თქვენ აქ ხართ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით #WePlayStrong საზაფხულო ბანაკი გაიმართა, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში ლაგოდეხის საფეხბურთო აკადემიამ უმასპინძლა. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი ბანაკის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო.
საზაფხულო ბანაკში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქალთა საფეხბურთო კლუბების წევრმა 15-წლამდე ასაკის 60-მა გოგონამ მიიღო. ერთი კვირის განმავლობაში გოგონები სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამით ცხოვრობდნენ. პროგრამის ფარგლებში გოგონებისთვის დაგეგმილი იყო სხვადასხვა სახის ვარჯიშები, ინტელექტუალური თამაშები, კინოჩვენებები და სხვა სახალისო და შემეცნებითი აქტივობები.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან. თანამშრომლობის ფარგლებში, პარტნიორების ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ გოგონების გაძლიერება და ფეხბურთში მათი ჩართულობის გაზრდა წარმოადგენს. UNFPA-ს მხარდაჭერით, ბანაკის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი გენდერული თანასწორობის, გენდერული სტერეოტიპების, ადრეული ქორწინების პრევენციის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე.


Photo credit: Georgian Football Federation

ბანაკს ესტუმრნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, UNFPA-ს პარტნიორი გიორგი კეკელიძე. გიორგი კეკელიძე ბანაკის მონაწილეებს გენდერული თანასწორობის იდაზე და მის მნიშვნელობაზე ესაუბრაშედგა ფოტოგრაფ დინა ოგანოვას გამოფენისგოგონები მომავლიდანჩვენება. ფოტოპროექტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან 16 წლამდე გოგონების ისტორიებს გვიამბობს როგორც ფოტოების, ასევე ტექსტების მეშვეობით. პროექტის მიზანია, საზოგადოებას ხაზგასმით დაანახოს, რომ თითოეულ გოგონას უნდა მიეცეს საშუალება, დაასრულოს განათლება და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ.


ლევან კობიაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 
ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი 
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

„სწორედ ასეთი პროექტები, როგორიც #WePlayStrong საზაფხულო ბანაკია,  გვაძლევს საშუალებას, გენდერული თანასწორობის იდეა რეალობად და თითოეული მოზარდი გოგონას ცხოვრების ნაწილად ვაქციოთ. მოხარული ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, ამ შესანიშნავი პროექტის პარტნიორები ვყოფილიყავით. დარწმუნებული ვართ, რომ ბანაკის თითოეული მონაწილე, შინ დაბრუნების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს თანატოლების გაძლიერებას და თავის წვლილს შეიტანს უფრო თანასწორი გარემოს შექმნაში,“ აღნიშნა ლელა ბაქრაძემ.
გოგონების საზაფხულო ბანაკი უეფას საკომუნიკაციო პროექტის #WePlayStrong Together-ის ფარგლებში გაიმართა. პროექტის მთავარი მიზანი სტერეოტიპების დანგრევა და გოგონების ფეხბურთში ჩართვაა.


ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია