“მიყვარს აქტიური ცხოვრების წესი, ადამიანებთან კომუნიკაცია, სხვადასხვა ღონისძიებების ინიციატორი ვარ. 60+ კლუბის შესახებ ინფორმაციას ტელევიზიით მოვკარი თვალი, მოვედი და დავრეგისტრირდი,” - ამბობს 64 წლის ელისო ვაშაყმაძე.
ელისო თბილისში, თემქაზე ცხოვრობს. განათლებით ქიმიკოს-ბიოლოგია და მთელი ცხოვრება სკოლაში აქვს გატარებული. ამჟამად, დაწყებითი კლასების მასწავლებელია. ელისო ერთ-ერთი პირველია, ვინც თემქის მედიათეკაში გახსნილ 60+ კლუბში გაწევრიანდა და ნაცნობ-მეგობრებიც მოიწვია. დაკავებული განრიგის მიუხედავად გადაწყვიტა, გამონახოს გაკვეთილების შემდეგ თავისუფალი დრო, რომ თავის თანატოლებთან ერთად დრო საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატაროს.
“ვიცი, რომ ევროპაში არსებობს ასეთი კლუბები და თეთრი შურით მშურს, როგორ ატარებენ იქ სიბერეს თავიანთ თანატოლებთან, თანამოაზრეებთან ერთად, თავიანთი ფიზიკური შესაძლებლობების და ასაკის გათვალისწინებით,” - ამბობს ის და სწუხს, რომ საქართველოში, ზოგჯერ 60 წელს გადაცილებული ადამიანები უსამსახუროდ, უმეგობროდ - უფუნქციოდ რჩებიან, საკმარისი შემოსავალი არ აქვთ, რომ სადმე წავიდნენ.
სწორედ ამიტომ მოხარულია, რომ ახალი 60+ კლუბი, საგანმანათლებლო-გამაჯანსაღებელი ინიციატივებითა და აქტივობებით, ფიზიკურთან ერთად, ხანდაზმულების მენტალურ ჯანმრთელობაზეც იზრუნებს.
„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
60+ კლუბი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო, სახელოვნებო და ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ აქტივობებს, როგორებიცაა ცეკვა, სახვითი ხელოვნება და ვარჯიშები.
65 წლის ჯემალ ხუხუნაიშვილი უკვე სამი წელია რაც მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში გახსნილი პირველი 60+ კლუბის წევრია. ის სიმღერითაა დაინტერესებული და როდესაც სახლთან ახლოს კლუბის არსებობის შესახებ გაიგო, გაწევრიანდა კიდეც.
“ვნახე, რომ სიმღერის კარგი პედაგოგი იყო და მივხვდი, რომ კარგი იქნებოდა. ვნახე, რომ ასევე ხატვის კარგი პედაგოგია, რაღაცებს ისედაც სულ ვხატავდი და ჩემთვის საინტერესო იყო პროფესიონალთან საუბარი,” - ამბობს ჯემალი.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ყველა რაიონში იყოს 60+ კლუბი, რათა ხანდაზმულ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდეთ მათ სახლთან ახლოს მდებარე კლუბში გაწევრიანდნენ.
“ეს კლუბი ადამიანებს ცვლის. ჯერ მარტო სიმღერის გაკვეთილიდან გამოსული ადამიანი, პოზიტიური ენერგიით გამოდის, ყველას გადაეცემა ეს ენერგია, ნაკლებია აგრესია. უფრო ჯანსაღი ხდება ფსიქიკა,” - ამბობს ჯემალი.
გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის ქვეყანაში დემოგრაფიული მდგრადობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა კი ჯანსაღი და აქტიური დაბერებაა. დღეს ხანდაზმულობა ნიშნავს იმას, რომ ქალებსა და კაცებს, 60 წლის შემდეგაც აქვთ უნარი, დარჩნენ აქტიურად ჩართულები საკუთარ სამუშაო გარემოში, ოჯახსა და თემში თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
“საქართველოს მოსახლეობა მზარდად ხანდაზმულია, რაც იმას გულისხმობს, რომ 60+ ასაკის ადამიანების რაოდენობა წლების განმავლობაში გაიზრდება. მაგრამ დღეს 60 წელს გადაცილებული ადამიანები მეტ შესაძლებლობებს ფლობენ. მათ აქვთ უნარი და სურვილი, გამოვიდნენ სახლებიდან, გასცდნენ აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომას და აკეთონ ის, რაც ნამდვილად აინტერესებთ. მათ სურთ შეიძინონ ახალი უნარები, იქნება ეს ხატვა, ცეკვა თუ სიმღერა, შეიძინონ მეგობრები და თავი საზოგადოების აქტიურ წევრებად იგრძნონ,” - ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, მარიამ ბანძელაძე.
ამ მიზანს ემსახურება თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში გახსნილი მუნიციპალური სერვისი „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“. 2 აპრილიდან ამ ჩამონათვალს თემქის მედიათეკის ახალი კლუბი შეემატა.
თბილისის 60+ კლუბების ხელმძღვნელის, სოფო სიხარულიძის თქმით, 2022 წელს, როცა თბილისში პირველი კლუბი იხსნებოდა, დიდხანს ფიქრობდნენ, რა აქტივობები უნდა შეეთავაზებინათ წევრებისთვის, თბილისის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.
“პირველი კლუბი იყო განმსაზღვრელი. მივხვდით, რომ მისი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია 60+ ასაკის ადამიანების სოციალიზაციისთვის, იმისთვის რომ მათ თავი ბედნიერად იგრძნონ და ჩვენც ვცდილობთ, მაქსიმალურად შევუქმნათ თბილი, მეგობრული გარემო ისე, რომ ერთგვარი ნავსაყუდელიც კი გახდა 60+ კლუბი ამ ადამიანებისთვის,” - ამბობს სოფო.
მისი თქმით, სწორედ ეს გამოცდილება გახდა თბილისში მეორე კლუბის გახსნის წინაპირობა, რომ ქართველი ბებიები და ბაბუები ცოტა ხნით არ იყვნენ “ძიძები”, გამოვიდნენ სახლებიდან და მათთვის საინტერესო საქმიანობით დაკავდნენ, ერთმანეთი გაიცნონ, დამეგობრდნენ. ასე გაჩნდა ახალი სივრცე ურთიერთობისთვის.
თემქის მედიათეკაში გახსნილი 60+ კლუბი, რომელიც რიგით მეოთხეა საქართველოში, გაიხსნა თბილისის მერიისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ორგანიზებითა და გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით.