ყველა ქალსა და გოგოს, აქვს უფლება, იცხოვროს ძალადობის, იძულებისა და ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან თავისუფალ, უსაფრთხო გარემოში, მაგრამ საქართველოში ყოველწლიურად ათასობით ქალისა და გოგოსთვის, გენდერული ნიშნით ძალადობა კვლავ დაუძლეველ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით სოფლად, ღრმად ფესვგადგმული სოციალური ნორმებისა და გენდერული უთანასწორობის ფონზე.
ამის საპასუხოდ, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), „AVON Cosmetics“-თან და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელთან“ (ძდექ) ერთად, აძლიერებს ქალებსა და გოგოებს, ეხმარება მათ ტრავმასთან გამკლავებასა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევაში.
ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, AVON-მა საქველმოქმედო მიზნით, კოსმეტიკისა და აქსესუარების გაყიდვიდან მიღებული მოგება 18 000 აშშ დოლარის ოდენობით, სრულად გადაურიცხა ძდექ-ის თავშესაფარში მცხოვრებ ქალებსა და მათ შვილებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, გინეკოლოგიური კონსულტაციების, ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და არტ-თერაპიისთვის.
ძდექ-ის 23-წლიანმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ ძალადობაგამოვლილი ქალების უმეტესობა ეკონომიკურად სწორედ მოძალადეზეა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულება კი, ხშირად, მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ ვერ აღწევენ ქალები თავს „ძალადობის ჯაჭვს“.
UNFPA-სა და AVON-ის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, 32-მა ბენეფიციარმა მიიღო თავშესაფარში ცხოვრებისთვის საჭირო სერვისები, ხოლო 42-მა კი, რომელთაგან 8 მცირეწლოვანია, კრიზისული ცენტრის ფსიქოლოგიური დახმარება.
„ძდექ-ის თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის ბენეფიციარებს შორის არის შემთხვევები, როდესაც ძალადობის წარსული გამოცდილება წარუშლელ კვალს ტოვებს ქალების ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით, კი მათ რეპროდუქციულ სისტემაზე. ეს შეიძლება გამოხატული იყოს ნაადრევი მშობიარობით, დაუგეგმავი აბორტით, მცირეწონიანი ახალშობილებით, შინაგანი ტრავმებით ან სხვა მწვავე გართულებებით“ - ამბობს ძდექ-ის დირექტორი ნატო შავლაყაძე.
პარტნიორობა, რომელსაც საფუძველი 2023 წლის თებერვალში ჩაეყარა, აერთიანებს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) გამოცდილებას, „AVON“-ის გამოცდილებას გლობალური კაპანიების წარმოებაში და ძდექ-ის, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ადგილზე მომსახურების ისეთი სერვისების უზრუნველყოფას, როგორებიცაა მსხვერპლთა თავშესაფრითა და კონსულტაციით უზრუნველყოფა და მათი უნარების განვითარებაზე ზრუნვა.
“გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისთვის გენდერული ნიშნით ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ მისია არ არის – ეს არის ცვლილებების განსახორციელებლად გასავლელი ვრცელი გზა. ინტენსიური კამპანიების, დაუღალავი ადვოკატირების და შესაძლებლობების განვითარების ინიციატივების საშუალებით, ჩვენ ვისწრაფვით, შევქმნათ საზოგადოება, სადაც ყველა შეძლებს იცხოვროს ძალადობისგან თავისუფალ გარემოში. თუმცა, ჩვენთვის ასევე ცხადია, რომ ამ ამოცანას მარტო ვერ გავუმკლავდებით. ჭეშმარიტი პროგრესი, რომელიც ხანგრძლივად ნარჩუნდება, დგება მაშინ, როდესაც ერთიანი ძალებით ვცდილობთ მის მიღწევას. სწორედ ამიტომ ვეძებთ პარტნიორებს – ჩვენს ძალისხმევაში ვრთავთ არასამთავრობო და სამთავრობო აქტორებს, კერძო კომპანიებს და თემებს, რათა გავაძლიეროთ გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლი ადამიანები, აღვკვეთოთ ძალადობა და შევქმნათ თანასწორობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული მომავალი” - ამბობს UNFPA-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიამ ბანძელაძე.
ეს სამმხრივი კოლაბორაცია, ხაზს უსვამს კერძო სექტორის ტრანსფორმაციულ როლს სოციალური საკითხების მოგვარებაში, არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერის სახით, არამედ რეალური ცვლილებების გატარებით.
UNFPA-სა და AVON-ის თანამშრომლობას 2020 წლიდან ჩაეყარა საფუძველი. AVON-ის მხარდაჭერა არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური კონტრიბუციით, არამედ კომპანია აქტიურადაა ჩართული გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებითა და ქალებისა და გოგოების უფლებების ადვოკატირებით. მდგრადი მხარდაჭერის წყალობით, ემსახურება რა გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და გოგოების გაძლიერებას, აძლევს მათ მომავლის იმედს და სთავაზობს ცხოვრების გაგრძელების ახალ გზას.
"Avon-ში მხარს ვუჭერთ ქალების კეთილდღეობასა და გაძლიერებას. UNFPA-თან და ძდექ-თან კოლაბორაცია იმის დემონსტრაციაა, თუ როგორ ვზრუნავთ გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრაზე, მსხვერპლის პირდაპირი მხარდაჭერით. ამ ინიციატივით მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შევძელით მათთვის საჭირო სერვისების, მათ შორის, ფსიქოლოგიური, ჯანდაცვისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროგრამების უზრუნველსაყოფად. გვჯერა, რომ სწორედ მსგავსი პარტნიორობები ქმნის ხელშესახებ ცვლილებას. ჩვენ ერთგულად განვაგრძობთ ინიციატივების მხარდაჭერას ქალებისთვის უსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების შესაქმნელად საქართველოში” - ამბობს Avon-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, მარიამ პაკაცოშვილი.
გაეროს მოსახლეობის ფონდი უწყვეტად განაგრძობს პარტნიორებთან ერთად ძალადობის წინააღმდეგ ბრძლას, რესურსების მობილიზაციას და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას ხელშესახები ცვლილების მისაღწევად, გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის” ფარგლებში, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.
UNFPA-ის კოლაბორაცია AVON-თან და ძდექ-თან სწორედ იმის მაგალითია, თუ როგორი ეფექტური შეიძლება იყოს პარტნიორობა კერძო სექტორთან, სოციალური საკითხების აღმოსაფხვრელად, რათა არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა, განსაკუთრებით - ძალადობაგამოვლილი ქალები და ბავშვები.