წელს მეორედ, გაეროს მოსახლეობის ფონდის #UNFPA საქართველოს ოფისი, ევროპის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს შეუერთდა. ბავშვებს, მშობლებს, ახალგაზრდებს და ხანდაზმულებს ინფორმაციული, გასართობი და შემეცნებითი პროგრამით წელს "ექსპო ჯორჯიას" რამდენიმე პავილიონში ვუმასპინძლეთ.
მე-3 პავილიონთან მდებარე ჯადოსნურ კარავში, საბავშვო თოჯინური სპექტაკლის "ლუნა და ციცინატელების პლანეტა" 3 წარმოდგენა მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა ჩაატარა.
Მე-4 პავილიონში დავაჯილდოვეთ თინეიჯერების საყვარელი კომიქსის “უჩინარის” სამოყვარულო გაგრძელების კონკურსის გამარჯვებულები და მონაწილეები.
Მე-6 პავილიონში გამართულ პანელურ დისკუსიაზე “რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარუზე ვლაპარაკობთ”, UNFPA-ის მეგობრებთან და ყველასთვის კარგად ნაცნობ მწერლებთან დათო გორგილაძესთან, ნესტან (ნენე) კვინიკაძესთან და ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან, მსახიობ კახა კინწურაშვილთან და UNFPA-ს კომუნიკაციების და პარტნიორობის ანალიტიკოს სალომე ბენიძესთან ერთად ვისაუბრეთ თანასწორი მშობლობის, მოვალეობების განაწილების და ჰარმონიუილი ურთიერთობების შესახებ.
ყველაზე მეტი აქტივობა მე-11 პავილიონში გვქონდა, სადაც ბორდგეიმი “პერსონას” უამრავი რაუნდი ვითამაშეთ ყველა ასაკის სტუმართან და ჩვენს მეგობარ ელენიკო ფოქსთან და “ბიჯი ერა გეიმსის” გუნდთან ერთად, კიდევ ერთხელ დავარღვიეთ სტერეოტიპები.
ამავე პავილიონში, ჩვენი “მამების სკოლის” ფასილიტატორ გიორგი ლიპარიშვილთან ერთად გავიგეთ, რა დევს მამის ჩანთაში, ვუმასპინძლეთ მშობლებს მცირეწლოვან შვილებთან ერთად და გავაფერადეთ “ლუნა და ციცინათელების პლანეტის” ალბომები.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტენდთან მისულმა სტუმრებმა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ კონსულტაცია მიიღეს საქართველოს წამყვანი გინეკოლოგის, მაკა ჩიქოვანისგან.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სტუმარს ჩვენს სტენდთან მოსვლისა და აქტივობებში მონაწილეობისთვის, ბორდგეიმით დაინტერესებისთვის, ვორქშოფში ჩართულობისა და თოჯინურ სპექტაკლებზე დასწრებისთვის.
ჩვენი ღონისძიებების მიმართ ინტერესი მთელი დღის მანძილზე არ დამცხრალა. გვიხარია, რომ ჩვენი სტენდიც და ჯადოსნური კარავიც მუდმივად სტუმრებით იყო სავსე. მადლობა ყველას, ვინც ეს დღე დაუვიწყარი გახადა: ჩვენი ღონისძიებების თითოეულ მონაწილეს, ჩვენს მოხალისეებს, მარნეულის კულტურის ცენტრის, გამომცემლობა “პალიტრა L-ს”, “ბიჯი ერა გეიმსს”, კამპანიას “კაცები ზრუნავენ”, ჩვენს ყველა მეგობარს და პარტნიორს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩვენს ღონისძიებებში.
განსაკუთრებული მადლობა ევროკავშირის წარმომადგენლობას ნდობისა და მხარდაჭერისთვის.