გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია კანემის განცხადება ბებიაქალთა საერთაშორისო დღეს 5 მაისს:
იქ, სადაც ბომბები ცვივა ან წყალდიდობა აზიანებს გზებსა და შენობებს, სადაც მომსახურება წყდება ან ინფრასტრუქტურა ნადგურდება, ხშირად, მეან-ექთნები (ბებიაქალები) არიან პირველები, ვინც მოქმედებას იწყებენ და სიცოცხლის გადარჩენის სადარაჯოზე დგებიან. მათ ხშირად უწევთ გრძელი და სახიფათო გზების გავლა, შორეულ და მიუვალ ადგილებში მყოფთა დასახმარებლად, მათი სიცოცხლის გადასარჩენად, მათი ჯანმრთელობისა და უფლებების დასაცავად.
მშობიარობისას ქალების დაღუპვის რისკი ორჯერ უფრო მაღალია ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში. ბებიაქალების ჩართვა ჰუმანიტარულ, ბუნებრივ თუ სხვა სახის კატასტროფებზე რეაგირების ღონისძიებებში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება და თავიდან აცილებადი მიზეზებით დედათა სიკვდილიანობის შემთხვევების შემცირების ეკონომიურად ეფექტური გზაა.
ბებიაქალებს შეუძლიათ მოსახლეობა უზრუნველყონ სასიცოცხლოდ აუცილებელი სქესობრივი და რეპროდუქციული, დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის, მათ შორის ოჯახის დაგეგმვის სერვისების 90 პროცენტით. მათ ასევე შეუძლიათ მხარდაჭერა აღმოუჩინონ გენდერული ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს, რომელთა რაოდენობაც კრიზისების დროს უკიდურესად იზრდება.
ბებიაქალები, ხშირად, საკუთარი სიცოცხლისა და უზარმაზარი რისკის ფასად, რთულად მისადგომ ადგილებში აკითხავენ კრიზისულ სიტუაციებში მყოფ ქალებსა და გოგოებს, რათა დახმარება გაუწიონ მათ.
მიუხედავად ამისა, ბებიაქალების პროფესიის საციცოცხლო მნიშვნელობა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ აღიარებული ჯანდაცვის სფეროში. ამ პროფესიაში განხორციელებულმა მუდმივად არასაკმარისმა ინვესტიციებმა განაპირობა ბებიაქალთა არასათანადო მომზადება, ინფრასტრუქტურისა და მარაგების ნაკლებობა და დაბალი ხელფასები - ეს ის ბარიერებია, რომლებიც სტაბილურობის დროს არსებობს და უკიდურესად უარესდება კრიზისის დროს.
ბოლო დროს განხორციელებული ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსების მკვეთრი შემცირება ამ ბარიერებს კიდევ უფრო გაზრდის, რაც უკიდურესად სავალალო შედეგებით აისახება მსოფლიოს ზოგიერთ ყველაზე რთულ ადგილას მცხოვრებ ქალებსა და გოგოებზე. დღევანდელი რეალობა ისედაც საგანგაშოა, კონფლიქტებისა თუ სხვა არასტაბილურ ზონებში - იქ, სადაც დედათა სიკვდილიანობის შემთხვევათა 60 პროცენტზე მეტი მოდის - ქალთა და ახალშობილთა სიკვდილიანობის ზრდა ფიქსირდება.
ცნობილია, რომ ბებიაქალებს შეუძლიათ თავიდან აგვაცილონ დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემთხვევათა ორი მესამედი და, ამგვარად, მსოფლიოს მოუტანონ უზარმაზარი ეკონომიკური და სოციალური სარგებელი, რომელიც უკავშირდება ჯანდაცვაზე დაბალ ხარჯებსა თუ უფრო პროდუქტიულ სამუშაო ძალას, და რომლის შედეგიც იქნება ის, რომ ქალები და საზოგადოებები მთლიანად მეტად დაცულები იქნებიან კრიზისის მიმართ.
დღეს, ბებიაქალების საერთაშორისო დღეს, მოვუწოდებთ მთავრობებსა და დონორებს, შეუერთდნენ გაეროს მოსახლეობის ფონდსა და პარტნიორებს, ბებიაქალების მხარდაჭერის ინიციატივაში, რომელიც მიზნად ისახავს ამ პროფესიაში მეტი ფინანსური და პროგრამული ინვესტიციების მოზიდვას - ვიდრე კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე გამოგვეცლება ხელიდან.
ბებიაქალები არიან ისინი, ვინც სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან. მოდით გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, რათა დავასრულოთ ამ პროფესიის დეფიციტი - მსოფლიოს დღეს დამატებით 1 მილიონი ბებიაქალი სჭირდება - და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ თავიდან აცილებადი მიზეზებით დედების სიკვდილიანობა.