თქვენ აქ ხართ

2017 წლის 8 ნოემბერს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის (NCCE) ორგანიზებით, მარნეულში გაიმართა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თემაზე: „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენცია - მტკიცებულებები და რეკომენდაციები“

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა (NCCE) და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.

შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკის პრევენციისათვის და მათთვის მონაცემების და კვლევების მიგნებების გაზიარება  ისეთ საკითხებზე, როგორიც არის დაბადებისას სქესთა დარღვეული თანაფარდობა საქართველოში, ვაჟიშვილისთვის უპირატესობის მინიჭება და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა.

ქვეყნები, სადაც გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკა ფართოდაა გავრცელებული, დაბადებისას სქესთა დარღვეული თანაფარდობით ხასიათდება. ბიჭების რაოდენობის ხელოვნურად გაზრდას მნიშვნელოვანი უარყოფითი სოციალური და დემოგრაფიული შედეგები მოსდევს. პატრიარქალური სტრუქტურა და შეხედულებები, რომელიც არაერთი საზოგადოების მახასიათებელია, ვაჟიშვილისთვის უპირატესობის მინიჭების განწყობას და ამგვარად, გოგონებისა და ქალების  მიმართ დისკრიმინაცის განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ დაბალმა შობადობამ და სწრაფმა ტექნოლოგიურმა პროგრესმა, რომელიც ნაყოფის სქესის დადგენის საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკის გავრცელებას. გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა ბიჭების სასარგებლოდ, გოგონების და ქალების მიმართ სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ უთანასწორობაზე მიუთითებს და საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმულ გენდერულ უთანასწორობაზე მეტყველებს.

2010-2014 წლების მონაცემებით საქართველოში დაბადებულ ყოველ 100 გოგონაზე საშუალოდ 109 ბიჭი მოდის, მაშინ, როცა დაბადებისას სქესთა შეფარდების ნორმალური ბიოლოგიური  დონე მაქსიმუმ 100/106 შეიძლება იყოს. აღნიშნული შეფარდება, მესამე და მეტი შვილის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იზრდება და 100/140-ს აღწევს. სქესთა ბუნებრივი რაოდენობრივი შეფარდება დარღვეულია საქართველოს რეგიონებშიც, განსაკუთრებით - კახეთში, ქვემო ქართლში, სამცხე ჯავახეთში; 2010-2014 წლების მონაცემებით ქვემო ქართლში სქესთა რაოდენობრივი შეფარდება დაბადებისას 100 დაბადენულ გოგონაზე 113.8-ს აღწევს, ხოლო დაბადების რიგითობის მიხედვით - მესამე შვილზე ეს მაჩვენებელი 145-ია.  სტატისტიკის თანახმად, ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების 46% ბიჭს ამჯობინებს, 45%-სთვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო გოგონას ყოლას მხოლოდ 9% არჩევდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობას და მათ მობილიზებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ საზიანო პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) გლობალური პროგრამის  „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.