თამარ გახოკიძე აივ-ით 2007 წელს, ციხეში სასჯელის მოხდისას, 25 წლის ასაკში დაინფიცირდა, არასტერილური ინსტრუმენტით სტომატოლოგიური მომსახურების მიღების შედეგად. ახლა იგი 4 შვილის დედაა და აივ-ით ინფიცირებული ქალების მხარდამჭერ საკუთარ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.
„მინდა მათთვის მტკიცე საყრდენი ვიყო და ვფიქრობ, რომ ვარ კიდეც“, – ამბობს თამარი, რომელიც ღიად საუბრობს საკუთარ დიაგნოზზე, რადგან მიიჩნევს, რომ ეს მნიშვნელოვანია აივ-ის ცნობადობის ამაღლებისა და მის გარშემო არსებული სტიგმის დასაძლევად საქართველოში.
ციხეში ყოფნისას, თამარს რეგულარულად უტარდებოდა ტესტირება, რასაც რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრი „თანადგომა“ უზრუნველყოფს. იგი იხსენებს, რომ დიაგნოზმა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო:
„პირობა დავდე, რომ ჩემს დიაგნოზს არასდროს დავმალავდი და არც არასდროს დამიმალავს“, – ამბობს იგი.
იმ დროს, როდესაც თამარს აივ-ის დიაგნოზი დაუსვეს, საქართველოში ძალიან მცირე რამ იყო ცნობილი ამ ინფექციის შესახებ და მისი სასოწარკვეთილებაც სწორედ ამის შედეგი იყო: „ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცოდი იყო ის, რომ ვერასდროს შევძლებდი განკურნებას და ნებისმიერ დროს შეიძლება მომკვდარიყავი“.
საქართველოში 2024 წლის მონაცემებით, 1989 წლიდან მოყოლებული დღემდე, აივ-ით ინფიცირებული 11, 025 ადამიანი (8266 კაცი და 2 759 ქალი) არის აღრიცხული, და მათგან 2 331 აივ-ის თანმდევი გართულებებით გარდაიცვალა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის მონაცემებით, აივ-ით ინფიცირების დიაგნოსტირების საშუალო ასაკი 38 წელია (პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა)
დღეს აივ-ით ინფიცირებული ადამიანები ქორწინდებიან, ბავშვებს აჩნენ და ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწევიან. თამარი, რომელიც აივ-ით ინფიცირებულ ადამიანების მხარდაჭერითაა დაკავებული, მათ შორისაა. მის შემთხვევაში მკურნალობა წარმატებული აღმოჩნდა და, სპეციალისტების მიერ დანიშნული პრეპარატების წყალობით, ინფექციის გადამტანი აღარ არის. თუმცა, მან იცის, რომ თუ მედიკამენტების მიღებას შეწყვეტს, ვირუსი ნებისმიერ დროს შეიძლება „გააქტიურდეს“.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება აივ-ისა და მისი გადაცემის გზების შესახებ დღეს უფრო ინფორმირებულია, თამარი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები უგულებელყოფენ რეალობას და აივ-ით ინფიცირებული ადამიანებისგან თავს შორს იჭერენ. მაგალითად, თამარის ქალიშვილი, რომელიც აივ-ით არ არის ინფიცირებული, ბალეტის სკოლიდან დაითხოვეს, დედის აივ-დიაგნოზის გამო.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ბადრიძე, რომელსაც ამ სფეროში მოღვაწეობის 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ საქართველოში აივ-ით ინფიცირებული ადამიანების შესახებ არსებული სტიგმის დაძლევაში მნიშვნელოვანი წინსვლა აღინიშნება, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. მაგრამ ჯერ კიდევ გვხვდება შემთხვევები, როდესაც აივ-ით ინფიცირებულ ადამიანებს სამსახურიდან ათავისუფლებენ.
„[ასეთ დროს] ვუკავშირდებით მათ ხელმძღვანელებს და განვუმარტავთ, რომ ეს ადამიანები სხვა თანამშრომლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. უფრო მეტიც, ის პირები, რომლებიც მკურნალობას გადიან, ინფექციის პარტნიორებზე გადაცემისგანაც არიან დაცული“, – ხაზგასმით აღნიშნავს ნინო ბადრიძე.
იგი მოუწოდებს ყველას, ვისაც რისკის შემცველ ქცევებში - მათ შორის დაუცველ სქესობრივ კავშირში - ჩართვის გამოცდილება აქვთ, გაიარონ ტესტირება: „რაც უფრო ადრე დავიწყებთ მკურნალობას, მით უფრო ეფექტიანი იქნება იგი“.
„აივ-ინფექცია ქრონიკული დაავადებაა, რომლის კონტროლიც შესაძლებელია უწყვეტი მკურნალობით... აივ-ინფექციის დროულად დიაგნოსტირების შემთხვევაში და სათანადო მკურნალობის გავლის შემდეგ, პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის ისეთივეა, როგორც ამ დიაგნოზის არმქონე ადამიანებისა“.
საქართველოში აივ-ტესტირება უფასოა. მიუხედავად ამისა, გვიან ეტაპზე დიაგნოსტირება კვლავაც პრობლემად რჩება.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ახალგაზრდებში 2020 წელს ჩატარებული თვისობრივი კვლევის თანახმად, ცნობადობისა და ინფორმირებულობის დაბალი დონე, გავრცელებული მითები და სტერეოტიპები, ტესტის შედეგის მიმართ შიში, უარყოფითი დამოკიდებულებების მოლოდინი, დისკრიმინაცია და კონფიდენციალურობის დარღვევა, ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც საქართველოში ახალგაზრდებს შორის აივ-ტესტირებზე დაბალი მოთხოვნა და, შესაბამისად, ტესტირებით ამ რისკ ჯგუფის დაფარვის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის - „თანადგომა“ - წარმომადგენელი, ჯანდაცვის სპეციალისტი, კახაბერ კეპულაძე აცხადებს, რომ აივ-ინფექციის შესახებ არსებული სტიგმის დასაძლევად საჭიროა ისეთი თაობების აღზრდა, რომლებიც სტერეოტიპებისგან თავისუფალი იქნებიან.
მისი თქმით, სერვისის მიღების წასახალისებლად, საჭიროა თვითტესტებისა და სხვა ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, როგორიცაა კონდომებით, შპრიცებით, ორსულობის ტესტებითა და სხვა სამედიცინო საშუალებებით სავსე ყუთების განთავსება საჯაროდ ხელმისაწვდომ სივრცეებში.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ აივ-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით მნიშვნელოვანია საჭიროებების იდენტიფიცირება, რისი მიღწევაც შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესებში რისკის შემცველი სხვადასხვა ქცევის მქონე ადამიანების ჩართვით:
„სტიგმისგან თავისუფალი ქვეყნები, ფაქტობრივად, არ არსებობს, მაგრამ ბევრმა ქვეყანამ მაინც მოახერხა სტიგმის საფუძველზე დისკრიმინაციის მინიმუმამდე დაყვანა... შეგვიძლია სტიგმის დამარცხება? მუდმივი ძალისხმევა და ბრძოლაა საჭირო ნულოვანი დისკრიმინაციის მისაღწევად“.