თქვენ აქ ხართ

“ქალს საქართველოში, სამწუხაროდ, ბევრი მარწუხი აქვს ოჯახური ტრადიციებიდან გამომდინარე და შშმ ქალს - უფრო მეტი”, ამბობს 36 წლის დეა ერემაშვილი, 13 წლის დემეტრეს დედა და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი. 

დეა ბათუმში ცხოვრობს, შშმ პირების უფლებებს იცავს და მათ შესაძლებლობების რეალიზებაში ეხმარება. უნივერსიტეტშიც იმიტომ ჩააბარა, რომ, როგორც იურისტმა, თავად დაიცვას შშმ პირების უფლებები სასამართლოში. 

“შეზღუდული შესაძლებლობის ქალები გამოწვევების წინაშე დგანან, რადგან, სამწუხაროდ, ოჯახები არ აქცევენ სათანადო ყურადღებას მათ განათლებას. სტატისტიკურადაც, ბევრად უფრო ნაკლები ქალია, ვინც სკოლა დაამთავრა; დაოჯახების პროცენტსაც რომ შევხედოთ, შშმ კაცები უფრო ხშირად ოჯახდებიან, ვიდრე ქალები,” ამბობს დეა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შშმ პირებისთვის გაანთლების მიღება ყველა დონეზე უფასოა, იმ შშმ პირებს შორის, ვინც სკოლა დაამთავრა, ბევრად ნაკლები ქალია.

“ერთ-ერთი მოტივაცია, რატომაც ჩავაბარე [უნივერსიტეტში] ისიც იყო, რომ 20-25 წლის გოგოებისთვის მიმეცა მაგალითი.”
 

A close up of a woman, named Dea Eremashvili, wearing green suit with white texts
დეა ერემაშვილი. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA​

A close up of a woman, named Dea Eremashvili, wearing green suit with white texts
დეა ერემაშვილი. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

დეას ბავშვობიდან ცერებრალური დამბლა აქვს, რაც მის შემთხვევაში მობილობის შეზღუდვაში გამოიხატება. როგორც იხსენებს, მის ორსულობას “შოკირებული სახეებით” შეხვდნენ, მათ შორის, ექიმებიც: “როგორ გავბედე და რატომ ვაჩენ და, რომ სჯობს მოვიშორო იმიტომ, რომ ჯანმრთელი არ მეყოლება.” მის ოჯახის წევრებს კი უპასუხისმგებლოებს უწოდებდნენ, რადგან მისცეს უფლება, რომ ბავშვი გაეჩინა.

“ყოველ დღე გარეთ გავდიოდი, არც ტოქსიკოზი მქონდა, საერთოდ არანაირი პრობლემა ან გართულება არ მქონია. დავდიოდი გეგმიურ ექოსკოპიაზე, რომ მენახა ბავშვი როგორ იზრდებოდა და რამე პრობლემა ხომ არ ჰქონდა”, ამბობს დეა და დასძენს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროპაში მნიშვნელოვანი წინსვლა აღინიშნება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, თუმცა მილიონობით ადამიანი, განსაკუთრებით კი, ქალები სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფიდან, კვლავაც ვერ სარგებლობს საკუთარი უფლებებითა და არჩევანის თავისუფლებით და მიღწევების მიღმა რჩებიან.

რეპროდუქციული ასაკის ყოველი ოთხი ქალიდან ერთი ვერ სარგებლობს საკუთარი სხეულისა და ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებით. შშმ ქალები და გოგოები კი 10-ჯერ უფრო ხშირად ხდებიან გენდერული ნიშნით ძალადობის - მათ შორის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. 

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორის, ფლორენს ბაუერის თქმით, „ამ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, ჩვენ უნდა დავასრულოთ ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებული დისკრიმინაცია, რომლის სამიზნესაც წარმოადგენენ ქალები და სხვა დაუცველი ჯგუფები, და უნდა ვებრძოლოთ იმ სტერეოტიპებს, მიკერძოებულ შეხედულებებსა და სტიგმას, რომლებიც ამგვარი დისკრიმინაციის საფუძველს ქმნის.”  

“როდესაც ქალებს ეზღუდებათ წვდომა მათთვის აუცილებელ ჯანდაცვის სერვისებზე, მათი ოჯახები და თემები ზარალდება. როდესაც სისტემური თუ სტრუქტურული ბარიერები ან სოციალური სტიგმა ხელს უშლის ქალებს თავიანთი პოტენციალის რეალიზებაში, ეს უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე,” აღნიშნავს ის. 

A woman, named Mzevinar Iremadze is sitting in a disability chair. She is wearing red closes and a red scarf on her head.
მზევინარ ირემაძე. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

რეწვის ოსტატი, 41 წლის მზევინარ ირემაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში ცხოვრობს, ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე, სადაც ადრეულ გაზაფხულზე ჯერ კიდევ დიდთოვლობაა. 

“ეტლით მოსარგებლისთვის სოფელში ცხოვრება ძალიან ძნელია. ჩემი გადაადგილება ხდება ძმის და ბიძაშვილების მხარდაჭერით. მანქანით მატარებენ ხოლმე, თორემ ზამთრის პირობებში სულ აქ, სახლში მომიწევდა ყოფნა. მათი დახმარებით ყველაგან დავდივარ, სადაც მიმიწვევენ,” ამბობს ის და დასძენს, რომ:

“ქალაქშიც არ არის ადაპტირებული გარემო. ქუჩებში, სადაც ადაპტირებული გადასასვლელია, მანქანები დგას. არავითარი პირობები არაა ეტლით მოსარგებლეებისთვის. დიდი ბრძოლა გვიწევს და ვისაც ამის მოტივაცია არ აქვს, არის სახლში გამოკეტილი.”

