Go Back Go Back
Go Back Go Back

აქ ყველა მეგობარია - 60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის

აქ ყველა მეგობარია - 60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის

Story

აქ ყველა მეგობარია - 60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის

calendar_today 06 October 2024

Two women sitting on a bench outdoors
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), პარტნიორების მხარდაჭერით, მხარს უჭერს ჯანმრთელი და აქტიური დაბერების პოლიტიკას საქართველოში. სწორედ ამ მიზნით, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში „60+ კლუბი“ წლებია ფუნქციონირებს.

გაიცანით პროექტის მონაწილეები თბილისიდან, რომლებიც "60+ კლუბის" აქტივობებს მიღმაც აგრძელებენ მეგობრობას და სხვა ხანდაზმულებსაც მოუწოდებენ ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისკენ.

თბილისში „60+ კლუბი“ 2022 წელს გაიხსნა მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის, თბილისის მერიისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების თანამშრომლობით. მის წევრებს ყოველდღიურად უტარდებათ სიმღერისა და ხატვის გაკვეთილები, ისე სპეციალურად მათი ასაკისთვის შემუშავებული გამაჯანსაღებელი ვარჯიშები და დამატებითი აქტივობები. 
---------------

მაია მახარაშვილი, 63 წლის

A close up of a woman with short black hair
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

მთელი ცხოვრება სახელმწიფო სამსახურში გავატარე. 60 წლის რომ გავხდი, ვიფიქრე, დროა, დავისვენო და გავიდე პენსიაზე. სრულიად შემთხვევით, ტელევიზიით მოვისმინე, რომ ეს კლუბი იქმნებოდა და ვიფიქრე, საინტერესო გამოცდილებას შევიძენ-მეთქი. აქ იმდენად თბილი და კარგი ატმოსფეროა - ეს არის ოაზისი, სადაც ხდება განტვირთვა, ჩვენი სულიერი დასვენება. აქ არის შექმნილი ყველა პირობა, რომ ხანდაზმულმა ადამიანებმა ბედნიერად იგრძნონ თავი და დრო შინაარსიანად და ნაყოფიერად გაატარონ.

თინათინ გაბუნია, 68 წლის

A close up of a woman with short hair and glasses
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

დიდი სიხარულით და სიამოვნებით დავდივარ 60+ კლუბში. [ყველას] ძალიან გვიხარია ერთმანეთის ნახვა. მე და მაიამ აქ გავიცანით ერთმანეთი და ძალიან დავმეგობრდით. თავიდანვე ერთმანეთის გვერდით დავჯექით და გულმა გული იცნო, მაშინვე გავუგეთ ერთმანეთს. როცა კარგი ამინდია, კლუბის შემდეგ კაფეში დავდივართ ხოლმე. ვცდილობთ, გამოფენებიც არ გამოვტოვოთ. საერთო ჩატიც გვაქვს და ხშირად ვკონტაქტობთ. ეს გარკვეული არტ-თერაპიაცაა. ყოველთვის ძალიან გვიხარია აქ მოსვლა. პედაგოგებიც სულ გვაქებენ და ბავშვებივით გვიხარია. ვისაც ვიცნობ და ვისაც ვუყვები აქაურობაზე, ძალიან მოსწონთ და უნდათ, თვითონაც დადიოდნენ 60+ კლუბში.

Two women sitting on a chair outdoor looking at one another, talking
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

სულიკო ჩხაიძე, 85 წლის

A photo of a woman with gray hair standing outdoor
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

არასდროს არაფერი დამიხატავს. აქ ერთ წელზე მეტია, რაც მოვედი, სახლში იები მქონდა და პირველად იქიდან გადავხატე. მერე, ნელ-ნელა მივყევი. ჩემმა შვილმაც მითხრა, ხატვა გონებას ავითარებს და აუცილებლად ჩაეწერეო. დავუჯერე. ვარჯიშზეც დავდივარ. ძალიან კარგია - აქ ყველა ჩემი მეგობარია, ერთმანეთთან კარგად ვართ. ადამიანებს ვხვდები, ვსაუბრობთ - ეს ყველაფერი მომწონს. ყველას, ვინც ჩემსავით ხანში შესულია, ვურჩევდი აქ სიარულს. დიდი სტიმულია.

Two women sitting from their back. One of them is showing to another the flower that she has painted
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA