Go Back Go Back
Go Back Go Back

მენსტრუალური ჰიგიენის დღე

მენსტრუალური ჰიგიენის დღე

ახალი ამბები

მენსტრუალური ჰიგიენის დღე

calendar_today 28 მაისი 2025

An illustrated card on a pink background and Georgian text that menstruating is not a shame and several hygiene kits related
ილუსტრაცია: UNFPA

28 მაისი მენსტრუალური ჰიგიენის დღეა. ეს დღე აღინიშნება ყოველი წლის მეხუთე თვის 28-ე დღეს, რადგან მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა საშუალოდ სწორედ 28 დღეს შეადგენს და დაახლოებით 5 დღეს გრძელდება.

მსოფლიოში, ყოველთვიურად 1.8 მილიარდ ადამიანს აქვს მენსტრუაცია. თუმცა, საზოგადოებაში ამაზე ხმამაღლა საუბარი კვლავ არ არის მიღებული. მენსტრუაციის დროს, ქალებსა და გოგოებს სჭირდებათ განსაკუთრებული სიმშვიდე, ზრუნვა, მხარდაჭერა და წვდომა ჰიგიენის ყველა პროდუქტზე, რაც მათ განწყობებსა და ფიზიკურ თუ მენტალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), როგორც გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტო, ზრუნავს მენსტრუალური ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მხარდაჭერაზე მთელ მსოფლიოში. 

მენსტრუალურ ჯანმრთელობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, გენდერული თანასწორობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველლსაყოფად. მნიშვნელოვანია, რომ სკოლეში, კერძო და საჯარო დაწესებულებებში ადამიანებს შეეძლოთ მენსტრუაციის მართვა ღირსეულად - სანიტარული ნორმების გათვალისწინებით. 

მიუხედავად ამისა, ყოველდღიურად, მილიონობით ქალსა და გოგოს შეზღუდული აქვს წვდომა მენსტრუალური ჰიგიენის უზრუნველსაყოფად საჭირო ელემენტარულ პროდუქტზე, რაც მნიშვნელოვნად უშლის ხელს სამუშაოსა თუ სასწავლებელში სიარულსა და სრულფასოვან საზოგადოებრივ ცხოვრებაში; აღრმავებს სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობას, უქმნის მათ ფიზიკურ დისკომფორტს და მენტალური თუ რეპროდუქციული ჯანმრთელობის რისკებს. ეს კი, თავის მხრივ, გენდერული უთანასწორობის, დისკრიმინაციისა და სტიგმის წინაპირობაა. 

მენსტრუალური ჯანმრთელობის დაცვა გულისხმობს უნივერსალურ მიდგომას, რაც მოიცავს მოსახლეობის ინფორმირებას, გამართულ ინფრასტრუქტურას, ჰიგიენური ნივთების საჭირო მარაგებზე ხელმისაწვდომობასა და სტიგმის დაძლევის მიმართულებით საერთო ძალისხმევას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მენსტრუალური ჰიგიენის დღე. 

დღეს, კიდევ ერთხელ გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას, რომ მენსტრუაცია ნორმაა და, რომ ამაზე ხმამაღლა საუბარი მნიშვნელოვანი შვებაა უამრავი ქალისა და გოგოსთვის მსოფლიოს ყველა კუთხეში.