სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, „ლოკომოტივსა“ და UNFPA-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

30 მაისი 2018

2018 წლის 30 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივსა“ და UNFPA - გაეროს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სააგენტოს (UNFPA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, „ლოკომოტივის“ ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა და UNFPA-ს წარმომადგენელმა თურქეთში და საქართველოს ოფისის დირექტორმა, კარლ კულესამ.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი თანამშრომლობა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: მამაკაცების ჩართულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის მისაღწევად და  გოგონების ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობას მოზარდი გოგონების გაძლიერებისათვის .

ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „ლოკომოტივის“ ხელშეწყობით, ფეხბურთელები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ UNFPA-ს ისეთ აქტივობებში, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანაწორობის იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცების ჩართულობის გაზრდას კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, ახალგაზრდების გაძლიერებას და მათი პოტენციალის რეალიზებას.

თანამშრომლობა ითვალისწინებს ფეხბურთში გოგონების ჩართულობის წახალისებას, სპორტში თანასწორობის დამკვიდრების ხელშეწყობას და მოზარდი გოგონებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. ასევე, მწვრთნელებისთვის, მსაჯებისა და მოთამაშეებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას UNFPA-ს მიერ დანერგილი და აპრობირებული მეთოდოლოგიების გამოყენებით, მათი გენდერული სენსიტიურობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების გზით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივსა“ და UNFPA-ს შორის თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო. ერთობლივი ძალისხმევით, 2017 წელს ჩატარდა „მამების თასი“, ხოლო 2018 წლის მაისში „ეროვნული ლიგის“ ფეხბურთელები შეუერთდნენ კამპანიას „კაცები ზრუნავენ“, რომელიც ხორციელდება UNFPA-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის ფინანასური ხელშეწყობით.