90 წლის ლუიზა მგელაძე ბათუმში ცხოვრობს. ის საზოგადოებამ წიგნების კითხვის სიყვარულით გაიცნო. გთავაზობთ ფოტოისტორიას, სადაც ის თავისი ცხოვრების შესახებ საუბრობს.
"დავიბადე ფოთში. ფოთი არის ჩემი მშობლიური ქალაქი, მაგრამ უმაღლესი სასწავლებლები, ძირითადად, ყველა იყო თავმოყრილი თბილისში. იქ შევხვდით ერთმანეთს მე და ჩემი მეუღლე და სტუდენტები რომ ვიყავით, შევქმენით ოჯახი. სტუდენტობის დროს გათხოვებას ნამდვილად არ ვაპირებდი, მაგრამ ძალიან დიდი ინიციატივა გამოიჩინა. ერთი წუთით [არ მინანია] და ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ასეთი ადამიანი შემხვდა ცხოვრებაში.
ნაბოლარა ვიყავი და 10-15 წლით უფროსი და-ძმები ზრუნავდნენ ჩემზე. სტუდენტობისას, თბილისში რომ წამოვედი, ჩემს დასთან და სიძესთან ვცხოვრობდი. ჩემი უფროსი ძმა ჟურნალისტი იყო და ისიც თბილისში ცხოვრობდა.
ჩემი ვაჟი თერაპევტი იყო. როდესაც ჩერნობილის ამბები ხდებოდა, დასხივება მიიღო. მე აქ დავანებე თავი მუშაობას და სამი წელი მის გვერდით გავატარე, როდესაც მკურნალობდნენ. [გვერდიდან] არ მოვცილებივარ. თითქოს, იყო გამოჯანმრთელების იმედი, მაგრამ არაფერი გამოვიდა და 1995 წელს, 37 წლის ვაჟი დავკარგე. დამრჩა ორი შვილიშვილი: 12 წლის და 8 წლის.
ჩემი ქალიშვილი მათი მეორე დედაა. თავადაც ორი ბიჭი ჰყავს და სულ იცის თქმა, რომ ორი კი არა ოთხი ვაჟი მყავსო. მთელმა სიმძიმემ მასსა და მის მეუღლეზე გადაიარა. ისეთი სიყვარული ჩავდეთ მათში, რომ სიგიჟემდე უყვართ [ერთმანეთი].
ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი, რაც ჩემს თავს მოხდა, ჩემი სატარებელია. ამაში დამნაშავე ხომ არავინაა? ყველას თავისი გზა აქვს ცხოვრებაში გასავლელი, ამიტომ, თუკი ბედმა ეს გარგუნა, უნდა ზიდო სიცოცხლის ბოლომდე. ალბათ, ეს ცხოვრება და სიცოცხლე ამდენი ხნით იმიტომ მარგუნა ღმერთმა, რომ შვილიშვილები გზაზე დამეყენებინა და გვერდში ვდგომოდი ჩემს ქალიშვილს - ნინოს.
ბავშვებს თავიანთი ცხოვრება აქვთ, თავიანთი სიხარული და მისწრაფებები აქვთ. თუ შენ ყოველთვის მათი მოსვლისას ცრემლმდინარე და სახემოღუშული იქნები, როგორ მოვა შენთან, როგორ გეტყვის „ბებო, მიყვარხარო“. ამას ყოველ მოსვლაზე მეუბნებიან. როგორ შეიძლება, რომ იმათ ცხოვრება გაუფერმკრთალო?
მიუხედავად ყველაფრისა, სოცოცხლე ხომ გრძელდება?! ეს ამბავი რომ მოხდა, სივრცე მინდოდა, რომ ცოტა სული მომეთქვა. ნინოს ვაჟი, ჩემი ნოდარიკო, გამომყვა სოფელში, დატოვა დედამისი და გვერდში მყავდა, სკოლისთვისაც მე და ჩემმა მეუღლემ მოვამზადეთ. ცხრა თვის განმავლობაში გვერდიდან არ მომცილებია და აი, ის იყო ჩემი სიცოცხლისკენ მობრუნება, ისეთი თანადგომა გამიწია.
იმიტომ, რომ ზუსტად ეს ამბები რომ მოხდა, ჩემს ნოდარიკოს ხუთი წელი უსრულდებოდა. [ვფიქრობდი, როგორ] შეიძლება ამ ბავშვს, რომელიც ცხოვრებაში ახლა დგამს ნაბიჯებს, არ აგრძნობინო, რომ მისი დაბადების დღეა, მიუხედავად იმისა, რომ საშინელი რამ ხდებოდა ჩემს გულსა და სხეულში. აივანზე დავუდგი პატარა მაგიდა სკამებით, დავუპატიჟე მეგობრები და დაბადების დღე იქ გადავუხადე.
რაც მეუღლე გარდამეცვალა, ვცხოვრობ მარტო. ჩემი კუთხე მირჩევნია სიცოცხლის ბოლომდე. ყოველ დილით, ავდგები თუ არა, ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ მშვიდობიანი იყო ეს ღამე და რომ ეს დილა გამითენდა. ამის შემდეგ აუცილებლად მასაჟებს ვიკეთებ, რომ [საწოლს] არ მივეჯაჭვო. მერე რომ ვდგები, ვსვამ წყალს. სხვანაირად არ შემიძლია - არც ყავა, არც ჩაი, მხოლოდ წყალი. იმ წყლის შემდეგ, სხვადასხვა ბურღულეულით ვსაუზმობ. შაქარი ჩემთვის არ არსებობს.
[მინდა, ვუსურვო] ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა ყველა ოჯახს, ჩემი შვილების და შვილიშვილების ოჯახებს. ღმერთს ვეხვეწები, რომ ადამიანების გულებში მხოლოდ სიყვარული და ურთიერთგაგება დაბადოს, უკუაგდოს ბოროტება და სიძულვილი."
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული კვლევის „მარტოობა ხანდაზმულებში“ მიხედვით, საქართველოში მცხოვრები თითქმის ყოველი მეოთხე ხანდაზმული თავს ემოციურად და/ან სოციალურად მარტოსულად გრძნობს.
სწორედ ხანდაზმულებში მარტოობის შეგრძნების შემცირებას, მათი ჯანმრთელი და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას ემსახურება „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“, რომელსაც წლებია UNFPA, პარტნიორებთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში ახორციელებს.