სიახლეები

გენდერული თანასწორობის გაძლიერებისათვის ქვემო ქართლში საკომუნიკაციო კამპანია დაიწყო

28 ნოემბერი 2017

27 ნოემბერს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა უმასპინძლეს ღონისძიებას, რომელიც ქვემო ქართლში დაგეგმილი საკომუნიკაციო კამპანიის დაწყებას უკავშირდება. საკომუნიკაციო კამპანია ვაჟიშვილისათვის უპირატესობის მინიჭების პრევენციასა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ნაწილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გლობალურ პროგრამისა “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის”, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ საქართველოსა და ხუთ სხვა ქვეყანაში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბანგლადეშში, ნეპალში და ვიეტნამში მიმდინარეობს. პროგრამის მიზანია წვლილი შეიტანოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკისა და პროგრამების განვითარებაში, რომელიც მიმართულია ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევისაკენ და, ამგვარად, ამ საზიანო პრაქტიკის პრევენციას შეუწყობს ხელს.

კამპანიის პრეზენტაციას დაესწრნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის, ევროკავშირის დელეგაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნა დინა ოგანოვას დოკუმენტური ფოტოპროექტი „გოგონა დაიბადა“. ფოტოპროექტი თბილისში, კახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები იმ ოჯახების შესახებ გვიამბობს, რომელთაც მხოლოდ გოგონები ჰყავთ. ფოტოპროექტის მიზანია აამაღლოს ცნობიერება ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭების და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკის უარყოფითი შედეგების შესახებ და ხაზი გაუსვას გოგონებისა და ვაჟების, როგორც შვილების, უფლებრივ თანასწორობას, მათ მიმართ თანაბარი დამოკიდებულების აუცილებლობას, მათი შესაძლებლობების ერთნაირად რეალიზების საჭიროებას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ოჯახის, ისე საზოგადოების ჰარმონიული განვითარებისათვის. ფოტოპროექტი შეიქმნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით; მისი პირველი ნაწილი - შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული „გენდერული თანასწორობისთვის“ გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, ხოლო მეორე ნაწილი - გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) გლობალური პროგრამის  „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა 1990-იანი წლებიდან საქართველოსთვის, ისევე, როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ზოგიერთი სხვა ქვეყნებისთვის ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს და კვლავაც რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. ქვეყნები, სადაც აღნიშნული პრაქტიკაა გავრცელებული, დაბადებისას სქესთა დარღვეული თანაფარდობით ხასიათდებიან ბიჭების რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის ხარჯზე, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება მომავალ თაობებზე და მოსახლეობის დემოგრაფიულ დინამიკაზე. პატრიარქალური სტრუქტურები საზოგადოებაში ვაჟიშვილისთვის უპირატესობის მინიჭების განწყობას განაპირობებს და ამგვარად, გოგონებისა და ქალების  მიმართ დისკრიმინაციას უწყობს ხელს. ამ პრაქტიკის გავრცელებას ასევე ხელი შეუწყო სწრაფმა ტექნოლოგიურმა პროგრესმა, რომელიც ნაყოფის სქესის დადგენის საშუალებას იძლევა და გასული საუკუნის 90-იანი წლებში შემცირებულმა შობადობამ.

გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა ბიჭების სასარგებლოდ გოგონების და ქალების მიმართ სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ უთანასწორობაზე მიუთითებს და საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმულ გენდერულ უთანასწორობაზე მეტყველებს.

დაგეგმილი საკომუნიკაციო კამპანია ნაწილია იმ მასშტაბური სამუშაოსი, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი რეპროდუქციული უფლებების და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და საზიანო პრაქტიკების პრევენციის მიზნით ეწევა. გლობალური პროგრამის ფარგლებში საკომუნიკაციო კამპანიის სამიზნე რეგიონად ქვემო ქართლი შეირჩა, ამ რეგიონში დაბადებისას სქესთა შორის რაოდენობრივი თანაფარდობის მკვეთრად გამოხატული გადახრიდან გამომდინარე - ბიჭების ხარჯზე (2010-2016: 113.2 ქვემო ქართლში, 108 – საქართველოში, 105-106 – ბიოლოგიური ნორმა).

კამპანია გლობალური პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელთან და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ევროკავშირის დაფინანსებით.