თქვენ აქ ხართ

19 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის საინფორმაციო კამპანიის „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. კამპანიის მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ სამართალდამცავებისთვის დროული შეტყობინება. 

კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ხელმძღვანელმა, ნინა ხატისკაცმა.

საინფორმაციო კამპანია ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად თემატური შეხვედრები გამართეს თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან.

კამპანიის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ხასიათის რამდენიმე ვიდეორგოლი, რომელთა მთავარ გზავნილს წარმოადგენდა სხვადასხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნებასა და უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობაზე ხაზგასმა.

ასევე დაიბეჭდა მიზნობრივი ბუკლეტები და პოსტერები ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, რომლებიც კამპანიის მიმდინარეობისას მიეწოდათ სკოლის ადმინისტრაციულ წარმომადგენლობებსა და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს/პირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ განახორციელა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კამპანიას მხარს უჭერდა ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი, არბაითერ - სამარიტერ - ბუნდი(ASB) და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელები.