Go Back Go Back
Go Back Go Back

ბებიაქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა თბილისში

ბებიაქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა თბილისში

Press Release

ბებიაქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა თბილისში

calendar_today 06 მაისი 2025

A crowd of people are sitting in a room
ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNFPA

5 მაისს, თბილისში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, მეან-ექთანთა (ბებიაქალთა) საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. წლევანდელი თემა იყო: „ბებიაქალების კრიტიკული მნიშვნელობა კრიზისულ სიტუაციებში“.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მეანი-ექთნის როლის ხაზგასმას ორსულთა მოვლასა და დედათა ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში, ბებიაქალთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICM) მიერ ევროპა-ევრაზიის რეგიონში მიმდინარე პროექტებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა და ბებიაქალთა მოსამზადებელი თანამედროვე და ხარისხიანი სასწავლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობა.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს UNFPA საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ ბანძელაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინა ჯავახაძემ და საქართველოს ბებიაქალთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნატალია ხაჩიძემ.

ბებიაქალთა საერთაშორისო დღე 1992 წლიდან აღინიშნება, რათა ხაზგასმით აღნიშნოს მათი მნიშვნელოვანი წვლილი ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის საქმეში.

ბებიაქალები უზრუნველყოფენ უსაფრთხო მშობიარობას, ანტე/პოსტ-ნატალურ მზრუნველობას, ოჯახის დაგეგმვას და მხარდაჭერას გენდერული ძალადობის მსხვერპლთათვის. მათ ასევე მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ძუძუთი კვების ხელშეწყობასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.

კრიზისულ სიტუაციებში ბებიაქალები ხშირად არიან პირველები, ვინც დედებისა და ახალშობილების დახმარებას უწევს, მათ შორის ისეთ ადგილებშიც, სადაც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. ბებიაქალებს შეუძლიათ სიცოცხლის გადარჩენა დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის რისკების დროული გამოვლენითა და გართულებების მართვით.

თუმცა მსოფლიოში კვლავ მწვავედ დგას კვალიფიციური ბებიაქალების დეფიციტის პრობლემა და მსოფლიოს დამატებით თითქმის 1 მილიონი ბებიაქალი ესაჭიროება, რომელიც აღჭურვილი იქნება ცოდნითა და კვალიფიკაციით, რაც მათი საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისთვის გადამწყვეტი წინაპირობაა. 

საქართველოშიც ბებიაქალთა პროფესიული განვითარება რიგ გამოწვევებთანაა დაკავშირებული: სამუშაო ძალის დეფიციტი, დაბალი პროფესიული აღიარება და ანაზღაურება, არათანმიმდევრული მოვლის ხარისხი (განსაკუთრებით სოფლად) და შეზღუდული წვდომა უწყვეტ პროფესიულ განათლებაზე.

ბებიაქალთა საერთაშორისო დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს მათ გადამწყვეტ როლს დედათა და ახალშობილთა მოვლის უწყვეტობის უზრუნველყოფაში — განსაკუთრებით ყველაზე დაუცველი ჯგუფებისთვის. ბებიაქალების გაძლიერება უნდა წარმოადგენდეს ეროვნული ჯანდაცვის სისტემის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტს.

დღეს, აუცილებელია ბებიაქალების როგორც სრულფასოვანი ჯანდაცვის პროფესიონალების აღიარება და მათი სრული ჩართულობის უზრუნველყოფა დედათა მოვლის ყველა დონეზე.