გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქმიანობა საქართველოს დასახმარებლად 1993 წლიდან იწყება. თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის დახმარება თანამედროვე კონტრაცეპტივების მიწოდების პროექტის ფარგლებში, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ძირითადი პრობლემების მოსაგვარებლად. 

სრულმასშტაბიანი ოფისი გაეროს მოსახლეობის ფონდმა საქართველოში 1999 წელს გახსნა. ამ დროიდან, საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და დონორებთან პარტნიორობით, გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამები გაფართოვდა კაიროს მოსახლეობისა და განვითარების კონფერენციის სამოქმედო პროგრამის, ათასწლეულის განვითარების მიზნებისა და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მესამე ეროვნული პროგრამა საქართველოსთვის (2016-2020) მორგებულია ქვეყნის საჭიროებებზე და პრიორიტეტებზე სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, მოსახლეობის დინამიკისა და გენდერული თანასწორობის სფეროებში ძირითად საკვანძო საკითხებზე  კონცენტრირების გზით. დახმარების სფერო მოიცავს საკითხთა ფართო ჩამონათვალს, მათ შორის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხიან ინფორმაციასა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციული უფლებების გაძლიერებას და დახმარებას მოსახლეობის დინამიკის შესახებ ხარისხიანი მონაცემების და მათი ანალიზის შესაძლებლობის განვითარებაში მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შექმნის მიზნით.

 

გაერო-ს მოსახლეობის ფონდი მსოფლიოში

გაერო-ს მოსახლეობის ფონდი მუშაობს 150 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, სადაც სახლობს მსოფლიოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მისიაა უზრუნველყოს, რომ ყოველი ორსულობა იყოს სასურველი, ყოველი მშობიარობა - უსაფრთხო და ყოველი ახალგაზრდის პოტენციალი - რეალიზებული

ხელმძღვანელობს რა მოსახლეობისა და განვითარების 1994 წლის საერთაშორისო კონფერენციის  სამოქმედო პროგრამით, თავისი მისიის შესასრულებლად გაეროს მოსახლეობის ფონდი თანამშრომლობს მთავრობებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა სააგენტოებთან. 2014 წლის თებერვალში გამოცემულმა გლობალურმა ანგარიშმა „მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენცია  - 2014 წლის შემდეგ“ დაგვანახა, რომ პროგრესი დიდი და ნიშანდობლივია, თუმცა ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ანგარიშში ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები გადამწყვეტია მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის მიზნების მისაღწევად და მის დასაკავშირებლად 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მუშაობის ქვაკუთხედი თანასწორობაა, რადგან ყველა ადამიანს აქვს ერთნაირი უფლებები და ეს უფლებები თანაბრად უნდა იყოს დაცული. ქალები და ახალგაზრდები გაეროს მოსახლეობის ფონდის განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენენ, რადგან სწორედ ამ ჯგუფების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება იზღუდება ყველაზე ხშირად.

ჩვენი სამუშაო, რომელიც მიმართულია მათი უფლებების დასაცავად, ემყარება მოსახლეობის დინამიკის, ადამიანის უფლებების და კულტურული სენსიტიურობის პრინციპებს.