თქვენ აქ ხართ

25 აპრილს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, კავშირი „21-ე საუკუნეს“ და UNFPA-ს პარტნიორობით, გაიმართა შეხვედრა -  „რელიგიათაშორისი დიალოგი ქალთა მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების პრევენციის თემაზე“.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო უახლესი კვლევების მონაცემები ქალთა მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დიალოგს რელიგიური გაერთიანებების როლისა და წვლილის შესახებ ქალთა მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრის საქმეში.

ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა და საზიანო პრაქტიკები საქართველოში კვლავ მნიშვნელოვნად გამოწვევად რჩება. საქართველოს ხელისუფლება აქტიურ პოლიტიკას ატარებს ქალის და გოგონას მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების პრევენციისა და აღმოფხვრისათვის.   ქვეყნის  უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უკვე შეიტანა ცვლილებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ქორწინების რეგისტრაციის  ასაკის 18 წლიდან განსაზღვრისათვის გამონაკლისების გარეშე; კრიმინალიზებულია ქალის/გოგონას გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა, სრულად მოქმედებს კანონი ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ.

პოლიტიკის და კანონმდებლობის გატარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია თემების და, მთლიანად, საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა ქალისა და გოგონას მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების მიმართ. ამ მხრივ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა რელიგიურ გაერთიანებებსაც შეუძლიათ.

კონფერენცია ნაწილია იმ ინიციატივისა, რომელიც UNFPA-სა და კავშირ ,,21-ე საუკუნეს’’ ეკუთვნით. UNFPA-მ და კავშირმა ,,21-ე საუკუნემ“ 2016 წლიდან წამოიწყეს პარტნიორობა ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციისათვის რელიგიური გაერთიანებების მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ამ პარტნიორობის ფარგლებში ხელი შეეწყო რელიგიათაშორისი საბჭოს ეგიდით გამართულ ფორუმებს, ასევე  სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთან თანამშრომლობით ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივ რელიგიურ სასულიერო პირებთან კახეთში  ადრეული ქორწინების და ქალის გენიტალიების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკის პრობლემატიკის და მათი პრევენციის საკითხებზე. 2017 წელს გამართულ კონფერენციაზე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიერ მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი ოფიციალური განცხადება, რომელიც მოუწოდებს მუსლიმ სასულიერო ლიდერებს ხელი შეუწყონ ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ქალთა გენიტალიების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრას, რომელიც ზიანის მომტანია გოგონებისთვის, მათი ოჯახების, თემებისათვის და მთლიანად საზოგადოებისათვის, და აფერხებს ქვეყნის მდგრად განვითარებას.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს  რელიგიათაშორისი საბჭოს წევრები, ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.