თქვენ აქ ხართ

როდესაც სახლში ზიხარ, პენსიონერი ხარ და საქმე არ გაქვს, ეს ძალიან შემაწუხებელია,“ ამბობს 64 წლის ექიმი-ეპიდემიოლოგი, გულნარა ბუხსიანიძე, რომელსაც თავის სფეროში მუშაობის 35 წლიანი გამოცდილება აქვს, მაგრამ ახლა სხვა პენსიონრების მსგავსად, ძირითად დროს სახლში ატარებს.

იმისათვის, რომ 60 წელს გადაცილებული ადამიანების ცხოვრება უფრო ჯანსაღი, აქტიური და საინტერესო გახდეს, გაეროს მოსახლეობის ფონდის, თბილისის მერიისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების თანამშრომლობით, მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ ფუნქციონირებს. კლუბის კარი ღიაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს შეინარჩუნოს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა და დარჩეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად.

Gulnara Bukhniadze, wearing a red suit, is holding a pencil
გულნარა ბუხსიანიძე. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

მათ შორისაა გულნარა ბუხსიანიძე, რომელმაც კლუბის შესახებ ტელევიზიით შეიტყო, სხვადასხვა შემოქმედებით წრეში გაწევრიანდა და ახალი მეგობრებიც გაიჩინა. 

არასოდეს მივლია არსად,  ძალიან მაინტერესებდა მსგავს კლუბში სიარული და ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩავეწერე... აქ სიარული სტიმულს და მიზანს გიჩენს არსებობისთვის, რაც ძალიან სასიხარულოა. ხატვაც და სიმღერაც ბავშვობიდან ძალიან მიყვარს,“ ამბობს ის.

UNFPA-ის მიერ გასულ წელს გამოქვეყნებული კვლევის „მარტოობა ხანდაზმულებში“ მიხედვით, საქართველოში  მცხოვრები თითქმის ყოველი მეოთხე ხანდაზმული თავს ემოციურად და/ან სოციალურად მარტოსულად გრძნობს. სწორედ მარტოობის შეგრძნების შემცირებას და ჯანმრთელი და აქტიური ცხოვრების შენარჩუნებას ემსახურება „60+ კლუბები“ საქართველოში. 

Tinatin Elisashvili is standing outside
თინათინ ელისაშვილი. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

64 წლის თინათინ ელისაშვილი რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია. მას შემდეგ, რა მუშაობას თავი დაანება, სურს ხანში შესულობის წლები საკუთარ თავს დაუთმოს და ის ოცნებები და მისწრაფებები რაც ჰქონდა, ახლა განახორციელოს:

ვფიქრობ, როდესაც ადამიანს წლები ემატება, უფრო ლმობიერი და თბილი ხდება. აქ რომ მოვდივარ ძალიან დადებითი აურა მხვდება, ყველაფერი მავიწყდება.“

როდესაც სახლში ხარ, დროს კარგად ვერ იყენებ. აქ რომ მოვდივარ, ვიხარჯები ბოლომდე. წინა დღეებშიც აქ მოსვლაზე ვფიქრობ. ცუდ ხასიათზე როდესაც ვარ, აქ მოსვლისას რას დავხატავ მაგაზე გადამაქვს ყურადღება. ძალიან პოზიტიური გავლენა აქვს ამ კლუბს ჩემს ცხოვრებაზე,“ ამბობს ის. „თითქოს ისევ ახალგაზრდა ვარ და წლებიც მავიწყდება.“

A woman painting flowers
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

19 აპრილს გაეროს მოსახლეობის ფონდმა გამოაქვეყნა მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ 2023 წლის ანგარიში. ანგარიშზე საუბრისას, UNFPA-ს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი, ფლორენს ბაუერი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებისა და დაბერების ტენდენციებთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, თუ „როგორ შეძლებენ ქვეყნები ამ პირობებში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას? როგორ შევძლებთ იმის უზრუნველყოფას, რომ საპენსიო და ჯანდაცვის სისტემები გაუმკლავდეს დემოგრაფიულ ცვლილებებს? როგორ უნდა შევინარჩუნოთ სერვისები და ინფრასტრუქტურა იშვიათად დასახლებულ სოფლებში მცხოვრები ადამიანების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად?“ 

ფლორენს ბაუერისთვის „იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა იწყებს შიშის გვერდზე გადადებას და დემოგრაფიულ ცვლილებაზე რეაგირებისათვის ახალი, კონსტრუქციული გზებისა და გადაწყვეტილებების ძიებას, რომლებიც მოსახლეობის ჭეშმარიტ წარმატებასა და კეთილდღეობას ისახავს მიზნად.“

