თქვენ აქ ხართ

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის We Care ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, მამის დღე, 19 ივნისი, საქართველოში წელს მესამედ აღინიშნა.

მამის დღის ცენტრალური ღონისძიება 19 ივნისს, თბილისში, „მზიურის“ სცენაზე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს სპეკტაკლი “შოუ ზღაპართა ქვეყანაში”. „მზიურის“ სტუმარმა ბავშვებმა და მშობლებმა შემეცნებით და გასართობებ თამაშებშიც მიიღეს მონაწილეობა.

ასევე, მამის დღის აღსანიშნავად ღონისძიებები თელავსა და ზუგდიდშიც ჩატარდა. მწერალმა ტორესა მოსიმ თელავში, წიგნის მაღაზია “ბიბლუსში” გამართა  მკითხველთან შეხვედრას, სადაც წაიკითხა ალექსანდრე ლორთქიფანიძის წიგნი “იავნანა ლილისთვის”, ხოლო ზუგდიდში, ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზში, მწერალი ზვიად კვარაცხელია იმავე წიგნით შეხვდა მკითხველს. „იავნანა ლილისთვის“ გასულ წელს, კამპანიის “კაცები ზრუნავენ” ფარგლებში გამოიცა.

მამის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ სახელმწიფო უწყებები და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ ინიციატივით, 17 ივნისს „დინამოს“ სტადიონზე დაგეგმილი თამაშის მონაწილე ფეხბურთელები, მამის დღისა და გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად, სპეციალური მაისურებითა და ბანერით გამოვიდნენ. 

მამის დღისთვის განსაკუთრებულად მოემზადნენ კამპანიის პარტნიორი კერძო კომპანიებიც. მათ მომხმარებელს საგანგებო აქტივობები, აქციები და ფასდაკლებები შესთავაზეს.

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში მამის დღის აღნიშვნა ნაწილია იმ მასშტაბური ინიციატივისა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის. მამის დღის დაწესება და აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ხაზი გაესვას ბავშვების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის მნიშვნელობას.

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას, და ამ გზით - ქალების სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობას და საზოგადოების გაძლიერებას. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ მიმდინარეობს გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.