თქვენ აქ ხართ

24-26 ოქტომბერი, 2017 წელი. სასტუმრო „თბილისი მარიოტი“. 24-26 ოქტომბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა საერთაშორისო სემინარი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მართვის და კლინიკურ საკითხებზე.

სემინარი ჩაატარეს ირლანდიის ნაციონალური სკრინინგის ცენტრის და ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოს ასოციაციის ექსპერტებმა. ეს სემინარი ნაწილია უფრო ფართომასშტაბიანი თანამშრომლობისა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და თბილისის მერიას შორის, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამების მართვის და კლინიკური ხარისხის გაუმჯობესებას. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სერვისის მიმწოდებლები თბილისიდან, რომლებიც ჩართული არიან დაავადებათა სკრინინგის მუნიციპალური ქვეპროგრამის, კერძოდ, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის განხორციელების  პროცესში.

 

2016 წლის ოფიციალური ეპიდემიოლოგიური მონაცემების საფუძველზე, წინა წლებთან შედარებით, აღინიშნება საშვილოსნოს ყელის კიბოს ახალი შემთხვევების კლება. მაგრამ კიბოს წინარე დაავადებების და საშვილოსნოს  ყელის კიბოს  გამოვლენა ადრეულ სტადიაზე კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება სკრინინგის პროგრამებში მონაწილე მიზნობრივი პოპულაციის დაბალი მოცვის გამო, რომელიც 10%-ს არ აჭარბებს.  ეს ფაქტი არაორაზროვნად მიუთითებს ქვეყანაში ორგანიზებული სკრინინგის პროგრამების დანერგვის აუცილებლობაზე სკრინინგის პროგრამის ეფექტიანობის გასაზრდელად.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) სტრატეგიული და ტექნიკური რჩევებით ეხმარება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს „კიბოს სკრინინგის ეროვნული  პროგრამის“ და თბილისის მერიას - „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის“ განხორციელებაში; კერძოდ, საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის ელემენტების დანერგვის გზით თბილისსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

აღნიშნული სემინარი წვლილის შეიტანს საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის მოდელის დანერგვისა და სკრინინგის ეროვნული პროგრამის ხარისხიანი და ეფექტური  მართვის საქმეში. შესაძლებელია, არსებული მოდელი შემდგომში  გამოყენებული იქნას კიბოს სხვა ლოკალიზაციების ორგანიზებული სკრინინგის დანერგვისათვის.