კერძოდ, პერიოდული შეხვედრების მეშვეობით, პლატფორმა გააძლიერებს ინფორმაციისა და ცოდნის გაცვლას, ხელს შეუწყობს პარტნიორობას, გამოავლენს მონაცემთა შეგროვების, საკანონმდებლო და პროგრამული ჩარჩოების მიმართულებით არსებულ ხარვეზებს და უზრუნველყოფს ტექნოლოგიებით ჩადენილ გენდერულ ძალადობაზე რეაგირებისა და ამ დანაშაულის პრევენციის საკითხებში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
“გაეროს მოსახლეობის ფონდში გვჯერა, რომ გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი როლი აკისრია. როდესაც ქალებსა და გოგოებს აქვთ უსაფრთხო წვდომა ტექნოლოგიებზე, მათ შეუძლიათ ხმა აიმაღლონ, თავიანთი უფლებების შესახებ ისაუბრონ, შესაბამისად, გარდაქმნან თავიანთი მომავალი. ამისათვის კი გვჭირდება ძლიერი პარტნიორობები და კოორდინაცია სექტორებს შორის და მათ მიღმა” - ამბობს UNFPA-ის პროგრამის მენეჯერი მარიკა ქურდაძე.
ახლადშექმნილი პლატფორმა აერთიანებს გაეროს შესაბამისი სააგენტოების, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლთათვის მომსახურების მიმწოდებლებისა და ადვოკატების, ფემინისტური და ქალთა მიერ მართული ორგანიზაციების, ციფრული უფლებებისა და ქალთა უფლებების დამცველების და აკადემიური წრეებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ვალდებულებას იღებენ აქტიურად ჩაერთონ გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
პლატფორმა შეიქმნა პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ.