სიახლეები

მტკიცებულებებიდან პოლიტიკასა და ქმედებამდე: ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების/კვეთის საზიანო პრაქტიკებს კონფერენცია მიეძღვნა

19 აპრილი 2018

19 აპრილს, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის (შვედეთის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) პარტნიორობით, კონფერენცია „მტკიცებულებებიდან პოლიტიკასა და ქმედებამდე - ადრეულ/ბავშვთა ასაკში ქორწინებისა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკები“ გაიმართა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 2017 წელს ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და  ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების / კვეთის საზიანო პრაქტიკების შესახებ ჩატარებული თვისებრივი კვლევის შედეგები. კვლევა განხორციელდა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ Promundo-US-თან თანამშრომლობით და გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით.  ის მიზნად ისახავდა ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების/კვეთის საზიანო პრაქტიკებთან  დაკავშირებული დამოკიდებულებების, შეხედულებებისა და სხვადასხვა პრაქტიკის შესწავლას, ასევე რისკების, დამცავი და ხელშემწყობი ფაქტორების გამოვლენას საქართველოს კონტექსტში.

არსებული მონაცემებით, 20-24 წლის ასაკის ქალთა 14 პროცენტი აღნიშნავს, რომ ოჯახი 18 წლის ასაკამდე შექმნა  (2010). საქართველოში არსებული ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია კი მედიაში 2016 წლის ნოემბერში გამოჩნდა. ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება მძიმედ აისახება როგორც გოგონების, ასევე ბიჭების ცხოვრებაზე. თუმცა მას გენდერული განზომილება აქვს, რადგან განსაკუთრებულად მავნე გავლენას ადრეული ქორწინება გოგონებზე ახდენს, რომლებსაც ეზღუდებათ  მათი უფლების განხორციელების და საკუთარი პოტენციალის სრულად განვითარების შესაძლებლობა. თვისებრივი კვლევის ჩატარება სწორედ ამ პრაქტიკების მავნე ზეგავლენის გათვალისწინებით გახდა საჭირო, რათა შესაბამისად დაიგეგმოს სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან გასატარებელი საპასუხო ზომები.

თვისებრივმა კვლევამ ცხადყო, რომ:

  • ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება გავრცელებული მოვლენაა მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქის - თბილისის - ჩათვლით,  ის ასევე გვხვდება სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების თემებში;
  • მოზარდობის ასაკში ორსულობა საფრთხეს უქმნის გოგონას უფლებებს, ჯანმრთელობას, განათლებას, მისი პოტენციალის განვითრებას და ართმევს მას უკეთესი მომავლის შანსს ;
  • ადრეულ/ბავშვობის ასაკში დაქორწინებული გოგონები, ბიჭებისგან განსხვავებით,  რჩებიან განათლების, დასაქმების პერსპექტივისა და სოციალური კავშირების გარეშე;
  • გოგონებისთვის ქორწინებამდე სექსუალური კავშირი არ მიიჩნევა მისაღებად და ამიტომ მოზარდებისთვის ერთადერთ ალტერნატივად ოჯახის შექმნა რჩება;
  • მიიჩნევა, რომ დაქორწინებული მოზარდი გოგონასთვის, ოჯახის ყოლასთან ერთად, განათლების მიღება შეუთავსებელია;
  • ადრეული ქორწინების შემთხვევაში, გოგონას მოვალეობად ოჯახისა და ბავშვის მოვლა მიიჩნევა. ოჯახის ფინანსების განკარგვის, გოგონას განათლების გაგრძელების და ოჯახის დეგეგმვის შესახებ გადაწყვეტილებებს კი ქმარი და ქმრის მშობლები იღებენ.

კონფერენციის მიზანი იყო ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და  ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების/კვეთის საზიანო პრაქტიკების კვლევის მიგნებებისა და რეკომენდაციების წარდგენა და პრობლემის ირგვლივ არსებული დამოკიდებულებების და იმ მავნე შედეგების განხილვა, რომელიც მოზარდების/ახალგაზრდების, ოჯახების, თემების და საზოგადოების წინაშე დგას. მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა და ოპერაციული რეკომენდაციები საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მხარეებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად გაატარონ სათანადო ზომები პოლიტიკაში, სტრატეგიებსა და ეროვნულ გეგმებში  და გამოყონ რესურსები არსებული პოლიტიკის განხორციელებისთვის მავნე პრაქტიკის აღმოსაფხვრელად და ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

კონფერენციას დაესწრნენ: გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სახალხო დამცველის ოფისის, UNFPA, UNICEF, არასამთავრობო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.