თქვენ აქ ხართ

ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ორი სააგენტო, სამთავრობო სტრუქტურებსა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებთან ერთად, ექვს ქვეყანაში ახალ ინიციატივას იწყებს. მისი მიზანი ღრმად ფესვგადგმული გენდერული სტერეოტიპების დაძლევა, ოჯახური პასუხისმგებლობების განაწილება  და შვილებზე ზრუნვაში კაცების ჩართულობის გაზრდა და პოტენციურ მოძალადეებთან გენდერული ძალადობის პრევენციისთვის მუშაობაა.

სტამბოლი, 14 ივლისი, 2020 - ევროკავშირთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და გაეროს მოსახლეობის ფონდმა გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად სამწლიანი რეგიონული პროგრამა დაიწყეს. პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში - აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში განხორციელდება.

პროგრამა, რომლის სახელწოდებაა „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად,“ ოჯახსა და საზოგადოებაში კაცების და ქალების სტერეოტიპული როლების შესახებ შეხედულებების შეცვლას, გენდერული ძალადობის აღმოფხვრაზე მუშაობას და, საბოლოოდ, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

COVID-19-ის კრიზისის დროს გამოჩნდა, რომ ქალების არაანაზღაურებადი სამუშაო დატვირთვა გაიზარდა, გენდერული ძალადობის შემთხვევებმა კი ამ ექვს ქვეყანაში მოიმატა. ჩვენი პროგრამა სწორედ შესაფერის დროს იწყება და შესაძლებლობას გვაძლევს, ამ ტენდენციების წინააღმდეგ ვიმოქმედოთ. ყველა ჩვენგანმა ერთმანეთის მხარდამხარ უნდა იმუშაოს, რათა უფრო სამართლიანი, თანასწორი, უსაფრთხო და დაცული სამყარო შევქმნათ“, - აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა ალანა არმიტაჯმა.

„ეს ჩვენი პირველი რეგიონული პროგრამაა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში გენდერულ თანასწორობას შეეხება და ამით ძალიან ვამაყობთ. ჩვენ შეგვიძლია და ვიზრუნებთ კიდეც, რომ მეტი გავაკეთოთ, რათა ეს არასათანადოდ ათვისებული ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი აღმოსავლეთ მეზობლებთან ერთად განვავითაროთ. პანდემიის დასრულების შემდეგ ჩვენი შეთავაზება იქნება, რომ სამომავლოდ აღმოსავლეთის პარტნიორობა უფრო ინკლუზიური გახდეს“, - განაცხადა აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორმა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხების გენერალურ დირექტორატში ლოურენს მერედიტმა.

ამ სახის პროგრამა პირველად ხორციელდება და სიტუაციის სიღრმისეულ ანალიზსა და ექვსი ქვეყნის მთავრობებთან გამართული კონსულტაციების შედეგად მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება. პროგრამა სხვადასხვა სამთავრობო ორგანოს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების ჩართულობას ითვალისწინებს.

„პროგრამის წარმატებისთვის ექვს ქვეყანაში ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. ეს სამუშაო კიდევ უფრო გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ახლა, როცა COVID-19-ის კრიზისის პირობებში ცხადად გამოჩნდა, თუ რამდენად არათანაბრადაა გადანაწილებული ტრადიციულ გენდერულ სტერეოტიპებზე დამყარებული პასუხისმგებლობები“,- აღნიშნავს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ალია ელ-იასირი.

 

პროგრამის მიზანი ადამიანების ქცევის რეალური ცვლილების მიღწევაა. ის ეყრდნობა სტრატეგიებს, რომლებიც შემუშავებულია სტრუქტურული გენდერული ბარიერებისა და ნორმების დასაძლევად. აღნიშნული სტრატეგიები მიზნად ისახავს გენდერული სტერეოტიპებით მოტივირებული ქცევის ცვლილებას, კაცების ჩართულობის გაძლიერებას მშობლის საქმიანობასა და საოჯახო ვალდებულებების შესრულებაში, მათი ხელმისაწვდომობის გაზრდას დეკრეტულ შვებულებაზე, იმ ადამიანების რაოდენობის შემცირებას, რომლებსაც გენდერული ძალადობა გამოუცდით და პოტენციურ მოძალადეებთან პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.

 

პროგრამის ბიუჯეტი 7,875,000 ევროს შეადგენს და მისი საფუძველია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, ევროკავშირის გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმა: გოგოებისა და ქალების ცხოვრების ტრანსფორმაცია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების დახმარებით. ის უნიკალურ შესაძლებლობას უქმნის ევროკავშირსა და პროექტის ექვს მონაწილე ქვეყანას, რომ ზეგავლენა მოახდინონ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ სოციალურ დისკურსზე, აღქმებსა და პრაქტიკებზე. მისი საბოლოო მიზანი კი გენდერული თანასწორობისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაა.

 

ევროკავშირის (EU) შესახებ:

ევროკავშირი იმ 27 ქვეყანას აერთიანებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საკუთარი ნოუ-ჰაუ, რესურსები და ბედი ეტაპობრივად ერთმანეთს დაუკავშირონ. გაფართოების 50-წლიანი პერიოდის განმავლობაში, მათ სტაბილურობის, დემოკრატიისა და მდგრადი განვითარების იმგვარი სივრცე შექმნეს, სადაც შენარჩუნებულია კულტურული მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და ინდივიდუალური თავისუფლება. ევროკავშირს აღებული აქვს ვალდებულება, რომ საკუთარი მიღწევები და ფასეულობები საზღვრებს მიღმა, სხვა ქვეყნებსა და ერებსაც გაუზიაროს. უფრო მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდსhttps://europa.eu/european-union/.

 

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) შესახებ:

გაეროს მოსახლეობის ფონდი გლობალურ დონეზე სამი ტრანსფორმაციული მიზნის მისაღწევად მუშაობს. ეს მიზნები შეეხება სამყაროს შეცვლას ყველა კაცისთვის, ქალისა თუ ახალგაზრდისთვის და ისეთი საკითხების გადაჭრას გულისხმობს, როგორებიცაა ოჯახის დაგეგმვის საჭიროებების დაკმაყოფილება, დედათა სიკვდილიანობის თავიდან აცილებადი შემთხვევბის აღმოფხვრა, ასევე, გოგონათა და ქალთა მიმართ არსებული გენდერული ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების დასრულება. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გაეროს მოსახლეობის ფონდის მუშაობას კოორდინაციას უწევს რეგიონული ოფისი, რომელიც სტამბოლში მდებარეობს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://eeca.unfpa.org/en

 

გაეროს ქალთა ორგანიზაციის შესახებ (UN Women):

გაეროს ქალთა ორგანიზაცია გაეროს სააგენტოა, რომლის მიზანი გენდერული თანასწორობის მიღწევა და ქალთა გაძლიერებაა. გაეროს ქალთა ორგანიზაცია, რომელიც ქალებსა და გოგოებთან დაკავშირებული საკითხების თვალსაზრისით მსოფლიო ლიდერია, მათი საჭიროებების დაკმაყოფილების პროგრესის დასაჩქარებლად შეიქმნა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი სტამბოლში 2014 წელს გაიხსნა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://eca.unwomen.org/en.