სიახლეები

ახალგაზრდები საქართველოში - როგორ მივხვდეთ რომ მივდივართ წინ, და არა უკან

10 აგვისტო 2018

ყარაჯალა, რომელიც კახეთში, თელავის რაიონში მდებარეობს, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელია. აქ სკოლა ყველაფერია და დირექტორის აქტიური ძალისხმევით, ის თეატრის, კინოს და კულტურული სახლის როლს კლასგარეშე საქმიანობებით ითავსებს.

ელზა აშიროვა 12 წელია ამ სკოლის დირექტორია;  ამ ხნის განმავლობაში სკოლა დირექტორთან ერთად ბევრ გამოწვევას შეეჭიდა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ენობრივი ბარიერის გადალახვა და ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა აღმოჩნდა. ამას წლები, ახალგაზრდების მონდომება და მშობლების აქტიური ჩართულობა დასჭირდა.


ელზა აშიროვა, ყარაჯალას საჯარო სკოლის დირექტორი.
ფოტო: UNFPA/დინა ოგანოვა

სოფლის ახალგაზრდებზე საუბრისას,  ელზა მშობლებსაც გულისხმობს, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, „ადრე თემში გავრცელებული ადრეული ქორწინების პრაქტიკის გამო ბევრი ახალგაზრდა უკვე მშობელია“,  თუმცა პროგრესი ამ მიმართულებითაც შეინიშნება. წელს მხოლოდ ორჯერ დაიგეგმა ქორწილი, სადაც პატარძალი არასრულწლოვანი იყო, თუმცა ელზამ, სოციალური მუშაკების დახმარებით, ორივე ქორწინების თავიდან არიდება შეძლო. ადრეული ქორწინების საზიანო შედეგების შესახებ თვითონ ახლაგაზრდებმაც ბევრი იციან, ისინი ინფორმაციას სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე და სამოქალაქო კლუბის ბაზაზე იღებენ, რაშიც გაეროს მოსახლეობის ფონდსაც მიუძღვის წვლილი.

2017 წელს ქვეყანაში ფორმალური, არაფორმალური და პროფესიული განათლების გაძლიერებისა და დახვეწის მიზნით UNFPA-სა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. სწორედ ამ მემორანდუმის საფუძველზე, 2018 წლიდან შესაძლებელი გახდა გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების,  აივ/შიდსის  და სქესობრივად გადამდები დაავადებების შესახებ თანასწორთა განათლების ტრენინგების, როგორც კლასგარეშე საქმიანობის, სასკოლო სივრცეში ინტეგრირება. აღიშნული ტრენინგი საქართველოს 14 სკოლაში, მათ შორის, ყარაჯალას სკოლაში, უკვე მიმდინარეობს. ასევე თემატურად გადაიხედა და განახლდა დაწყებითი და საბაზისო  საფეხურების (I-VI და VII-IX კლასების) ბიოლოგიის საგნის სწავლების სტანდარტები. კომპლექსურად განხორციელებულმა ღონისძიებებმა ეს, ხშირ შემთხვევაში ტაბუდადებული, თუმცა მოზარდებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ახალგაზრდებისთვის ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახადა.  ეს კი ახალგაზრდების მეტ გაცნობიერებას შეუწყობს ხელს და საშუალებას მისცემს მათ  მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები თავიანთი ცხოვრების, ჯანმრთელობის და მომავლის შესახებ.

 „იმის იმედი მაქვს რომ მომავალში, ყარაჯალას სკოლის არცერთ დირექტორს და მასწავლებელს ბავშვებთან მუშაობაში ხელი არ შეეშლება იმ მიზეზით, რომ მშობელი შვილს ვერ ეხმარება ენეობრივი ბარიერის გამო, და რომ მშობელი ადრე ათხოვებს შვილს უცოდინარობით... მჯერა, რომ ჩემს შემდეგ, მომავალ თაობას ეყოლება ძალიან კარგი მშობლები, რომლებთანაც მარტივი იქნება კომუნიკაციის დამყარება და საერთო ენის გამონახვა.“ ამბობს ელზა.


სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის გოგონათა ფრენბურთის გუნდი.
სპორტული აქტივობები მოზარდ გოგონებს ინტეგრაციაში, ენის უკეთ ათვისებაში და ახალი  მეგობრების შეძენაში ეხმარება.
ფოტო: UNFPA/დინა ოგანოვა

 

ალენდა თანასწორგანმანათლებელია. ის ყარაჯალას სკოლაში სწავლობს და თანასწორთა განათლების ტრენინგში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა. მსგავსი ტრენინგი თანატოლებს უკვე ორჯერ ჩაუტარა. „ტრენინგზე არამხოლოდ თეორიული, არამედ ცხოვრებისეული ცოდნაც მივიღეთ.. ეს ჩემთვის პირველი ტრენინგი იყო, აღფრთოვანებული დავრჩი, ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე, რაც ყველაზე მთავარია, გაკვეთილებისგან განსხვავებით, ტრენინგი დიდხანს გვამახსოვრდება.“


ალენდა ბახტიაროვა, 16 წლის.
ფოტო: UNFPA/დინა ოგანოვა

ალენდას სურვილი მარტივია, მას სოფელში უფრო მეტი თავისუფლება უნდა, ტრენინგში ჩართვის მოტივაციაც სწორედ ეს იყო: „ბევრი ახალგაზრდა ვერ აკეთებს იმას, რაც სურს. ხშირად მშობლები უშლიან, ან შესაძლებლობა არ აქვთ... გოგონებს მარტო თავისუფლად სიარული არ შეუძლიათ, მათ უმეტესობას ტელეფონიც არ აქვს. ამ ყველაფრის ფონზე კი ძალიან მახარებს ის, რომ ტრენინგებს ძირითადად მაინც გოგონები ესწრებიან, ეს მარწმუნებს იმაში, რომ წინ მივდივართ და არა უკან.“

„მე მინდა რომ ბავშვის ექიმი გავხდე, ძალიან მინდა. მხოლოდ ამის შემდეგ ვაპირებ ოჯახის შექმნას, მიხარია, რომ ჩემს მშობლებს მოსწონთ ჩემი არჩევანი, მათი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშველოვანია, განათლების მისაღებად თბილისში წავალ, შემდეგ კი ისევ ჩვენს სოფელში დავბრუნდები, რატომ არ უნდა გვყავდეს ექიმი ჩვენი თემიდან? უნდა გვყავდეს.“

 


კახა დავითაშვილი, 16 წლის.
ფოტო: UNFPA/დინა ოგანოვა

კახაც თანასწორგანმანათლებელი და, როგორც თვითონ ამბობს, მომავალი ბიოქიმიკოსია. ის თელავში ცხოვრობს, ქალაქში, რომლისგანაც ალენდას სოფელი, ყარაჯალა, 3,5 კილომეტრითაა დაშორებული. კახასთვის მოხალისეობა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თანასწორთა განათლების ტრენინგშიც ცოდნის მისაღებად და შემდგომ ამ ცოდნის სხვებისთვის გაზიარების მიზნით ჩაერთო. „ჩვენთან, თელავში, თითქოს ყველას აქვს ინფორმაცია გენდერული თანასწორობის შესახებ, მაგრამ ეს ცოდნა ზედაპირულია, თითქოს გაუაზრებელი, უფრო მეტი თვალსაჩინო მაგალითი გვჭირდება, უკეთესი კომუნიკაცია, უფრო ნათლად უნდა დავანახოთ ხალხს გენდერული თანასწორობის უპირატესობები, ამაში კი ჩვენი, ახალგაზრდების როლი განუზომლად დიდია.“

კახა თვლის, რომ ახალგაზრდების გასაძლიერებლად აუცილებელია მათი ხელშეწყობა და მიზნების მიღწევაში დახმარება, განურჩევლად მათი ინტერესებისა.

„სტარტაპების მაგალითს განვიხილავ, ბევრს ვიცნობ ვისაც აქვს იდეა და აპირებს განხორციელებას, თუმცა იდეიდან განორციელებალმდე გრძელი გზაა, კარგად უნდა იმუშაონ, ცოდნა და გამოცდილება მიიღონ, ისწავლონ, როგორ მოიპოვო გრანტი, დაწერონ პროექტი, ასევე საჭიროა სოციალური კავშირებიც, ამ ყველაფერს კი ხელშემწყობი გარემო სჭირდება.“

ალენდას და კახას წარამტების ისტორია იმ 18,000-მდე ახალგაზრდას ისტორიებს შორისაა, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდი 2012 წლიდან დღემდე მისწვდა ისეთი ინოვაციური ინიციატივების დახმარებით, როგორიცაა თანასწორთა განათლების ტრენინგები, ახალგაზრდული ფორუმები, ახალგაზრდული ფესტივალები, საინფორმაციო შეხვედრები და სხვ. ეს ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდებს სრულად აღიქვან და აითვისონ მათ გარშემო არსებული სიბრძნე,  გახდნენ პროფესიონალები, ნოვატორები, მზრუნველი მშობლები და პარტნიორები, ან სხვა მნიშვნელოვანი როლი შეითავსონ, და თითოეულმა მათგანმა, თავისი ცხოვრებით და საქმიანობით, წარმატებული და დინამიურად განვითარებადი საზოგადოების შექმნას შეუწყოს ხელი, განსაზღვროს თავისი საზოგადოების და იმ სამყაროს მომავალი, რომელშიც ჩვენ, ყველანი, ერთად ვცხოვრობთ.