Go Back Go Back
Go Back Go Back

ჩვენ შეგვიძლია და უნდა აღმოვფხვრათ დედათა სიკვდილიანობა

ჩვენ შეგვიძლია და უნდა აღმოვფხვრათ დედათა სიკვდილიანობა

Statement

ჩვენ შეგვიძლია და უნდა აღმოვფხვრათ დედათა სიკვდილიანობა

calendar_today 07 April 2025

A pregnant woman at a visit to a doctor
ფოტო: UNFPA

გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია კანემის განცხადება ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, 7 აპრილს:
 
მსოფლიო მასშტაბით, ორსულობისა და მშობიარობის დროს ქალთა ჯანმრთელობა დღეს უკეთ არის დაცული, ვიდრე ოდესმე, რასაც განაპირობებს სამედიცინო სფეროში არსებული მიღწევები და ის, რომ მეტი ქალი სარგებლობს საკუთარ რეპროდუქციულ არჩევანის უფლებით და მეტი ქალისთვის არის ხელმისაწვდომი ღირსეული და მაღალი ხარისხის სამეანო მომსახურება.

2000 წლიდან დღემდე მსოფლიოში დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 40 პროცენტით შემცირდა. პირველად ისტორიაში, არცერთ ქვეყანაში არ ფიქსირდება დედათა სიკვდილიანობის "უკიდურესად მაღალი" მაჩვენებელი - 1 000-ზე მეტი შემთხვევა ყოველ 100 000 ცოცხლად დაბადებულზე.

თუმცა ამ მიღწევებს მიღმა მნიშვნელოვანი უთანასწორობა იმალება, რაც მიღწეულ შედეგს სათუოს ხდის, ხოლო ზოგიერთ ყველაზე დაუცველ ადგილას კი - საერთოდ არანარი პროგრესი არ აღინიშნება. იქ, სადაც ჯანდაცვის სისტემები სუსტია ან სადაც ხანგრძლივი კრიზისი სუფევს, დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლები უცვლელი რჩება ან იზრდება. კონფლიქტით მოცულ ქვეყნებში, ორსულობისა და მშობიარობის გართულებების შედეგად დედათა გარდაცვალების ალბათობა ორჯერ, ან უფრო მეტადაც კი, აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს.

იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ დღეს უფრო მეტი ქალი მშობიარობს სამედიცინო დაწესებულებებში. თუმცა, დედებზე ზრუნვის ხარისხის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი განსხვავებები ფიქსირდება, რაც დედათა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია: კვლევებით დასტურდება, რომ დედათა სიკვდილიანობის შემთხვევათა ნახევარი სწორედ დაბალი ხარისხის მომსახურების შედეგად დგება. ჯერ კიდევ ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა დგას ისეთი პრობლემის წინაშე, როგორიცაა აუცილებელი მედიკამენტების, აღჭურვილობისა და კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობა.

მსოფლიოში ჯერ კიდევ მრავლად არის ადგილები, სადაც ქალებს არ ეძლევათ  სქესობრივი და რეპროდუქციული არჩევანის უფლებითა და სათანადო სამეანო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, საცხოვრებელი ადგილის, შემოსავალების, რასისა თუ ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე არსებული დისკრიმინაციისა და უთანასწორობის გამო.  ჯანდაცვის მაღალი სტანდარტების მქონე ყველაზე მდიდარ ქვეყნებშიც კი, დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლები არაპროპორციულად მაღალია მარგინალიზებულ ჯგუფებში.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და ვალდებულება აღმოვფხვრათ დედათა თავიდან აცილებადი სიკვდილიანობა. ჩვენ ვიცით, რა არის ამისთვის საჭირო და რატომ.

ჩვენ ვიცით, რომ მეან-ექთანს (ბებიაქალს) შეუძლიათ სიცოცხლის გადარჩენა. მათ შეუძლიათ რისკების გამოვლენა და გართულებების მართვა, რაც, ამავდროულად ხარჯების შემცირებას ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომ ამ პროფესიის ადამიანების მომსახურებაზე საყოველთაო წვდომის უზრუნველყოფა თავიდან აგვაცილებს დედათა და ახალშობილთა მოკვდაობისა და მკვდრადშობადობის შემთხვევათა ორ მესამედს, მსოფლიოში მეან-ექთნის კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტთა მწვავე დეფიციტი სუფევს - მსოფლიოს დამატებით თითქმის 1 მილიონი მეან-ექთანი ესაჭიროება.

ჩვენ ვიცით, რომ რეალური და მდგრადი ცვლილება საჭიროებს მტკიცე პოლიტიკურ ნებას, საკმარის ფინანსურ რესურსებსა და შესაბამის მხარდამჭერ კანონებს.  

ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, მოდით, პრიორიტეტად დავსახოთ დედათა სიკვდილიანობის თავიდან აცილებადი შემთხვევების სრულად აღმოფხვრა და ჩვენი ძალისხმევა და ინვესტიციები სწორედ ამ მიზანს მოვახმაროთ. მოდით, შევქმნათ უფრო ჯანსაღი, უფრო სამართლიანი საზოგადოება და უზრუნველვყოთ, რომ ყველა ქალმა, რომელიც ამ ქვეყნად ახალი სიცოცხლის მოსავლენად ემზადება, უსაფრთხოდ იმშობიაროს და სრულფასოვნად გააგრძელოს ცხოვრება.