2017 წელს, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ მზევინარს და სხვა ოსტატებს მისცა შესაძლებლობა, გაცნობოდნენ ადგილობრივ მუზეუმებში დაცულ ნამუშევრებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, თანამედროვე დიზაინის ტენდენციებს და შეექმნათ განახლებული კოლექციები.

2021 წელს კი “კარიტასის” დახმარებით, მზევინარმა სამკერვალო გახსნა და ადგილობრივი ქალები შემოიკრიბა. ქალები ტრადიციულ აჭარულ ხელნაკეთ ნივთებსა და ნაქსოვ-ნაქარგებს ამზადებენ:

“ხელსაქმე ადრეული ბავშვობიდან ვიცოდი. აქ თითქმის ყველა ქარგავს და ქსოვს.”

A woman, wearing red clothes and a red scarf on her head is sewing on a blue textile
მზევინარ ირემაძე. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

Close up to the hands of a woman sewing on a blue textile
მზევინარ ირემაძე. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

 მზევინარი სოფელში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არ არის. სკოლა დაამთავრა და ცეკვავდა კიდეც, მაგრამ უნივერსიტეტში რომ უნდოდა შესვლა, ნელ-ნელა დააკლდა სიარულის უნარი ნერვოპათიის, კუნთის მოდუნების დიაგნოზით:

“ამის გამო ვეღარ ვისწავლე, აქ გაჩერდა ჩემი სწავლა-განათლება… ისეთი დიაგნოზია, არ იკურნება. უცხოეთში წავსლის და მკურნალობის შესაძლებლობა არ მქონდა. რომ შემეძლოს წავიდოდი.”

მისი თქმით, საკუთარი ცხოვრებით რომ იცხოვროს ეტლით მოსარგებლემ, ასისტენტი უნდა ჰყავდეს, რომ გააკეთოს ყველაფერი რაც უნდა და არ იყოს სხვაზე დამოკიდებული.

“არც ერთ სურვილსა და ოცნებაზე არ უნდა თქვას ადამიანმა უარი, არასოდეს. და მას თუ ექნება მოტივაცია, რომ რამე გააკეთოს, რაც არ უნდა ბარიერები იყოს წინ, ყველაფრის გადალახვა შეუძლია.”

მზევინარს დეაც იცნობს, როგორც მიზანდასახულ ქალს, რომელიც, “მიუხედავად ბევრი წინაღობისა, მუდმივად მომღიმარი, პოზიტიური ადამიანია და ღიად ლაპარაკობს თავის პრობლემებზე.” 

“მისმა მიზანდასახულობამ მთელ ღორჯომს მისცა სტიმული, რომ რაღაცები შეეცვალათ. ძალიან კარგი, სამაგალითო ქალია ბევრისთვის. იქ იყო და ამდენი რამ შეძლო, ძალიან რთულია,” ამბობს დეა.

A woman, named Mzevinar Iremadze is wearing red closes and a red scarf on her head.
 მზევინარ ირემაძე. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

თავისი პროგრამების ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები სრულად იყოს დაცული და შშმ პირებს ჰქონდეთ შეუზღუდავი წვდომა ჯანმრთელობაზე, განათლებასა და იმ რესურსებსა თუ სერვისებზე, რაც სჭირდებათ ჯანმრთელი და უსაფრთხო ცხოვრებისთვის. 

როგორც მარიამ ბანძელაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ამბობს: 

“აუცილებელია, ხელი შევუწყოთ შშმ პირთა მონაწილეობას ყველა იმ საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც მათთანაა კავშირში. UNFPA-ს მანდატიდან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შშმ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები. იმისთვის, რომ თითოეულ მათგანს მიუწვდებოდეს ხელი საჭირო სერვისებზე და არცერთს არ მოუხდეს უარის თქმა საკუთარ სურვილებზე, ოცნებებსა და პოტენციალის რეალიზებაზე, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მთავარ აქტორთან. 2024 წლის ანგარიში მსოფლიო მოსახლოების მდგომარეობის შესახებ კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ იმ უთანასწორობების აღმოსაფხვრელად, რომელიც განსაკუთრებით აზარალებს შშმ ქალებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს.”
 

A woman, named Dea Eremashvili, is leaning on a window, looking at her shadow
დეა ერემაშვილი. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

A shadow of a woman, named Dea Eremashvili, seen through the window.
დეა ერემაშვილი. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, რაც შშმ ქალთა საჭიროებებს შეისწავლის, დეა ერემაშვილი ხელშესახებ ცვლილებებს ხედავს რეგიონში. “რომ ვიწყებდით ასე არ იყო, სანთლით ვეძებდით ადამიანებს… ვთვლი, თუ ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც შევცვალე უკეთესობისკენ, მაშინ ღირდა ჩემი მუშაობა”.

თუმცა იმისათვის, რომ მათი საჭიროებები დაკმაყოფილდეს, დეა თვლის, რომ მეტი შშმ პირი უდნა გამოვიდეს გარეთ, რომ საზოგადოებამ დაინახოს ისინი და თვითონ შშმ პირებმა უნდა დაიწყონ აქტიურად საუბარი:

“ქალებმა უნდა ვირწმუნოთ, რომ არ ვართ მეორეხარისხოვანი ადამიანები და ჩვენც იგივე როლი გვაკისრია დედამიწაზე, რაც კაცებს. ვისურვებდი, რომ სანამ ვიღაცას გავაკრიტიკებთ, ან არ გავითვალისწინებთ, ხშირად დავფიქრდეთ ან სხვა ადამიანების ტყავში ვცადოთ შესვლა და ისე დავფიქრდეთ. ნუ უგულებელვყოფთ ადამიანების საჭიროებებს. ვეცადოთ, გავიგოთ, რატომ ესაჭიროებათ.”