ისინი არ სახავენ მიზნებს, არამედ ირჩევენ გზას და ისწრაფიან დემოგრაფიული მდგრადობისკენ. ამგვარი მიდგომა ნიშნავს იმას, რომ სოციალური და ეკონომიკური სისტემები შესაბამისობაში იქნება იმასთან, რაც თავად ადამიანებს სურთ და სჭირდებათ საკუთარი კეთილდღეობისათვის.“

„60+ კლუბის“ წევრები ერთხმად აღნიშნავენ, რომ თავს ნამდვილ ოჯახად გრძნობენ. ზოგი მათგანი შორი გზიდან დადის იმისთვის, რომ თანატოლებთან ერთად დრო საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატაროს: ხატოს, იმღეროს, იცეკვოს, ივარჯიშოს და დატკბეს ცხოვრებით.  

Larisa Sulkhanishvili, wearing a green coat on a green suit, is standing at a wall with paintings
ლარისა სულხანიშვილი. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

აქ სიარული ძალიან მომწონს. მხოლოდ ხატვა და ვოკალი არ არის, აქ ერთმანეთთან კავშირი და ურთიერთობაა მნიშვნელოვანი, როგორც ოჯახი, ისე ვართ...  ძალიან კარგად ვგრძნობ თავს... აქ ჩამოყალიბებული ურთიერთობები ძალიან განსაკუთრებულია,“ ამბობს 69 წლის ლარისა სულხანიშვილი. 

ამავე აზრს იზიარებს 66 წლის მიმოზა სადრაძეც. იმის მიუხედავად, რომ დიდი ოჯახი ჰყავს, როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდა, გადაწყვიტა, რომ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე „60+ კლუბში“ დაეწყო სიარული.

Mimoza Sadradze
მიმოზა სადრაძე. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

გვიხარია აქ მოსვლა, ერთმანეთის ნახვა, სწავლა. არასოდეს დამიხატავს და რაღაცამ გაიღვიძა    ჩემში, მოსწონთ ჩემი ნამუშევრები, ძალიან კარგი პედაგოგი გვყავს. აქ სიარული ჩემთვის განტვირთვაა,“ ამბობს ის და აღნიშნავს, რომ მათ ოჯახებსაც ძალიან უხარიათ, რომ რაღაც ახალს აკეთებენ. 

თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელი ია ვეკუაც მიიჩნევს, რომ მსგავსი კლუბების არსებობა აუცილებელია, რადგან „ძალიან ცოტაა ისეთი ადგილი სადაც საპენსიო ასაკში შესულ ადამიანებს შეუძლიათ დრო საკუთარ თავს დაუთმონ და თანატოლებთან ერთად გაატარონ.

ჩვენს ძალიან ბევრ  კლუბის წევრს ჰყავს სახლში შვილები, შვილიშვილები და ოჯახის სხვა წევრები, მაrგამ ისინი ფიქრობენ, რომ მათი სოციალიზაცია არის აუცილებელი, რომ შეუძლიათ რაღაც ახალი უნარები და ცოდნა განივითარონ, ინტერესი და ჰობი აღმოაჩინონ,“ ამბობს ის.

Members of 60+ Club in Tbilisi are having a music lesson
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

Music teacher Ia Shugliashvili
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

Elder people are having music lesson at 60+ Club in Tbilisi
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

თბილისში „60+ კლუბი“ 2022 წლის შემოდგომაზე გაიხსნა და მას შემდეგ კლუბის წევრების რამდენიმე ღონისძიებასა და გამოფენას უმასპინძლა, რაც მათთვის „უდიდესი სიხარული იყო.“

ყველანი აღნიშნავდნენ, რომ ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყეს, რაც არის ამ კლუბის მთავარი მამოძრავებელი. კლუბის წარმატებას  მოწმობს ისიც, რომ გვაქვს სათადარიგო სია, სადაც ადამიანები არიან ოქტომბრიდან ჩაწერილები და თავიანთ რიგს ელოდებიან, როდესაც კლუბი ან გაფართოვდება ან სხვა ფილიალი გაიხსნება,“ ამბობს ია ვეკუა და დასძენს, რომ ეს არის პროცესი, რომელიც აღმოჩნდა, რომ ძალიან აკლდა ამ ადამიანებს. 

Music teacher is explaining something to an elder man
Photo: Dina Oganova/UNFPA