გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით შექმნილმა სამაგიდო თამაშმა „პერსონა“, 2024 წელს ახალგაზრდებთან შესახვედრად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა.
„პერსონას“ რეგიონული ტურის განმავლობაში, შეხვედრები იმ ახალგაზრდებთან გაიმართა, რომლებსაც სჯერათ თანასწორობის, უყვართ სამაგიდო თამაშები, დისკუსია და მხიარული ქვიზები და სურთ, დაამსხვრიონ სტერეოტიპები, რომლების წინაშეც საქართველოში ჯერ კიდევ დგანან ქალები და კაცები ამა თუ იმ პროფესიის, ეთნიკური კუთვნილებისა თუ გენდერული იდენტობის გამო.
17 წლის სტუდენტი, მარიამ ბარბაქაძე თვლის, რომ „პერსონა“ ძალიან საინტერესო ბორდ გეიმია, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებით ითამაშებს მეგობრებთან ერთად.
„[თამაშის დროს] ისეთი საინტერესო ინფორმაცია მივიღე, რაც ბევრ ბორდ გეიმს არ ახასიათებს. ვფიქრობ, ამიტომაც არის „პერსონა“ გამორჩეული და ყველას ვურჩევ, ითამაშონ.“
2022 წელს, გამომცემლობა „პალიტრა L”-თან და BG Era Games-თან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილმა “პერსონამ”, ყველა ასაკის ადამიანის ინტერესი გამოიწვია და სამაგიდო თამაშის მოყვარულების გულებსა და თაროებზეც დაიდო ბინა.
„მიმაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში, თანამედროვე თაობა არ უნდა ემხრობოდეს გენდერულ სტერეოტიპებს;წინ უნდა წავიდეთ და დავარღვიოთ ისინი“, ამბობს 14 წლის გიორგი ველიჯანაშვილი. მისი აზრით, სამაგიდო თამაში კარგი საშუალებაა, გენდერული სტერეოტიპების ფონზე, საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულებების შესაცვლელად.
„რატომ უნდა იყოს ისე, რომ მე თუ რამე მინდა, უცხო ხალხის მოსაზრებების და ცუდი კომენტარების გამო, არ უნდა ვთქვა და შევიზღუდო თავი? ეს არასწორია. ყოველთვის ვეცადოთ, წინ აღვუდგეთ სტერეოტიპებს. ამაში ძალიან კარგად გვეხმარება ეს თამაში.მე აუცილებლად ძალიან ხშირად ვითამაშებ „პერსონას“ ჩემს მეგობრებთან ერთად“.
თავისი ინოვაციური მიდგომებით, UNFPA მუდმივად ზრუნავს, წვლილი შეიტანოს არსებული სოციალური ნორმების ტრანსფორმაციასა და გენდერული სტერეოტიპების ცვლილებაში, რაც თანასწორი საზოგადოების ფორმირების წინაპირობაა.
“UNFPA-ს მისიის ნაწილია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის გაძლიერებას და ისეთი საზოგადოების მშენებლობას, სადაც, გოგოც და ბიჭიც თანაბრად სასურველი და დაფასებულია, სადაც ყველას აქვს პოტენციალის სრულად გამოვლინების საშუალება და გადაწყვეტილების მიღების ავტონომია საკუთარი მომავლის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ. სწორედ ამიტომ, UNFPA-ში მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს და მიდგომებს, რათა შევარყიოთ არსებული სტერეოტიპები და მათგან გამოწვეული ბარიერები, რომელიც ახალგაზრდებს მათი პროენტიალის სრულ რეალიზებაში უშლის ხელს” - ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) პროგრამის მენეჯერი მარიკა ქურდაძე.
“ამ მიზნით გავერთიანდით ჩვენს ერთგულ პარტნიორებთან ერთად, რათა შეგვექმენა ასაკზე და კულტურულ კონტექსტზე მორგებული, ინტერაქციული და ამავდროულად საინფორმაციო სამაგიდო თამაში, რომელიც იქნებოდა ერთგვარი საშუალება ადამიანებს დაეწყოთ ამ თემაზე კრიტიკული დისკუსია. ასე დაიბადა თამაში "პერსონა", რომელიც სწორედ გენდერულ სტერეოტიპებს ეხება. თამაში უკვე კარგად გაიცნო აუდიტორიამ, თუმცა წელს გამომცემლობა პალიტრა L-თან თანამშრომლობით გადავწყვიტეთ, რეგიონებსაც ვესტუმროთ და თამაშის ხელოვნების გამოყენებით ვესაუბროთ ახალგაზრდებს სტერეოტიპების მნიშვნელობაზე. ნამდვილად შთამაგონებელია იმის ხილვა, თუ როგორც იწყება დისკუსია ახლაგაზრდებს შორის სათამაშო დაფაზე და თანდათან სცდება მის საზღვრებს. ტურის ფარგლებში 70-მდე ახალგაზრდას მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო თამაშში და მისი დახმარებით გაეაზრებინა იმ ადამიანების რეალობა, რომელიც სტერეტოპიების გარემოცვაში ცხოვრობენ” - ამბობს ის.
პერსონას შესახებ:
ოდესმე თუ გიცდიათ, თავი სხვა ადამიანის ადგილას წარმოგედგინათ? ან თუ გიფიქრიათ, რა სირთულეებს და გამოწვევებს აწყდებიან ის ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა, ყოველდღე ხვდებით, მაგრამ მათ შესახებ ბევრი არაფერი იცით? ან ისინი, რომლებიც არასოდეს გინახავთ და მაინც ძალიან გგვანან?
„პერსონა“ საშუალებას მოგცემთ, ადამიანები ჩარჩოებს მიღმა დაინახოთ და ამავდროულად, აღმოაჩინოთ და გააანალიზოთ, რა გავლენას ახდენს გენდერული სტერეოტიპები ჩვენს ყოველდღიურობაზე.
„პერსონა“ არის სამაგიდო თამაში იმ ყველაფერზე, რაც გვაშორებს და რაც გვაერთიანებს.
“პერსონას” რეგიონული შეხვედრები ჩატარდა პროგრამების “გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში” და „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისადა გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (მეორე ფაზის) ფარგლებში, რომლებიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით.