თქვენ აქ ხართ

ქვეყანაში, სადაც ადრეული ქორწინებების და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის ძალიან ცუდი მაჩვენებელია, ვფიქრობ, აუცილებელია ინოვაციური მეთოდების გამოყენება და ციფრული გამოსავალის პოვნა ქალთა და გოგონათა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამბობს ათინა ბრეგვაძე, აქტივისტი. ათინა ერთ-ერთია იმ 50 ახალგაზრდას შორის, რომელმაც ჰაკათონში The Future is Equal („მომავალი თანასწორია“) მონაწილეობა გადაწყვიტა.

სამდღიანმა ჰაკათონმა The Future is Equal აქტივისტები, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტები და გრაფიკული დიზაინერები ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო გააერთიანა, როგორიც არის გენდერული თანასწორობა, საზიანო პრაქტიკები (ბავშვთა/ადრეული ქორწინება, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა) და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და რეპროდუქციული უფლებები. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ორი დღის განმავლობაში გამოცდილი პროფესიონალების მენტორობით ემუშავათ ინოვაციურ ციფრულ გადაწყვეტილებებზე და საკუთარი წვლილი შეეტანათ გენდერული უთანასწორობით განპირობებული საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრაში. 


Photo credit: UNFPA Georgia/გელა ბედიანაშვილი

შეზღუდული დრო და შეუზღუდავი შესაძლებლობები იდეალური წინაპირობა აღმოჩნდა იდეების გენერირებისა და ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად. სამუშაო პროცესს განსაკუთრებით საინტერესოს ხდიდა გუნდების ასაკობრივი, პროფესიული და ეთნიკური მრავალფეროვება, რამაც თავიდანვე დიდი მოლოდინები შეუქმნა ღონისძიების ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს. 

„ჰაკათონი  "The Future Is Equal" ყველა სხვა ჰაკათონს შორის გამორჩეულია. მონაწილეთა შორის გვყავდა როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე ასაკოვანი ხალხი; გვყავდნენ დეველოპერები, დიზაინერები, გენდერის სპეციალისტები, ჟურნალისტები, ფილოსოფოსები, ინჟინრები და ა.შ.; თბილისის გარდა, წარმოდგენილი იყო 5 რეგიონი. სულ დარეგისტრირდა 143 ადამიანი, რომელთაგანაც ჰაკათონში მონაწილეობის საშუალება მიეცა 50-ს. მონაწილეთა ნაწილი, მთელი დღის მუშაობის შემდეგ, ღამითაც აგრძელებდა საკუთარ პროექტზე მუშაობას.” ლალი ცერცვაძე, პროექტის ხელმძღვანელი, ფორსეტი.


Photo credit: UNFPA Georgia/გელა ბედიანაშვილი

ღონისძიება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, ForSet-ის ორგანიზებით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით ჩატარდა. ჰაკათონი ნაწილია იმ მასშტაბური საადვოკაციო სამუშაოსი, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი გენდერული თანასწორობის მიღწევის, საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრისა და მოზარდებისა და ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული უფლებების დაცვის მიზნით ეწევა. 

„გენდერული უთანასწორობა და საზიანო პრაქტიკების არსებობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებისთვის. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი მუდმივად ეძებს ინოვაციურ გზებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება, მეტ ადამიანს მივწვდეთ და თითოეული მათგანი, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, არსებულ ვითარებაზე დავაფიქროთ. მიგვაჩნია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფამდე ინფორმაციის და სწორი გზავნილების მისატანად,“ ლელა ბაქრაძე, UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.


Photo credit: UNFPA Georgia/გელა ბედიანაშვილი

ღონისძიების დასკვნით ნაწილში ჟიურის წინაშე 11 ჯგუფი წარდგა, თითოულს განსაკუთრებული გზა ჰქონდა არჩეული თავისი სათქმელის აუდიტორიამდე მისატანად. წარდგენილ პროტოტიპებს შორის იყო  მულტიმედიური ამბავი, საკომუნიკაციო კამპანია, მონაცემთა ვიზუალიზაცია, თამაში, აპლიკაცია და სხვ. პირველი ადგილზე გასულმა მონაწილეებმა გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის თემაზე ინტერაქციული აპლიკაცია შექმნეს. 


ნინო ბაიაშვილი, UI დიზაინერი, გამარჯვებული ჯგუფის წევრი.
Photo credit: UNFPA Georgia/გელა ბედიანაშვილი

თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას გაძლევს შენი სათქმელი მიიტანო ყველასთან, განურჩევლად სქესისა, რეგიონისა, ასაკისა და სხვა მდგომარეობ დღევანდელ სამყაროში ეფექტურ ციფრულ პროდუქტს აქვს პოტენციალი გავრცელდეს ვირუსულად, რაც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ცნობიერების ასამღლებლად და ცვლილებების მოსახდენად. რაც მთავარია, ამ გზით პროცესში ჩავრთავთ ახალ თაობას, რომელიც, თავის მხრივ, ეხმარება წინა თაობას, შეიცვალოს მცდარი აზრი და წარმოდგენები.“  ნინო ბაიაშვილი, UI დიზაინერი, გამარჯვებული ჯგუფის წევრი.

ჰაკათონი კიდევ ერთი მაგალითია UNFPA-ის საქართველოს ოფისსა და კერძო სექტორს შორის წარმატებული თანამშრმლობის. ღონისძიებაზე გამარჯვებული გუნდებისთვის საჩუქრები კომპანია „სილქნეტმა“ და ელექტრონული წიგნების სახლმა „საბამ“ დააწესეს.

"მომავალი თანასწორია. თანასწორი გარემოსთვის და მომავლისთვის ზრუნვა მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის. ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლებაში წვლილის შეტანა ყველას შეუძლია. თანასწორი გარემოს ხელშეწყობა „სილქნეტისთვის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია როგორც გენდერული, ასევე ნებისმიერი სხვა ნიშნით. ეს აისახება დასაქმების კუთხით და ასევე, თანაბარი გარემოს შესაქმნელად მიმართული სხვადასხვა აქტივობების მხარდაჭერის კუთხითაც. სწორედ ამიტომ, მიიღო მონაწილეობა სილქნეტმა, როგორც მხარდამჭერმა, „Future is Equal“ გამართულ ჰაკათონში." ლიკა მეტრეველი, სილქნეტის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი. 


Photo credit: UNFPA Georgia/გელა ბედიანაშვილი

ჰაკათონი ჩატარდა UNFPA-ს გლობალური პროგრამის „გენდერული ნიშნით სქესის სქესის შერჩევისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისათვის“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და მიეძღვნა 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.